LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გაურბიან ადამიანები რეალობას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

170

გადაცემის ლაივი LIVE

რეალობაში ყოფნის ფსიქოლოგიური განცდა ჩნდება მაშინ,  როდესაც ადამიანი გამოხატავს ღიაობას და მზაობას საკუთარი ემოციით, აზრითა თუ ქმედებით, მიიღოს და პასუხისმგებლობა აიღოს ცხოვრების მოცემულობაზე, იყოს ქმედითი და პროდუქტიული საკუთარი თავის თვითგამოხატვის პროცესში. რატომ გაურბიან ადამიანები რეალობას – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი სოფო მახარაძე.

რატომ გაურბიან ადამიანები რეალობას?

თვითგამოხატვა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური აქტი, სადაც ადამიანის აზრობრივ-ემოციონალური და ქცევითი ვექტორი მიმართულია საკუთარ თავში შესაძლებლობების სახით არსებული ადამიანური არსის ანუ ადამიანური ბუნების გამოხატვისკენ, რომელიც ყოველთვის ვლინდება რეალურ საჭიროებებთან და აუცილებლობებთან მიმართებაში და ადამიანში იწვევს საზრისით და არსით სავსე ცხოვრების ფსიქოლოგიურ განცდას. ეს განცდა ჩნდებაა მაშინ, როდესაც იგი იღებს რეალობას და მოქმედებს ამ რეალობის შესაბამისად. მიმღებლობისა და აქტიური ჩართულობის პოზიციით კი, იგი გამოხატავს საკუთარ თავს.

რეალობიდან გაქცევის იმპულსი ადამიანის ფსიქიკაში აღმოცენდება მაშინ, როდესაც ადამიანს არაადეკვატური თვითშეფასების გამო, შესატყვისობაში ვერ მოჰყავს საკუთარი შესაძლებლობები რეალობის მოთხოვნებთან. ადეკვატური თვითშეფასების შემთხვევაში, ადამიანი სწორად და მართებულად განარჩევს შესაძლებელს შეუძლებელისგან, არსებითს არაარსებითისგან, იღებს პასუხისმგებლობას არსებულ მოცემულობაზე და მოქმედებს ამ მოცემულობის ფარგლებში. პასუხისმგებლობის აღება გულისხმობს არსებული რეალობის გაცნობიერების აუცილებლობის ფაქტის აღიარებას და მისი გამკლავებისა თუ მოგვარებისთვის, საკუთარ თავში შესაძლებლობის სახით  არსებული რესურსების ამოქმედებას რეალობის მოთხოვნების შესაბამისად – კანონზომიერად მივიღო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია და ვიმოქმედო იმის შესაცვლელად და მოსაგვარებლად, რაც მოგვარებადი და შეცვლადია. მაშასადამე, მქონდეს ადეკვატური დამოკიდებულება რეალობასთან.

პასუხისმგებლობის აღება შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც აქვს მყარი ღირებულებითი სისტემა, რომელიც წარმოადგენს მთავარ საორიენტაციო სისტემას რეალობიდან გაქცევის აცილებისათვის.  ჭეშმარიტი ბედნიერების და თავისუფლების განცდა, მხოლოდ და მხოლოდ რეალობის პირისპირ დგომის შედეგად არის შესაძლებელი, სადაც რეალობისადმი ღიაობით და მასზე პასუხისმგებლობის აღებით ადამიანი ხდება საკუთარი თავის შემოქმედი.

ნების ძალის სისუსტის შემთხვევაში კი ადამიანები გავრბივართ რეალობიდან ანუ საკუთარი თავისუფლებიდან და ბედნიერებიდან და თავს ვაფარებთ „თავშესაფარს“  ან საკუთარ „მხრებზე“ ვტვირთულობთ გაურკვეველი ღირებულებების მქონე ვალდებულებებს, რომლებიც არანაირ ჭეშმარიტს და ზნეობრივს არ ემსახურება. თანამედროვეობაში სულ უფრო ხშირად ვხდვდებით რეალობიდან ანუ საკუთარი თავისუფლებიდან გაქცევის ფაქტებს. ნარკოტიკსა თუ ალკოჰოლზე, კომპიუტერულ თუ აზარტულ თამაშებსა და გართობაზე დამოკიდებულება წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს სიამოვნებაში გაქცევის მექანიზმის.

საიდან წარმოიქმნება პრობლემა?

აქ ორი საკითხი უნდა გამოვყოთ – ერთის მხრივ ადამიანის მიკრო სააღმზრდელო გარემო – ოჯახი და მეორეს მხრივ ის სოციუმი, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი, თუმცა წამყვანი ფუნქცია, რა თქმა უნდა ოჯახს ენიჭება.

გადამწყვეტი მნიშვნელობა არსებულ პრობლემასთან მიმართებაში ენიჭება, ადამიანის ნების ძალის განვითარებას, მეორეს მხრივ კი ღირებულებათა სისტემის სწორ ფორმირებას. ადამიანის ნების ძალის განვითარება საკმაოდ ადრეული ასაკიდან იწყება, როგორც კი ბავშვი იწყებს დამოუკიდებლობის პირველი მცდელობების განხორციელებას და სხვადასხვა მარტივ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებას. ამ დროს მშობლის მხრიდან გამოვლენილი ნდობა ბავშვში განამტკიცებს რწმენას საკუთარი თავის და უნარების მიმართ, რაც რეალობის პროპორციულად ზრდის მის თვითშეფასებას და აძლიერებს საკუთარი თავის მნიშვნელობის განცდას. პასუხისმგებლობები ასაკთან ერთად მატულობს და შესაბამისად ბავშვს უწევს მეტი და მეტი ძალისხმევის გამოვლენა ამ პასუხისმგებლოებისა შესრულებისათვის. სწორედ აქ გვმართებს მშობლებს სიფრთხილე, რათა ზედმეტი დირექტივებით, ძალდატანებითა და მითითებებით არ გადავაქციოთ ბავშვის პირადი პასუხისმგებლობები სხვათა მოლოდინების გამართლების ვალდებულებად, ან ერთის მხრივ, მათი პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებით და მეორეს მხრივ, გადაჭარბებული პასუხისმგებლობების დაკისრებით, ირიბად არ დავუდასტუროდ ბავშვს საკუთარი უსუსურობის და უუნარობის ფაქტი. ეს ის ბეწვის ხიდია, რომელზე გავლისათვის  წონასწორობა, მშობლის მხრიდან რწმენის, ნდობის, თანაგანმცდელობის და მხარდაჭერის გამოვლენით შენარჩუნდება. ბავშვები, რომელთა მშობლები თანმიმდევრულად გამოხატავენ მსგავს პოზიციას საკუთარ შვილებთან მიმართებაში, გამოირჩევიან სტაბილური და ადექვატური თვითშეფასებით, ძლიერი და მტკიცე ნებისყოფით, მაღალი ემოციური თუ ქცევითი რეგულაციით, თანამშრომლობის და პასუხისმგებლობის მაღალგანვითარებული გრძნობით, სირთულეების და პრობლემების გამკლავების და გადალახვის მზაობითა და უნარით.

უფრო მეტად რთულდება ვითარება გარდატეხის ასაკის პერიოდში, როდესაც მშობელი აღარ წარმოადგენს ერთადერთ ავტორიტეტს მოზარდისათვის და მის ადგილს ახლა ბავშვის თანატოლები იკავებენ. სწორედ აქ იჩენს თავს პირველი სირთულეები… თანატოლების ავტორიტეტად წარმოჩენას,  თან ახლავს თანატოლების ღირებულებებისთვის პრივილეგიების მინიჭება, რომელიც ხშირად მოკლებულია ჭეშმარიტების ყოველგვარ კრიტერიუმს; ამ ასაკში მოზარდების ღირებულებები ყველაზე ხშირად განსაზღვრულია პრესტიჟისა და აღიარების მოპოვების სურვილით, რომელიც  თვითდამკვიდრების მოთხოვნილების დაკმაყოფილებიდან მომდინარეობს. პრესტიჟისა და აღიარების მოთხოვნილების დაკმაყოფილება კი არსებულ სოციუმში გაბატონებული ღირებულებების საფუძველზე ხორციელდება.

მაგრამ თუ მოზარდს ოჯახში უკმაყოფილდება პატივისცემის და აღიარების მოთხოვნილება, თუ მშობლები გამოხატავენ თანაგანმცდელობას მოზარდის ემოციების და გრძნობების მიმართ,  სირთულეების და წარუმატებლობების შემთხვევაში მხარდამჭერი პოზიციით ამხნევებენ მას და გამოხატავენ ნდობას მისი უნარების მიმართ, მუდმივი კრიტიკით და დირექტივებით არ ლახავენ მოზარდის თვითპატივისცემის გრძნობას, თუ მშობლებთან ურთიერთობაში მოზარდს უნარჩუნდება საკუთარი თავის მნიშვნელობის და ღირსების განცდა და თუ ოჯახის წევრები ამ ღირებულებებს ახორციელებენ არამხოლოდ მოზარდთან, არამედ ერთმანეთთან და გარშემომყოფებთან მიმართებაში, მაშინ „თავშესაფრის“ საძიებლად მოზარდს „გარეთ“ გასვლა უკვე აღარ სჭირდება.

რატომ აიგივებენ რეალობიდან გაქცევას „უბედურებაში“ გაქცევასთან?  

რეალობიდან გაქცევის შემთხვევაში, ადამიანი აუფასურებს და ჭეშმარიტ მნიშვნელობას უკარგავს  რეალობას ან საკუთარ თავს, ხშირად კი ორივეს ერთად. რაც თავის მხრივ ხდება ნევროტული ხასიათის ჩამოყალიბების საფუძველი.

რეალობის გაუფასურების, მისთვის ჭეშმარიტი მნიშვნელობის დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანები იწყებენ საკუთარი წარუმატებელი ცხოვრების „გამართლებისთვის“, ვიღაცის ან რაღაცის დადანაშაულებას – ბედისწერიდან დაწყებული კონკრეტული პერსონებით და კონკრეტული ცხოვრებისეული გამოცდილებებით დამთავრებული… სწორედ ადამიანების თუ პირობების მუდმივი მსხვერპლობის განცდა ქმნის ნევროტული ხასიათის ჩამოყალიბების საფუძველს, სადაც ადამიანი ვერ ან არ აცნობიერებს და ვერ ან არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ  საკუთარი თავის გარეთ ეძებს მასზე პასუხისმგებლობის ამღებს, ამიტომ ხშირად განიცდის იგი საყვედურს, წყენას და მრისხანებას გარშემომყოფების თუ ცხოვრების მიმართ. ეს ტკივილია.

საკუთარი თავის გაუფასურების და მისთვის მნიშვნელობის დაკარგვის შემთხვევაში კი ადამიანი განიცდის საკუთარი უსუსურობის და უუნარობის მტანჯველ განცდას. ის აცნობიერებს, რომ მის „წარუმატებლობაზე“ პასუხისმგებელი მხოლოდ თვითონ არის, თუმცა ვერ მოიძიებს საკუთარ თავში ძალას ამ პასუხისმგებლობის განხორციელებისათვის. უმოქმედობის და უსუსურობის ეს განცდა სულ უფრო მეტად უმტკიცებს მას საკუთარი უუნარობის ფაქტს, ამიტომ საყვედურის, წყენის თუ მრისხანების გრძნობა, მას ახლა საკუთარი თავის მიმართ უჩნდება. ესეც ტკივილია.

ტკივილის გაუსაძლისობის გამო ადამიანი იწყებს „მის გარეთ“ ამ „ტკივილის გაყუჩების“ საშუალებების ძიებას. „ბედნიერების“ განცდის გამომწვევი ყველა ხელოვნური გზა, რომელიც დროებით გვავიწყებს არსებულ რეალობას და ორიენტირებულს გვხდის არაარსებითზე, „ფსევდო“ და დროებითი გაყუჩების საშუალებას იძლევა. გაყუჩების შედეგად მიღებული სიამოვნების განცდა კი, სულ უფრო მეტად ხდის ადამიანს დამოკიდებულს „გამაყუჩებელ საშუალებებზე“.

7 რჩევა სოფო მახარაძისგან:

  1. ადამიანის თვითშეფასება პირდაპირ კავშირშია მისი შესაძლებლობების რეალიზებასთან. შეეცადეთ თავი არ აარიდოთ ყოველდღიური პასუხისმგებლობების შესრულებას.
  2. საკუთარი შესაძლებლობების რეალობის მოთხოვნებთან შესაბამისაბოში მოსაყვანად, საჭიროა ამ მოთხოვნების სწორი სახელდება. ნუ დაარქმევთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს პრობლემასა და სირთულეს, მიიღეთ ის როგორც თქვენს წინაშე დასმული შეკითხვა და საკუთარი ქმედებითა და დამოკიდებულებით გაეცით მას პასუხი. ყოველი სწორი პასუხის ამოსავალი პუნქტი ერთია, გამოწვევების მიღებით ვითარდება ჩვენი ნებისყოფა და თავდაჯერებულობა.
  3. თქვენს წინაშე წამოჭრილი ამოცანების შემთხვევაში, რომელსაც ცხოვრება რეალური გამოწვევების სახით წარმოგვიდგენს, გააცნობიერეთ და ერთმანეთისგან გამიჯნეთ არსებითი არაარსებითისგან. შემეცნებითი ჩართულობა გამკლავების პროცესს აიოლებს და გვეხმარება კონკრეტული აქტივობების განხორციელებაში.
  4. არსებითზე კონცენტრირების კრიტერიუმი ერთია – საკუთარი თავის თვითგამოხატვა. თვითგამოხატვა თავის მხრივ ყოველთვის კავშირშია საკუთარი თავის კონსტრუქციულ გამოხატვასთან, კონსტრუქციული გამოხატვა გულისხმობს ისეთი არჩევანის გაკეთებას, სადაც არ ილახება არც საკუთარი და არც გარშემომყოფთა ღირსებისა და თვითპატივისცემის გრძნობა.
  5. რეალობის მოთხოვნების გაცნობიერების შემთხვევაში, რომელიც საჭიროებების და აუცილებლობების სახით ვლინდება, ჩვენ აღმოვაჩენთ რომ ეს მოთხოვნები არასდროს ცდება ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს. ადამიანის წინაშე წამოჭრილი ყველა სირთულე ადამიანური სირთულეა, რომლის გაკლავების შესაძლებლობა არსებობს ყველა ადამიანში, საჭიროა მხოლოდ ნების და ძალისხმევის გამოვლენა – ეს უკვე ადამიანის არჩევანია.
  6. სირთულეების გამკლავების შესაძლებლობა, არ ნიშნავს ყოველთვის სასურველი ფაქტობრივი შედეგის მიღებას. ხშირად არასასურველი ფაქტობრივი შედეგის, როგორც კანონზომიერის მიღებით, ჩვენ ვიღებთ უფრო დიდსა და არსებით შედეგს – შევიმეცნებთ ცხოვრებას და საკუთარ თავს.
  7. რეალობა, რომელიც ერთი შეხედვით მიუღებელია იმის გამო, რომ ადამიანური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეუძლებელი მისი მოგვარება, რადგან მას ვერ შევცვლით, ყოველთვის გულისხმობს რაღაც ისეთს, რაზეც შეგვიძლია პასუხისმგებლობის აღება. შესაძლებელზე პასუხისმგებლობის აღებით, მოგვარების თუ გამკლავების პროცესში ქმედითი ჩართულობით, ჩვენ პროცესშივე ვაცნობიერებთ მიუღებელის მიღების ფაქტს. რადგან ჩვენი ქმედითობა და შეუპოვრობა თავად წარმოადგენს დასტურს, რომ ყოველი დასასრული რაღაც ახლის დასაწყისია ჩვენთვის.

 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები