LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა დაძლიოთ დამოკიდებულება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

54

დამოკიდებულება, იგივე ადიქტიური ქცევა ერთი შეხედვით შეპყრობილ მდგომარეობას მოგვაგონებს, ეს არის ძლიერი ლტოლვა რაღაცის მიმართ. ანუ იყო დამოკიდებული – ნიშნავს ფსიქოლოგიურ დამონებას, რომელიც ადამიანს უზღუდავს ქცევის თავისუფლებას და მრავალფეროვნებას. გადაცემის “7რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარი ფსიქოლოგი თამარ ლაფაჩია. 

როგორ ხდება ადამიანი დამოკიდებული?

ძლიერ ლტოლვას ადამიანი შესაძლოა უბრალოდ რაიმეთი გატაცების დროსაც განიცდიდეს, თუმცა დამოკიდებულისგან განსხვავებით მას შენარჩუნებული აქვს გარესამყაროსთან სრულყოფილი კავშირი, ითვალისწინებს სხვების ინტერესებსაც და განტვირთვის სხვა ალტერნატივებიც გააჩნია.

დამოკიდებული პიროვნება რეალურად პრობლემას მაშინ ეჯახება, როდესაც ამგვარი ლტოლვის მდგომარეობა უკონტროლო და საზიანო ხდება მისი ცხოვრებისთვის და ირგვლივმყოფებისთვის. ფერხდება მისი პიროვნული ზრდისა და განვითარების პროცესი, ინტერესების სფერო სულ უფრო და უფრო ვიწროვდება და ფსიქოლოგიური კომფორტის მისაღწევად მხოლოდ ერთი ქცევით შემოიფარგლება. მისთვის დამახასიათებელია საკუთარი მდგომარეობის სერიოზულობის უარყოფა, ან შერბილება, და რეალულად მას არ შეუძლია დამოკიდებულების ობიქტზე უარის თქმა.

რამდენი ტიპის დამოკიდებულება არსებობს ?

განასხვავებენ დამოკიდებულების ქიმიურ და არაქიმიურ ფორმებს: ქიმიური ფორმებს მიეკუთვნება ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, თამბაქო, საკვებზე დამოკიდებულება და სხვ. ხოლო არაქიმიური ფორმებია ქცევითი დამოკიდებულებები მაგ: აზარტომანია (თამაშზე დამოკიდებულება), შოპოჰოლიზმი (ფულის ხარჯვის მანია), ინტერნეტდამოკიდებულება და სხვ. აღნიშნული გამოვლინებები ყველაზე გავრცელებული ფორმებია თანამედროვე ცხოვრებაში.

დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში მთავარი როლი ენიჭება ნეგატიურ ემოციებს, რომელსაც ადამიანი ყოველდრიურ ცხოვრებაში განიცდის. მაგ: ბრაზი, წყენა, მოწყენილობა, შფოთვა, შიში, დანაშაულის გრძნობა და სხვ. რაც უფრო ინტენსიურია უარყოფითი ემოცია, მით უფრო ძლიერია მისგან გათავისუფლბის სურვილი. დამოკიდებული ადამიანის ქცევა კი სწორედ ამ ემოციური დაძაბულობის მოხსნას და დაკმაყოფილებას ემსახურება. ეს არის არაცნობიერი პროცესი, ადამიანი ვერ აცნობიერებს კონკრეტულ ნეგატიურ ემოციებს და დისკომფორტის მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ავტომატურად გადადის მარტივ ქმედებაზე.  მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ საკვებზე დამოკიდებული ადამიანის შემთხვევა – ისეთი ინტენსიური ემოცია, როგორიცაა წყენა და იმედგაცრუება, საკმაოდ შემაწუხებელი განცდაა პიროვნებისთვის და სასწრაფოდ მოითხოვს ემოციური კომფორტის აღდგენას, ყველაზე ხელმისაწვდომი გზა კი ამ დროს შესაძლოა ტკბილი საკვები – კონკრეტულად შოკოლადი იყოს, დადგენილია რომ შოკოლადის მიღება ორგანიზმში ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონი) გამოყოფას ასტიმულირებს, რის შედეგადაც ადამიანი სიამოვნებასა და კმაყოფილებას გრძნობს, თუმცა გარკვეული პერიოდით, და ვინაიდან პრობლემის რეალური მიზეზი გადაუჭრელი რჩება, იგი მიმართავს თავის „გადამრჩენელს“ ყოველ ჯერზე, როცა კი მსგავს ემოციას წააწყდება. ასე ყალიბდება საკვებზე დამოკიდებულება. ანალოგიური მექანიზმი მუშაობს სხვა დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაშიც. ადამიანები გაურბიან ნეგატიურ ემოციებს  მათთვის ყველაზე აქტუალურ და ხელმისაწვდომ საშუალებებში – ალკოჰოლი, საკვები, ნიკოტინი, თამაში, შოპინგი და ა.შ.  თუმცა საბოლოოდ, ერთგვარ „მანკიერ წრეში“ ექცევიან, რომლისგანაც თავის დაღწევას ვეღარ ახერხებენ და სულ უფრო მეტად წყდებიან რეალობას.

როგორ უნდა დაიძლიოს დამოკიდებულება?

ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დაძლევა ურთულესი ამოცანაა და უზარმაზარ ნებისყოფას და სურვილს მოითხოვს პიროვნებისგან. თუკი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს პრობლემის მოგვარებას, აუცილებელია ჩაერთონ სპეციალისტები, ფსიქოლოგები და დაეხმარონ პიროვნებას ერთობლივი რესურსებით დაძლიოს და გათავისუფლდეს დამოკიდებული მდგომარეობისგან.

7 რჩევა თამარ ლაფაჩისგან:

1.პირველ რიგში მნიშვნელოვანია, თვითონ პიროვნებამ გააცნობიეროს საკუთარი დამოკიდებული მდგომარეობა, ეს პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

2. უნდა დაისახოთ მტკიცე მიზანი და მიჰყვეთ მას ბოლომდე.

3.მიეცით ახლობლებს საშუალება დაგეხმარონ და მხარი დაგიჭირონ.

4.არ ჩაანაცვლოთ ერთი დამოკიდებულება მეორეთი.

5.გააცნობიერეთ საკუთარი ემოციები და მათგან ადეkვატური გამოსავალი. მაგ: წყენისგან გასათავისუფლებლად გვჭირდება მისი გაზიარება, დანაშაულის გრძნობისგან – მონანიება/მობოდიშება, შფოთვისგან – სიტუაციის გარკვევა, ბრაზისგან – მისი უსაფრთხო გამოშვება და ა.შ.

6.გაიჩინეთ ახალი ინტერესები/ჰობი.

7. მიმართეთ ფსიქოლოგს და ქცევით სპეციალისტს.

 

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები