როგორ მოქმედებს ბავშვზე სოციალური გარემო და გენეტიკა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

როგორ მოქმედებს ბავშვზე სოციალური გარემო და გენეტიკა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

ბავშვის კონკრეტულ ქცევას ხშირად გენეტიკით ხსნიან, თუმცა ესა თუ ის ქცევა შეიძლება განპირობებული იყოს სოციალური გარემოთი. როგორ მოქმედებს ბავშვის ქცევაზე გენეტიკა და სოციალური გარემო. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი თეო გუბიანური.

რა არის ბავშვისთვის სოციალური გარემო და გენეტიკა?

ბავშვის სოციალურ გარემოში ვგულისხმობთ იმ გარემოს, სადაც მას ძირითადად უწევს ყოფნა და ცხოვრება – მისი სახლი და საცხოვრებელი პირობები, ადგილები სადაც ხშირად უხდება ყოფნა, ადამიანები, ვისთანაც  ურთიერთობს და ა.შ.

ადამიანები სოციალური არსებები ვართ და ბავშვიც დაბადებიდან ერთვება სოციალურ ცხოვრებაში. პირველ ეტაპზე, მისი გარემო შემოიფარგლება ოჯახით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პირველივე დღიდან მშობლების და ბავშვზე მზრუნველი პირების აქტიური ჩართულობა აღზრდის პროცესში და იმის გაცნობიერება, რომ ისინი ამზადებენ პატარას მომავალში საზოგადოების წევრობისათვის. პირველ წლებში ბავშვს უყალიბდება ოჯახის წევრების მიმართ ემოციური დამოკიდებულება (მიჯაჭვულობა), რაც მომავალში განსაზღვრავს იმ ურთიეთობებს, რომელიც სხვა ადამიანებთან ჩამოუყალიბდება.

ხშირად გვესმის ბავშვების მისამართით გამოთქმული ფრაზები: „მამასავით იქცევა“, ან „დედასავით მორცხვია“ და ა.შ.  მშობლები და ახლობლები ბავშვის ქცევის ახსნას გენეტიკური ფაქტორებით ცდილობენ. მათი აზრით, შვილთან ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემები გენეტიკური, ანუ შთამომავლობითია და  კონკრეტული ქცევა (აგრესიულობა, სიმორცხვე…) გენეტიკურად ერგო ბავშვს და ამდენად, ეს ასეც უნდა მივიღოთ. არავინ უარყოფს, რომ ადამიანები გენეტიკური კოდით განსაზღვრული არსებები ვართ, თუმცა, იმას, როგორები ვართ, ან ვიქნებით, განსაზღვრავს გარემოც. ადამიანის ქცევა გენეტიკით კი არა,  გარემოთია განპირობებული.

აღზრდის სხვადასხვა სახეები…

ითვლება რომ ბავშვის აღზრდისთვის ავტორიტეტული მიდგომა საუკეთესოა. ასეთ შემთხვევაში, აღმზრდელები ყურადღებიანები არიან ბავშვის მოთხოვნების მიმართ, გამოხატავენ სითბოს, ამავე დროს ბავშვის მიმართ აქვთ მოთხოვნები, თუმცა მათი  ასაკისთვის შესაფერისი.  ასეთ ბავშვებს უყალიბდებათ დადებითი თვითშეფასება, პასუხისმგებლობის გრძნობა, არიან დამოუკიდებლები და აქვთ ჯანსაღი სოციალური კავშირები.

ავტორიტეტული მშობლებისაგან განსხვავებით, ავტორიტარული მშობლები არიან ცივები ბავშვის მიმართ, ბევრს ითხოვენ მისგან, სჯიან. იყენებენ ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა,  „თვითონაც არ იცის რატომ ტირის, იტირებს და გაჩუმდება!“, ან „რომ გეუბნები, გააკეთე!“ და ა.შ. ასეთ პირობებში ბავშვს ექმნება თვითშეფასების და დამოუკიდებლობის  პრობლება, ის ხდება აგრესიული და დაუმორჩილებელი, ან პირიქით ზედმეტად დამთმობი და ცდილობს, მსგავსი მოდელის გადატანას სხვებთან ურთიეროთობისას.

ე.წ. ლიბერალური მშობლები ბავშვს „რბილად“ ზრდიან, არიან ძალიან თბილები, თუმცა უყურადღებოები – აქ ვგულისხმობ ყველასთვის ნაცნობ „განებივრების“ თემას. ასეთი ბავშვებისათვის ხშირად დამახასიათებელია თავნებობა, მეამბოხეობა, რადგან მიჩვეულები არიან, რომ ის უნდა აკეთონ, რაც სურთ. ეს კი რთული ქცევის შემთხვევაა.

გვაქვს კიდევ ერთი მოდელი, როდესაც მშობელი არ არის ჩართული ბავშვის აღზრდაში, არ აქვს მოთხოვნები და ემოციური დამოკიდებულება მის მიმართ. ეს ხშირად ხდება მაშინ,  როდესაც მშობელი ძალიან დაკავებულია საკუთარი საქმეებით და დროსა და ენერგიას ვეღარ პოულობს ბავშვთან ურთიერთობისთვის, ანუ უგულებელყოფს ბავშვს. შედეგად ვიღებთ ბავშვს სოციალურ უნარების გარეშე, როდესაც ის ვერ ახერხებს საკუთარი ემოციებისა და ქცევის მართვას, ცუდად სწავლობს და იქცევა.

ბავშვის სოციალური გარემოს გაფართოება იწყება სხვადასხვა უცხო ადამიანების გაცნობით, იქნება ეს სტუმრად მისვლა თუ ეზოში ჩაყვანა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს საბავშვო ბაღია. ის ქცევის და აღზრის მოდელები, რომელსაც ბავშვი ოჯახიდან იღებს, მას გადააქვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. ამ დროს ის სწავლობს სხვა, ახალ ქცევებსაც, ამიტომ არის მნიშვნელოვანი საბავშო ბაღებში ზრუნავდნენ ბავშვის სოციალურ-ემოციური კომპეტენციის ჩამოყალიბებაზე.

შემდეგ ეტაპია სკოლა, როდესაც ბავშვს უკვე აქვს ნასწავლი სხვებთან ურთიერთობის გარკვეული ფორმები, იცის, მაგალითად, რა უნდა გააკეთოს, რომ დაიკმაყოფილოს საჭიროებები (მიმართოს თხოვნით უფროსს, ან მოიფიქროს სხვა გზა საჭიროების დასაკმაყოფილებლად). ამ დროს ბავშვმა უკვე იცის, როგორ უნდა მოიქცეს განსხვავებულ გემოში და სიტუაციისას, იცის, როგორ გადაჭრას ურთიერთობით გამოწვეული პრობლემები, როგორ მართოს და გამოხატოს სწორედ საკუთარი ემოციები და ქცევა.

აუცილებელია, რომ ბავშვის მართებულ სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ვიზრუნოთ დაბადების დღიდან, რადგან ადრეულ ბავშვობაში ჩამოყალიბებული სოციალური ჩართულობის ფორმები განსაზღვრავს მისი მომავალი ურთიერთობების სტილს.  ხშირია სკოლის პერიოდის სირთულეები, გაგვიგია ალბათ „გაკვეთილის მოყოლის რცხვენია“, ან „თანატოლები ჩაგრავენ და ხმას არ იღებს“, ეს არის სოციალური გარემოს და იმ არასწორი ურთიერთობის შედეგი, რაც ბავშვმა გამოცდილებით მიიღო. რა თქმა უნდა, ამ შედეგებს დავინახავთ მაშინაც, როდესაც იგი უკვე ზრდასრული ადამიანი იქნება.

7 რჩევა თეო გუბიანურისგან:

  1. შეუქმენით ბავშვს უსაფრთხო გარემო
  2. ასწავლეთ და საკუთარ მაგალითზე დაანახეთ ურთიერთობის სწორი ფორმები
  3. მიეცით საშუალება, რომ გამოხატოს საკუთარი აზრი
  4. იყავით მის მიმართ ყურადღებიანი
  5. მშობლებო, ატარეთ თქვენი შვილები საბავშვო ბაღში, რადგან თანატოლებთან ყოველდღიური, სხვადასხვა სახის ურთიერთობით, მათ უყალიბდებათ აუცილებელი სოციალური უნარები.
  6. ძიძის, აღმზრდელის და საბავშვო ბაღის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მათზეა დამოკიდებული როგორც თქვენი შვილის ჯანმრთელობა, ისე მისი სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბება
  7. აკონტროლეთ საკუთარი ქცევა, და ნუ ეცდებით ბავშვის არასწორი საქციელის გენეტიკით ახსნას – გახსოვდეთ, გენეტიკით შეიძლება მხოლოდ ტემპერამენტი გერგოთ, ქცევა კი აღზრდითა და ურთიერთობების შედეგად ყალიბდება

 

გადაცემის ჩანაწერი:

6 ნოემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები