LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

155

გადაცემის ლაივჩანაწერი

სიმშვიდისკენ ყველა ისწრაფვის, თუმცა მის მოსაპოვებლად საკუთარი თავის შეცნობა და მიღებაა აუცილებელი. რა არის სიმშვიდისთვის ხელისშმეშლელი ფაქტორები და როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე, გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.

რა არის სიმშვიდე?  

სიმშვიდე მხოლოდ შინაგანში მიიღწევა. იგი არსებულის მიმღებლობისა და მასზე პასუხისმგებლობის აღების უმნიშვნელოვანესი პირობაა.  სიმშვიდეს გარეგანი ფაქტორები არ განაპირობებენ, ისინი მას მხოლოდ ამჟღავნებენ.

სიმშვიდის უპირველესი სიკეთე ისაა, როდესაც ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებსა და ჩვენ თავსაც სრულყოფილი ურთიერთობის საშუალებას ვაძლევთ. შეუფერხებლად ვაზროვნებთ, გამოვხატავთ გრძნობებს და ვმოქმედებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმით. ვიხარჯებით პროდუქტიულად და რაც მთავარია, საგნებისა და მოვლენებისთვის კუთვნილი ადგილის მინიჭება არ გვიძნელდება. მშვიდი ტემპერამენტის სუბიექტი, მაგალითად  ფლეგმატიკი, რომელსაც დადებითი და ხანგრძლივი ემოცია ახასიათებს, არ საჭიროებს გარკვეულ ძალისხმევას იმისთვის, რომ მშვიდი მიმართულება მისცეს საკუთარ განცდას. სხვა შემთხვევაა, როცა ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ,,დაასწავლოს“ სიმშვიდე. ეს ხომ კულტურა, ეს ხომ თვითგამოხატვის უალტერნატივო პირობაა! ეს ხომ  სოციალობის სახეა, შინაგანის სრული სურათი. შინაგანში მუშაობას სიყვარული აძლევს ძალას, ენერგიას. ერთხელ მკითხეს, როგორ უნდა მივხდე, რომ რასაც ახლა ვაკეთებ, არის სწორი და მართებული ქმედებაო. ჩემი პასუხი იყო შემდეგი, როცა არ გაგიჩნდება სურვილი იმისა, რომ გაამართლო შენი ქცევა, როცა ახსნა-განმარტება არ დაგჭირდება, ესე იგი ყველაფერი მართებულია.

სიმშვიდისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად ხშირად წარსულ გამოცდილებას ასახელებენ…

არ არსებობს ცუდი წარსული, არსებობს გამოცდილება, რომელიც ამ წარსულიდან მოდის და ეს არის უდიდესი სიბრძნე. როდესაც წარსული ინტერპრეტირებული არის, როგორც დასავიწყებელი მომენტი, ეს არის შინაგანი შფოთვისა და სხვადასხვა ტიპის აშლილობის მიზეზი. წარსული უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების გაკვეთილი, რადგან იგი გვასწავლის საით უნდა წარვმართოთ ჩვენი ქმედებები, ფიქრები, აზრები და დამოკიდებულება. ბაირონს აქვს ნათქვამი: „იმდენი რამე გადავიტანე, რომ ხნიერი ვარ საკუთარ თავზე“, ანუ აქ გულისხმობს, თუ როგორი გამოცდილება დაუტოვა წარსულმა, მერაბ მამარდაშვილი კი ამბობდა, რომ თუ დრომ, რომელიც ჩვენ გავიარეთ, გამოცდილება არ დაგვიტოვა, მაშინ იმ დროში არც გვიცხოვრია. ჩვენ შეიძლება ვიყოთ გარკვეული ასაკის, მაგრამ ეს ასაკი იყოს ასტრონომიური დროის შესაბამისი, ფსიქოლოგიური ასაკი სულ სხვაა, შეიძლება იყო 25 წლის, თუმცა განვლილი ცხოვრების მიხედვით, სამჯერ მეტი გამოცდილება გქონდეს.

როგორ უნდა მართონ ადამიანებმა ფიქრები?

არ არის საჭირო გავექცეთ ფიქრებს, არამედ შევცვალოთ ისინი პოზიტივისკენ. ფიქრი ეს არის ანალიზის სივრცე წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ფიქრი, რომელიც აგებულია კონსტრუქციულობაზე, არასდროს არ გაექცევა ნეგატიურ ფაქტს. ნეგატიური ფაქტი თავის მოტყუებაა. ადამიანის ფიქრები ხშირად აწყობილია გარკვეულ სტერეოტიპებზე, რომლებსაც ქმნიან თავად ადამიანები. შფოთვის მდგომარებაში ადამიანი იმყოფება მაშინ, როდესაც გარკვეული მოლოდინი აქვს მომავლის, მაგალითად, სიტყვით უნდა გამოვიდეს, ან სადმე უნდა დარეკოს და წინასწარ შთააგონებს საკუთარ თავს, რომ ვერ შეძლებს. ასეთი წინასწარი აზრები და ცრურწმენები ხდება შინაგანი შფოთვის საფუძველი. ამ დროს ადამიანები ეხვევიათ ფიქრების ლაბირინთში და იქიდან გამოსვლა უჭირთ. ამიტომ არის საჭირო ჯანსაღი, პოზიტიური ფიქრი. ნებისმიერი ნეგატიური ფიქრი, ისევ ჩვენზე მოქმედებს უარყოფითად.

 7 რჩევა ნანა ჩაჩუასგან:

  1. შეიყვარე შენი თავი. აღმოაჩინე შენი პიროვნული ღირსებები.
  2. განიცადე საკუთარი თავის მნიშვნელობა. როგორიც არ უნდა იყო, შენ მაინც შენ ხარ: განუმეორებელი, ერთადერთი, თვითკრიტიკული და თვითპატივისმცემელი.
  3. წარმართე ფიქრები აწმყოზე, ანუ იყავი ,,აქ და ამჟამად“. წარსულიდან წამოიღე მხოლოდ გამოცდილება. არ არსებობს ცუდი წარსული. წარსულიდან ყოველი მომენტი გამოცდილებად ღირს. მომავალი წარმოიდგინე პოზიტიურად. შექმენი შენი ცხოვრების ნათელი სურათი. არც ერთი სურათი არ არის ჩრდილის გარეშე. ეს მისი სრულყოფილების ნიშანია.
  4. ყოველი ადამიანი ისეთი დაინახე, ისეთს ეურთიერთე, როგორიც გინდა იყოს, ადამიანებს რა როლშიც ჩავსვამთ, მერე მეტ-ნაკლებად მაინც იმ როლს ასრულებენ.
  5. ყოველთვის გამოხატე მადლიერება, საკუთარი თავისა და სხვების მიმართაც. უმადურობა ანგრევს ყველას და ყველაფერს. ისწავლე გულწრფელი მადლობის თქმა.
  6. არ შეიკავო სათქმელი. ყოველთვის თქვი, რაც გინდა რომ თქვა, ოღონდ მისაღები ფორმით, ანუ გადაეცი შენი გრძნობა ისე, რომ არ შეეხო მეორე ადამიანის მხრიდან შენთვის მიუღებელ მის არცერთ გამოვლენას.
  7. გაითვალისწინე სათქმელი სად, როდის, როგორ და ვისთან თქვა. არაფერი არ ინანო, მხოლოდ გააცნობიერე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები