LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა გადალახოთ განქორწინების სტრესი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

26

განქორწინება წყვილისთვის რთულად გადასალახი პროცესია. ფსიქოლოგების თქმით, ამ პროცესს თან ახლავს უარყოფითი მუხტი, სტრესი, ახალ ცხოვრებასთან შეგუების ეტაპი. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში განქორწინების რიცხვმა იმატა. გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი ბარბარე ჭკუასელი.

 

განქორწინების შემდგომი სტრესი…

ფსიქოლოგი ამბობს, რომ განქორწინების შემდგომ წყვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამოკიდებულია იმ მიზეზებზე, თუ რის გამო მოხდა დაშორება. განქორწინების პროცესი დაკავშირებულია ცვლილებებთან, ამ დროს ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ რთულად გადასალახი პრობლემა მოკლე დროში მოგვარდეს, თუმცა ფსიქოლოგის თქმით, პროცესი მარტივი არ არის. წყვილმა უნდა გაიაზროს, რომ ეს პროცესი მათი ცხოვრების რთული ეტაპია, უნდა მიიღონ რეალობა და არ გაექცნენ ემოციებს. განქორწინების შემდგომი სტრესის ხანგრძლივობა არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია დაშორების მიზეზეზე, შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი ან თვეები.

 

როგორ უნდა შეამზადონ მშობლებმა ბავშვი განქორწინებისთვის

ფსიქოლოგის თქმით, განქორწინება ბავშვებზე ბევრად მძიმედ აისახება ვიდრე მშობლებზე.  მშობლები არიან ზრდასრული ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყეტილება, ბავშვი კი უნდა შეეგუოს და მიიღოს ახალი რეალობა. აუცილებელია მშობლებმა წინასწარ და დროულად შეამზადონ ბავშვი ამ პროცესისთვის. მშობლების ურთიერთობა, რაც არ უნდა დაძაბული იყოს, არ უნდა უნდა აისახოს ბავშვზე, გარდა ამისა, ბავშვს არ უნდა ეგონოს, რომ რომელიმე მშობელმა  ამ გადაწყვეტილებით მას „უღალატა“.

 

„განქორწინების შემდგომ ახალი ურთიერთობის დაწყება გამოსავალი არ არის, ამით პრობლემას ვერ გაექცევით, წყვილმა საკუთარ თავს უნდა მისცეს დრო და არ გადავარდეს ერთი უკიდურესობიდან მეორეში”, – განაცხადა ფსიქოლოგმა.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში წყვილები ხშირად მიმართავენ ფსიქოთერაპიას, მაშინ როცა სურთ ურთიერთობის შენარჩუნება. ასევე, მიყავთ ფსიქოთერაპიაზე ბავშვები, რომლებსაც მშობლების განქორწინების შედგომ შეიძლება ჰქონდეს გამძაფრებული შიში ან შფოთვა.

 

 

7 რჩევა ბარბარე ჭკუასელისგან:

1.      შეწყვიტეთ  ბრძოლა საკუთარ თავთან და მიიღეთ ის ფაქტი, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ. მიეცით საკუთარ თავს დრო იმისთვის, რომ შეეგუოთ ცვლილებებს, რომელიც მოყვა განქორწინებას, რაც დაგეხმარებათ საკუთარ თავში ახალი რესურსების ძიებაში.

2.      შეეცადეთ გააკეთოთ ისეთი რამ, რასაც თქვენთვის სიამოვნება მოაქვს. ეს დაგეხმარებათ დაძლიოთ დაწეული გუნება-განწყობა.

3.      ძველი ქორწინების დასავიწყებლად ნუ დაიწყებთ ახალი ქორწინების ორგანიზებას, ეს გაართულებს სიტუაციას  და ამასთანავე რისკი იმისა, რომ უიმედობის დასაძლევად შექმნილი ახალი ურთიერთობა კრახით დამთავრდება, ძალიან დიდია.

4.      მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გული გტკიოდეთ თქვენი ყოფილი მეუღლის გამო, შეეცადეთ ნაკლებად გაუზიაროთ ეს ბავშვს. აუცილებელია გაიაზროთ, რომ თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობა და მისი ბავშვთან ურთიერთობა  ერთი და იგივე არ არის. ის თქვენ გშორდებათ და არა ბავშვს, ამიტომ შეეცადეთ ისედაც სტრესულ სიტუაციაში კიდევ უფრო არ დაამძიმოთ ბავშვი. მიეცით მათ ურთიერთობის საშულება.

5.      მეტი დრო დაუთმეთ ბავშვთან ურთიერთობას, რომელიც სიტუაციიდან გამომდინარე დაბნეული და შეშინებულია. ეს თქვენთვისაც მნიშვნელოვანია და მისთვისაც. აუცილებელია შეიქმნას ახალი დაცული სივრცე  თქვენს ურთიერთობაში.

6.      შეეცადეთ გადახვიდეთ ურთიერთობის ახალ ეტაპზე თქვენს ყოფილ მეუღლესთან.  ეს ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თქვენთვის, ასევე ბავშვისთვის.

7.      აუცილებელია გაიაზროთ, რომ თუ თქვენ ამ ეტაპზე მოხვედით, ე. ი ყველაზე რთული პერიოდი წარსულს  ჩაბარდა. თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება. ეს კიდევ ერთი შანსია გააგრძელეთ ცხოვრება ახალი შემართებით.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები