რატომ უჭირთ ბავშვებს არდადეგების შემდეგ სკოლაში ადაპტაცია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

5

გადაცემის ლაივი

ნებისმიერი საბავშვო დაწესებულების მუშაობა აგებულია სამუშაო პროცესსა და დასვენებაზე. ბავშვის უნარები ასაკის მატებასთან ერთად ყალიბდება. რატომ უჭირთ ბავშვებს არდადეგების შემდეგ სასკოლო რეჟიმში დაბრუნება და რა უნდა გააკეთოს სკოლამ და მშობელმა, რომ მისი ადაპტაცია მარტივად მოხდეს, გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი თეო გუბიანური.

აუცილებელია თუ არა ზაფხულში ბავშვისთვის დასვენება?

წლის განმავლობაში ბავშვი დაკავებულია საკმაოდ სერიოზული საქმიანობით.  პირველ რიგში ყოველდღიური რუტინა – დილას ადგომა, სკოლაში/ბაღში მისვლა, იქ გატარებული დრო, მითითებებისა და დავალებების შესრულება, ერთი და იმავე ადამიანებთან ურთიერთობა, მუდმივად ახალი ინფორმაციის მიღება, უნარების გავარჯიშება (რაც ნამდვილად არ არის იოლი პროცესი), სახლში დაბრუნებისას – დავალებების შესრულება და შემდეგი დღისთვის მომზადება. ამასთან არ დაგვავიწყდეს, რომ სასწავლო პერიოდი მხოლოდ „მეცადინეობას“ არ გულისხმობს და აქ მთავარი სირთულე სოციალური უნარების განვითარებაა, რასაც თან სდევს სხვადასხვა პრობლემები თანატოლებთან და უფროსებთან  ურთიერთობისას, იწვევს ძლიერ ემოციურ დაძაბულობას, რაზეც არანაკლები მუშაობაა საჭირო.

ზაფხულის მოსვლასთან ერთად, მატულობს მშობელთა ჩივილი – ბავშვის ემოციური მდგომარეობის შესახებ…

ხშირად ამბობენ, რომ ბავშვი აგრესიული გახდა, აღარ გვიჯერებს, ძილის/კვების პრობლემები აქვს, აღარ სწავლობს და ა.შ.  ესეთი ცვლილება ბუნებრივია – ბავშვი გადაიღალა და დასვენება სჭირდება. ზაფხულის დასვენება აუცილებელია. ამ დროს ბავშვი უნდა ისვენებდეს. ხშირად გამიგია, რომ ამ დროის განმავლობაში ბავშვებს მაინც „ამეცადინებენ“ ან კვლავ აგრძელებენ სხვადასხვა წრეებზე მის ტარებას, იმ მიზნით, რომ მომავალ სასწავლო წელს მომზადებული შეხვდეს. ეს სწორი არ არის. ბავშვი მომზადებული იქნება სასწავლო წლისთვის მაშინ, როდესაც ის დაისვენებს, გამოიცვლის გარემოს, იქნება თავისუფალ რეჟიმში, ამ დროს ის თავისი თავის შემეცნებას სრულიად ახალ გარემოში და სიტუაციებში დაიწყებს, აღმოაჩენს ახალ უნარებს. ადამიანი ხომ ყველაზე კარგად მაშინ ისვენებს, როდესაც ყურადღება მთლიანად გადააქვს ერთი სახის აქტივობიდან მეორეზე. ასეთი დასვენების შემდეგ ბავშვი სასწავლო წლის დაწყებისთვის უკვე დამშვიდებული უნდა იყოს და შესაბამისად საჭირო ენერგიით ჩაერთვება საქმიანობაში.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მთავარი ბავშვის ემოციური მდგომარეობაა, ის, თუ რა განწყობით მიდის სასწავლებელში. ამაზე მშობლებმა უნდა იზრუნონ. რა თქმა უნდა მათთვისაც ამაღელვებელია ეს პერიოდი, ხშირად გაუცნობიერებლად ეს შფოთვა ბავშვებზე გადააქვთ. გამუდმებული ნერვიულობა იმაზე, თუ რას გააკეთებს  ბავშვი სკოლაში, დაძლევს თუ არა პროგრამას, როგორ მოიქცევა, ვის დაუმეგობრდება, გააბრაზებს თუ არა მასწავლებელს. ბავშვებს ვეკითხებით:  ხომ არ ნერვიულობ? ვისთან იმეგობრებ? ისევ იჩხუბებ? ხომ ჭკვიანად მოიქცევი? – ასეთი კითხვებით ვერაფერს მივაღწევთ, გარდა იმისა, რომ ბავშვის შფოთვას გამოვიწვევთ და გავაღიზიანებთ.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

მნიშვნელოვანია სასწავლო წელს მშვიდად შევხვდეთ, ისე, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება. არ არის საჭირო წინასწარ შევუთანხმდეთ ბავშვს, თუ როგორ მოიქცევა და რას გააკეთებს, ან არ გააკეთებს სკოლაში ყოფნისას. მთავარია ვაგრძნობინოთ და გავამხნევოთ, რომ ჩვენ მისი გვჯერა და ის, თუ რაიმე შეეშლება ეს ტრაგედია არ არის და მის გერდით ვიქნებით.

გვახსოვდეს ისიც, რომ ნებისმიერ ახალი სიტუაცია სტრესულია – სკოლის დაწყება, რეჟიმში დაბრუნებას და მუშაობის დაწყებას ჭირდება გარკვეული ადაპტაციური პერიოდი – იქამდე, სანამ ბავშვი კვლავ მიეჩვევა  გარემოს, ადამიანებს და  მიმდინარე პროცესეს. აქ მნიშვნელოვანია მშობლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერა. არ არის სასურველი პირველივე დღიდან აქტიური სასწავლო პროცესის დაწყება, დაუთმეთ პირველი ორი კვირა ბავშვისთვის საინტერესო საკითების განხილვას, მიაჩვიეთ რეჟიმს, ამით გაუფრთხილდებით ბავშვის ენერგიასა და ემოციებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადაპტაციის პერიოდი არის ინდივიდუალური – ზოგიერთი ორ დღეში ეჩვევა, ზოგს უფრო დიდი დრო ჭირდება და ეს არ არის საგანგაშო.

7 რჩევა თეო გუბიანურისგან:

  1. ზაფხულში დასვენება მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის და პროდუქტიულობისთვის.
  2. სკოლისთვის მოსამზადებლად წინასწარი მედაცინეობები არ არის საჭრიო.
  3. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მთავარი ბავშვის ემოციური მდგომარეობაა, ის თუ რა განწყობით მიდის სასწავლებელში.
  4. მნიშვნელოვანია, სასწავლო წელს მშვიდად, შფოთვის გარეშე შევხვდეთ, როგორც მშობლები, ისე მასწავლებლები.
  5. გვახსოვდეს ისიც, რომ ნებისმიერ ახალი სიტუაცია სტრესულია.
  6. ადაპტაცის პერიოდი ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია.
  7. მშობლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერა არის მთავარი, რითიც დავეხმარებით ბავშვს სასწავლო წლის პერიოდში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები