LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მასწავლებელს მოსწავლეებთან – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

175

კლასის მართვა – ეს არის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს გაკვეთილის შეუფერხებლად წარმართვას და მოსწავლეთა არასასურველი ქცევის თავიდან აცილებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება მასწავლებელს და კლასის მართვის სტილს. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი ელენე ყიფიანი.

როგორი უნდა იყო კლასის მართვის სტილი?

სტილი გულისხმობს თანამშრომლობით დამოკიდებულებას მასწავლებელსა და მოსწავლეს  შორის,  მოსწავლე  მიიჩნევა პარტნიორად და ასაკის ზრდასთან ერთად მან დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობის შეგნებით უნდა იმოქმედოს.  ურთიერთობა დაფუძნებული  უნდა იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის თანამშრომლობაზე. მასწავლებელი გადაწყვეტილებას არ იღებს დამოუკიდებლად. მისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოსაზრება და დამოკიდებულება საკითხთა მიმართ. . კლასის მართვისადმი თანამშრომლობითი მიდგომა მოსწავლეებს ეხმარება :

  • სოციალური და ინტელექტუალური კომპეტენციის განვითარებაში;
  • შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში;
  • კომუნიკაციური უნარების გამომუშავებაში;
  • თვითშეფასების უნარის გამომუშავებაში;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და პირადი ინიციატივების გამომჟღავნების უნარის განვითარებაში;
  • ტოლერანტული უნარების განვითარებაში.

როგორი გარემო უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს სკოლაში?

მნიშვნელოვანია მოწესრიგებული გარემო, რომ ბავშვმა თავი იგრძნოს როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად უსაფრთხოდ. საკლასო ოთახში სივრცე დანაწევრებული უნდა იყოს; საყურადღებოა ფუნქციური ზონები, ბიბლიოთეკა, ავეჯის განლაგება, ყველაფერი უნდა იძლეოდეს იმის შესაძლებლობას, რომ მოსწავლეებმა იმუშაონ ინდივიდუალურად ან ჯგუფებში, მასალები უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამიტომ მასწავლებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობაა მოწესრიგებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება. მოწესრიგებულ გარემოში მოსწავლეები სწავლობენ უფრო მეტს და  არიან მოტივირებულები. იზრდება მოსწავლეების ჩართულობა , ხდება  აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება და მოსწავლეებში თვითდისციპლინის  უნარების განვითარება. მოწესრიგებულ სასწავლო გარემოში იგულისხმება ასევე  წესების და პროცედურების შემუშავება, მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს მოწესრიგებული სასწავლო გარემოს საჭიროება და საკუთარი როლი ამ  გარემოს შექმნაში. წესების შემუშავება უნდა ხდებოდეს მოსწავლეებთან ერთად.

წესების შემუშავებასთან ერთად უნდა განისაზღვროს რა სახის დარღვევას, რა რეაგირება მოჰყვება. წესებმა რომ შედეგი გამოიღოს აუცილებელია  მასწავლებელმა დაიცვას თანმიმდევრულობა და ასევე თვითონ დაიცვას წესები, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ბავშვები ასეთ წესებს უფრო სამართლიანად მიიჩნევენ.  ქცევის წესების დარღვევები და დისციპლინის პრობლემები , ნაკლებადაა მოსალოდნელი მაშინ, როდესაც კლასში  ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ატმოსფეროა.  მოსწავლე ხალისით თანამშრომლობს მასწავლებელთან, რომელიც უყვარს და პატივს სცემს. ამიტომ მასწავლებელი უნდა იცნობდეს მოსწავლის მდგომარეობას ხასიათს და პატივს სცემდეს მის პიროვნულ თვისებებს. მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა.

ქცევის წესების დარღვევა და დისციპლინის პრობლემები ნაკლებად მოსალოდნელია კლასში, სადაც საქმიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ატმოსფეროა შექმნილი. ამგვარი გარემოს შექმნისათვის კი უნდა გვახსოვდეს, რომ  მოსწავლე ხალისით თანამშრომლობს მასწავლებელთან, რომელიც უყვარს და პატივს სცემს. ამიტომ მასწავლებელი უნდა იცნობდეს მოსწავლის მდგომარეობას ხასიათს და პატივს სცემდეს მის პიროვნულ თვისებებს მოსწავლეს არ სცალია წესების დასარღვევად, როცა იგი საქმითაა დაკავებული. ამიტომ მასწავლებელმა დეტალურად უნდა დაგეგმოს გაკვეთილი და შეეცადოს მთელი დრო საინტერესო, მნიშვნელოვანი დავალებებით შეავსოს. მოსწავლის ქცევაზე დადებითად აისახება მასწავლებლისა და მშობლების თანამშრომლობის ფაქტი. ამიტომ მასწავლებლები და მშობლები ერთნაირად უნდა ზრუნავდნენ იმაზე, რომ მათ შორის შედგეს თანამშრომლობა. მოსწავლისათვის მასწავლებელი სამაგალითო უნდა იყოს. ამიტომ წესს, რომელსაც მასწავლებელი თავად ემორჩილება მის დაცვას სამართლიანად და აუცილებლად მიიჩნევენ მოსწავლეებიც.

როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მასწავლებელს მოსწავლეებთან?

მასწავლებლის ინდივიდუალური უნარები და მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობის ხარისხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლასის ეფექტურ მართვაზე.

თანამშრომლობა გულისხმობს:

  1. მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს აღიქვამს როგორც ინდივიდს;
  2.  უნდა აკონტროლო და თან ითანამშრომლო. მასწავლებლის მხრიდან დომინანტური და თანამშრომლობითი დაბალანსებული დამოკიდებულება ეხმარება მოსწავლეებს სათანადო ქცევის წესების შერჩევაში.

კლასში კონფლიქტის არსებობა პრობლემად იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა ვერ ვახერხებთ სიტუაციის გაკონტროლებას, როცა კონფლიქტის შედეგად ერთ-ერთი მხარე მაინც ზარალდება. თუ მოსწავლემ არ იცის კონფლიქტის მოგვარების გზები, მოსალოდნელია, რომ მან აგრესიას და ძალადობას მიმართოს. ბევრი ახალგაზრდისთვის აგრესია (სიტყვიერი თუ ფიზიკური) პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზაა. უმეტეს შემთხვევაში, მათ ძალის გამოყენება კი არ სიამოვნებთ, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, არამედ პრობლემის მოგვარების სხვა გზას ვერ ხედავენ. ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:

  • ზოგჯერ მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მიზნების მისაღწევად ძალის გამოყენება მისაღები ხერხია; ამის გარეშე თანატოლებმა ისინი შეიძლება სუსტად ჩათვალონ და დაჩაგრონ;
  •  მოსწავლეებს არა აქვთ სოციალური უნარ-ჩვევები, ანუ კომუნიკაციის, გადაწყვეტილების მიღებისა თუ თვითმართვის უნარ-ჩვევები და ამიტომ ვერ ახერხებენ, ააგონ და შეინარჩუნონ პოზიტიური ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. მათ არ იციან, როგორ დაუმეგობრდნენ თანატოლს, რა მისაღები ფორმით მიიპყრონ მასწავლებლის ან სხვა უფროსის ყურადღება და როგორ გამოხატონ თავიანთი ემოცია.

მასწავლებელი უნდა ქმნიდეს ისეთ სასწავლო გარემოს, რომ მოსწავლეები ორიენტებულნი იყვნენ თანამშრომლობასა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე. ამისათვის მასწავლებელს ჯერ თავად უნდა შეეძლოს კონფლიქტის აღმოცენებისთანავე მიზეზის ამოცნობა, სწორი სტრატეგიის არჩევა, მიმდინარე პროცესებში საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება. მთავარია, გარედან კი არ ელოდოს პრობლემის გადაწყვეტას, არამედ თავად გამოიჩინოს აქტიურობა, შეეცადოს, დაძლიოს და მართოს პრობლემური სიტუაცია. და, რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეებს უნდა ასწავლოს კონფლიქტების მართვა, რათა მათ გამოუმუშაოს საჭირო უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში უნდა იყენებდეს სხვადასხვა აქტივობებს (როლური თამაში, მოდელირება, დისკუსია, სიტუაციური ამოცანები და ა.შ.), რომლის დროსაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება კარგად გაიცნონ ერთმანეთი, ერთობლივად შეასრულონ დავალებები, გამოხატოს საკუთარი აზრი, დამოკიდებულება, პატივი სცენ სხვათა მოსაზრებებს, ეძიონ კომპრომისის მიღწევის გზები, თავად იმუშაონ პრობლემაზე, მიიღონ გადაწყვეტილება. მასწავლებელი თავად უნდა იძლეოდეს პიროვნების პატივისცემის მაგალითს.

მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან ძალიან ფაქიზი და მრავალი ნიუანსებისგან შედგება. თუმცა უპირველესად განისაზღვრება, მისი პიროვნებით, ზნეობრივი თვისებებით, ბავშვების სიყვარულით, მდიდარი სულიერი სამყაროთი.

მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ფორმებიდან აღსანიშნავია პედაგოგიური ტაქტი. პედაგოგიური ტაქტის მქონე მასწავლებელს შესწევს უნარი, აკონტროლოს თავისი ემოციური მდგომარეობა და მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილებები, ამიტომ ადვილად ამყარებს ურთიერთობას მოსწავლესთან. ასეთი მასწავლებელი საზოგადოებაში პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს.

მოსწავლეებსა და მასწავლებელს საკმაოდ დიდი დროის მანძილზე უწევთ ურთიერთობა, ამიტომ მასწავლებელი უნდა იყოს ერთგვარი მოდელი იმისა, რასაც მოითხოვს მოსწავლეებისაგან. როცა მასწავლებელი თავისი საგნის პროფესიონალია, ეს ერთგვარად არის მისაბაძი მოსწავლეთათვის, ეს არის საუკეთესო საშუალება საგნის სიღრმისეულად სწავლებისა, მაგრამ ამასთან, იკვეთება მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი. ვიდრე უშუალოდ საგნის პროფესიონალიზმზე ვისაუბრებდეთ, განვიხილოთ  როგორ ხდება მოსწავლეთა   მოტივაციის ამაღლება კონკრეტული საგნისადმი. ამ შემთხვევაში მასწავლებლის პიროვნული თვისებები თამაშობს უდიდეს როლს. ჰუმანურ, კეთილ, გულისხმიერი, სამართლიან და შრომისმოყვარე მასწავლებელსნ  შეუძლია უდიდესი წვლილის შეტანა მოსწავლის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, რამეთუ აღზრდის მთავარ მიზანსაც  სწორედ ეს წარმოადგენს. ამგვარად, წარმატებული მასწავლებლის მიერ მოსწავლის ნამდვილ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში მასწავლებლის მაღალპროფესიონალიზმი და კარგი პიროვნული თვისებები ურთიერთპროპორციულია.

ფსიქოლოგია დიდ ადგილს იკავებს პედაგოგის მოღვაწეობის სფეროში, ფსიქიკური პროცესები როგორიცაა: ინტერესები, მიდრეკილებები, ნიჭიერება, ტემპერამენტი და ხასიათის ცოდნა, აუცილებელია მასწავლებლებისათვის, რადგან საქმე აქვთ ბავშვების სულიერ ცხოვრებასთან და  სწორი მიმართულებით აღზრდასა და განვითარებას ისახავენ  მიზნად.

 

7 რჩევა ელენე ყიფიანისგან:

  1. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ კლასში უსაფრთხო გარემო არის საუკეთესო გარემო ბავშვის ეფექტური სწავლებისთვის.
  2. მასწავლებელმა უნდა  გააცნობიეროს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინიციატივა და აქტიური ჩართულობა  სასწავლო პროცესში.
  3. მასწავლებელი ყოველ მოსწავლეს უნდა მიუდგეს როგორც ინდივიდს , გაითვალისწინოს ინდივიდუალური თავისებურებები.
  4. წაახალისეთ მოსწავლის არამარტო შედეგი არამედ მონდომება, მცდელობა. აგრძნობინეთ ბავშვს, რომ მისი მცდელობა მხედველობიდან არ გვრჩება.
  5. მასწავლებელმა უნდა მოუსმინოს მოსწავლეს, პასუხი გასცეს და რეაგირება მოახდინოს მის ნათქვამზე.
  6. მასწავლებელმა უნდა შექმნას ისეთი სასწავლო გარემო, რომ მოსწავლეები ორიენტირებულნი იყვნენ  თანამშრომლობასა და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე.
  7. მასწავლებელმა უნდა შეძლოს აკონტროლოს საკუთარი ემოციები, ის უნდა იყოს ერთგვარი მოდელი იმისა, რასაც მოითხოვს მოსწავლეებისგან.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები