LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ და რა სახის ემოციები ვლინდება ბავშვებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

70

ემოციები არსებით როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც შემეცნებით, ასევე სოციალური ქცევის და ფიზიკური ჯანმრთელობის შემთხვევაშიც.   შფოთვა გავლენას ახდენს აზროვნებაზე, ძლიერი ან სუსტი შფოთვა აზროვნებას აფერხებს, ზომიერი შფოთვა, პირიქით, შესაძლოა ხელსაც კი უწყობდეს აზროვნებით პროცესს. მძაფრი ემოციების განცდა ასევე ზემოქმედებს მეხსიერებასა და ყურადღებაზე, ზოგიერთ შემთხვევაში აქვეითებს ან პირიქით აუმჯობესებს მახსოვრობას.

ემოციები გავლენას ახდენს ფიზიკურ კეთილდღეობაზე. ფსიქო-სოციალრ სტრესებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებთან  მივყავართ, როგორიცაა იმუნური სისტემის დაქვეითება, გულსისხლძარღვთა დაავადებები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და სხვ. გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი ფსიქოლოგი, ბაღი „ფელიქსის“ ადმინისტრაციული მენეჯერი მარიამ უძილაურია.

როგორ ხდება ემოციური სფეროს განვითარება ბავშვებში?

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვები აქტიურად შეიმეცნებენ გარესამყაროს და ეს ყველაფერი შეფერილია ემოციებით. შემეცნებითი ხასიათის ემოციები, კერძოდ ცნობისმოყვარეობა, გაოცება ხელს უწყობს ფსიქიკური პროცესების განვითარებას. ბავშვი სიამოვნებას განიცდის როდესაც დაისწავლის ახალ უნარებს.

ჩვილები ურთიერთობას ემოციების მეშვეობით ამყარებენ და სხვების განზრახვების გაგებაში ეხმარებათ ემოციურ რეაქციებზე დაკვირვება. პატარა აკვირდება უფროსის საქციელს და ამის მიხედვით წარმართავს თავის საპასუხო რეაქციას. ბავშვებს მნიშვნელოვან  ინფორმაციას აწვდის მშობლის ხმა და სახის გამომეტყველება.

„თავდაპირველად ბავშვები ავლენენ ბაზისურ ემოციებს, როგორიცაა ბედნიერება, ბრაზი, სევდა, შიში. ისინი ამ ემოციების დახმარებით გამოხატავენ თავიანთ მდგომარეობას და ცდილობენ კომუნიკაციის დამყარებას გარესამყაროსთან.  ბავშვების ემოციური ქცევა, ტირილი ან სიცილი გავლენას ახდენს გარშემომყოფთა ქცევაზე და გარშემომყოფთა ემოციური რეაქციები კი  არეგულირებს ბავშვის სოციალურ ქცევას. ჩვილი ღიმილით პასუხობს მშობლის ღიმილს. ბედნიერება, რომელიც ღიმილითა და სიცილით გამოიხატება ეხმარება ბავშვს მზრუნველებთან  პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. ბავშვები ასევე გრძნობენ, რომ მათი ღიმილი გარშემომყოფებში პოზიტიურ დამოკიდებულებას იწვევს და ისინი მის მიმართ მეტ ყურადღებასა და სითბოს გამოხატავენ. 6 კვირიდან უკვე ჩნდება ე.წ სოციალური ღიმილი. ღიმილით ისინი გამოხატავენ ახლობელი ადამიანებისადმი მოწონებას, რომელიც აძლიერებს კავშირს მშობელსა და ბავშვს შორის“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.

მისივე თქმით, 6 თვიდან ბავშვებს ახასიათებთ უცხოობის შფოთვა. შიშის გრძნობა ცნობისმოყვარეობის ზრადასთან ერთად იზრდება და დაკავშირებულია სიფრთხილისა და წინდახედულობის განვითარებასთანაც.

დროთა განმავლობაში კოგნიტურ გავითარებასთან ერთად უცხოობის შფოთვაც და სხვა შიშებიც მცირდება,  რადგან ბავშვს კოგნიტური განვითარება აძლევს საფრთხის შემცველი და უსაფრთხო სიტუაციების განსხვავების შესაძლებლობას.

2 წლიდან, როდესაც ბავშვები საკუთარ „მე“-ს უკვე გამოცალკვებულ  ინდივიდად აღიქვამენ, ჩნდება მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები: სირცხვილი, დაბნევა, დანაშაულის გრძნობა, შური, სიამაყე. ეს ემოციები ეყრდნობა უფროსების მიერ მიცემულ მითითებებს, თუ როდის უნდა გაუჩნდეს ბავშვს სიამაყის ან სირცხვილის გრძნობა და სხვა განცდები. თვითპატივისცემის და სიამაყის გრძნობა მჭიდროდ უკავშირდება ბავშვის თვითშეფასებას. წარმატება აღმოაცენებს პოზიტიურ, ხოლო წარუმატებლობა ნეგატიურ ემოციებს, რაც იწვევს შიშსა და შფოთვას. თვითშეფასების განვითარებასთან ერთად ბავშვები მგრძნობიარენი ხდებიან შექებისა და გაკიცხვის  მიმართ.  ამიტომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა უარყოფითზე და პიროვნების შეფასებაზე არამედ გზებზე, თუ როგორ შეიძლება ჩადენილი საქციელია გამოსწორება.

როგორ უნდა მოხდეს ემოციების მართვა?

გარესამყაროსთან ადაპტაციისთვის ბავშვებმა მოტორული, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებასთან ერთად უნდა ისწავლონ საკუთარი ემოციების კონტროლიც – ემოციური თვითრეგულაცია, ემოციების ინტენსივობის კონტროლი.  ბავშვებთან ემოციები დიდი ინტენსივობით და ცვალებადობით გამოირჩევია, ამიტომ მათთვის იოლი არაა ემოციების მართვა. ადვილია ბავშვის გაბრაზება, შეშინება. მაგრამ ასევე ადვილია მათი ინტერესების, კმაყოფილების, სიხარულის გამოწვევა. მათ ადვილად გადაედებათ სხვა ბავშვების ან უფროსების მიერ განცდილი ემოციები.

თავდაპირველად მათ ცხოვრებას მთლიანად ემოციები წარმართავს, შემდგომში კოგნიტურ განვითარებასთან ერთად ისინი სწავლობენ ემოციების მართვას, ასევე ითვალისწინებენ სხვების ემოციებს. კოგნიტური განვითარება და სოციალური გამოცდილების შეძენა ბავშვებს ეხმარება ემოციების მართვის ხვადასხვა გზების აღმოჩებნაში.  საკუთარი ემოციების კონტროლის გრძნობა დადებითად აისახება თვითშფასებაზე.

ემოციების მართვას ართულებს ასევე ის, რომ ბავშვებისთვის წარმოსახვითი და რეალური სამყარო არაა მკვეთრად გამიჯნული. ბავშვების შიშები იცვლება ასაკთან ერთად.  უფროსებს შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს, მოარიდეთ საშიშ ფილმებს და არ წაუკითხოთ საშიში ისტორიები, მკაცრად კი არ უარყოთ ბავშვის ოთახში „მონსტრების“ არსებობა, არამედ დაიწყეთ ამ მოჩვენებითი მონსტრის ძებნა, რათა ბავშვი დარწმუნდეს, რომ ის იქ არაა.  მნიშვნელოვანია პირადი მაგალითის ჩვენება და შიშის ნაბიჯნაბიჯ დაძლევა. თუ შიში ინტენსიურია და ხანგრძლივად გრძელდება, უნდა მივმართოთ სპეციალისტს-ფსიქოლოგს.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ შფოთვა  შესაძლოა გამოიწვიოს ახალი მოთხოვნების წაყენებამ ან მოლოდინების ცვლილებამ მშობლის მხრიდან, ამიტომ   ბავშვის დღის რიტმი უნდა  იყოს ორგანიზებული. მოულოდნელობების მინიმუმამდე დაყვანით დავეხმარებით მას, ასევე ნათლად უნდა ჩამოვაყალიბოთ თუ რას მოველით მისგან. სასურველია, მოხდეს ქცევის წესების შემუშავება.

 

როგორია სოციალური გარემოს როლი?

ბავშვები გამოცდილების მეშვეობით, მშობლებთან, აღზმრდელებთან, თანატოლებთან ურთიერთობისას სწავლობენ ემოციების გამოხატვასა და მართვას, თვითრეგულაციას. „მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ვასწავლოთ პრობლემის მოგვარების არააგრესიული ხერხები, როგორიცაა აქტიური მოსმენა, თავისი აზრის დაფიქსირება, სხვის პოზიციაზე დადგომაასევე გავაღვივოთ პროსოციალური ქცევა, თანაგრძნობა,  სხვების დახმარების სურვილი, შეგვიძლია, რომ ბავშვები ჩავრთოთ საქველმოქმედო აქტივობებში  და მივცეთ ჩვენი პირადი მაგალითი. ბავშვების მიერ ემოციების გამოხატვა დაკავშირებულია სხვების ემოციების აღქმის შესაძლებლობასთანაცთანდათანობით ისინი ამოიცნობენ მათ გარშემო მყოფების ემოციებს, ხდებიან სენსიტიურები“, – მიიჩნევს ფსიქოლოგი.

ემოციური აღქმა სწრაფად ვითარდება და ეს ბავშვების მეტყველებაშიც აისახება. ისინი იწყებენ საუბარს ემოციებზე, აფიქსირებენ თანატოლების ემოციურ მდგომარეობებს.

ემოციური მეტყველება ბავშვებს ეხმარება ემოციების მართვაში. მშობელი რაც უფრო ხშირად იყენებს ბავშვთან საუბრისას ემოციის განმსაზღვრელ სიტყვებს და ასევე ხსნის ემოციებს, მნიშვნელოვანია სახის გამომეტყველებაც. მით უფრო კარგად ვითარდება ბავშვთან ემოციური მეტყველება.

როდესაც მშობლები აცნობიერებენ თავიანთ ემოციებს და შვილებს აწვდიან ინფორმაციას განსხვავებული გრძნობების შესახებ,  ბავშვებს ეხმარებიან სხვების ემოციების უკეთ გაგებაში.  ხშირად ბავშვები უთანხმობის მოსაგვარებლად იმავე სტრატეგიებს მიმართავენ, რასაც მათი ავტორიტეტი უფროსები. სასურველია რომ მშობელმა კონფლიქტისას ახსნას თავისი ემოციები და გარკვეულ კომპრომისზეც წავიდეს, ეს დაეხმარება ბავშვს უკეთ აღიქვას ემოციები და დაამყაროს კომუნიკაცია, ასევე გაიაზროს ემოციის მიზეზები.  მშობელთან თბილი ურთიერთობა ბავშვს ეხმარება ემოციების აღქმაში და მართვაში. ბავშვები იღებენ ინფორმაციას უფროსებთან საუბრისას და შემდეგ ცდილობენ ეს ცოდნა გამოიყენონ სხვადასხვა სიტუაციებში.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს შევუქმნათ თბილი და გულისხმიერი გარემო, დროულად მოვახდინოთ რეაგირება მის ემოციებზე  ჩვილობიდანვე და მისი ემოციური გამოხატულებები არ იყოს უგულვებელყოფილი.  გულისხმიერი დამოკიდებულება და უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება ეხმარება ბავშვებს განვითარებაში.  მშობლების თბილი დამოკიდებულება ხელს უწყობს ემოციურ გამოხატვას. მკაცრი აღზრდის სტილი ხელს უშლის ემპათიის ჩამოყალიბებას და ზრდის შფოთვასა და შიშებს.

 

7 რჩევა მარიამ უძილაურისგან:

  1. წაახალისეთ ბავშვის დამოუკიდებლობა, ნუ გააკეთებთ მათ ნაცვლად. ამგვარად მას განუვითარებთ კომპეტენტურობის და პასუხისმგებლობის გრძნობას, რაც დადებითად აისახება ბავშვის თვითშფასებაზე და დაეხმარება მას ემოციური სფეროს მართვაში.
  1. მოეპყარით პატივისცემით: გაითვალისწინეთ მათი აზრი, მიეცით არჩევანი, როდესაც არის ამის შესაძლებლობა. ჩართეთ ის მისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ მსჯელობაში. მიეცით აზრის გამოთქმის საშუალება, მოუსმინეთ, თუნდაც არ ეთანხმებოდეთ. გამოძებნეთ კომპრომისი.
  1. მნიშვნელოვანია დღის რიტმი და წესებზე შეთანხმება. ბავშვმა უნდა იცოდეს თუ რა ელის მას და რას ელიან მისგან. განსაზღვრული დღის განრიგი უქმნის ბავშვს მზაობას და ამცირებს შფოთვას, დადებით გარემოს ქმნის ბავშვის ფსიქო-ემოციონალური განვითარებისთვის. სასურველია ჩამოვაყალიბოთ წესები, თუ რის შესრულებას ვითხოვთ ბავშვისგან. კარგი იქნება თუ ბავშვსაც ჩავრთავთ წესების შემუშავების პროცესში.
  1. იყავით გულისხმიერი, ესაუბრეთ ბავშვს გრძნობებზე. ემოციების ვერბალიზაცია მათ ეხმარებათ თვითრეგულაციაში.
  2. გააკეთეთ აქცენტი იმაზე, თუ რა შეიძლება, რომ გამოსწორდეს და არა ჩადენილ ქცევაზე. ეს დადებითად აისახება მათ ემოციურ განვითარებასა და თვითშეფასებაზე.
  3. დაეხმარეთ ბავშვს სხვების ემოციების უკეთ გაგებაში, ემპათიის და პროსოციალური ქცევის განვითარებაში. სხვისი ემოციების გაგება მათ საკუთარის გაგებასა და მართვაშიც ეხმარება.
  4. გახსოვდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ემოციონალური მდგომარეობა და პირადი მაგალითი. ბავშვები უფროსებზე დაკვირვებით სწავლობენ ემოციის გამოხატვის სტრატეგიებს. შეეცადეთ გააცნობიეროთ თქვენი ემოციები, მოახდინეთ ვერბალიზაცია. დაისვენეთ, დაიტოვეთ დრო თქვენთვის საინტერესო საქმიანობისთვის. თქვენი კეთილდღეობა ბავშვს შეუქმნის თბილ და პოზიტიურ, განმავითარებელ გარემოს.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები