LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან ფეტვიაშვილი და მონიკა პავლჩუკი სტუმრად ”არტ-FM”–ში

5

25 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემის ”არტ-FM”-ის სტუმარმა, მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა თიბისი გალერეაში მოწყობილ პერსონალურ გამოფენაზე ისაუბრა.

– ქალბატონო რუსუდან, რითი გამოირჩევა ახალი გამოფენა თქვენი სხვა გამოფენებისგან?

– გამოფენაზე რამდენიმე ისეთი ნამუშევარი წარმოვადგინე, რომელიც მანამდე არასდროს გამოქვეყნებულა პრესაში. ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარე და აბრეშუმზე შესრულებული გრაფიკული ნახატები ჩარჩოს გარეშე გამოვფინე. გარდა ამისა, შედგა ჩემი პირველი ალბომის პრეზენტაცია. მართალია, აქამდე ყველა გამოფენას თან კატალოგიც ახლდა, მაგრამ სრულფასოვანი ალბომი, რომელშიც სხვადსხვა პერიოდის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები შევიდა,  პირველად გამოიცა და სწორედ ამ ალბომის პრეზენტაცია გახდა გამოფენის მთავარი თემა.

გადაცემა ”არტ-FM”-ის სტუმარი იყო აგრეთვე პოლონელი რეჟისორი მონიკა პავლუჩუკი, რომელმაც საკუთარ ფილმზე ”სამყაროს დასასრული” ისაუბრა.

მონიკა პავლუჩუკი 15 წელი მუშაობდა ჟურნალისტად, გამოსცა წიგნი ”იყავი ქალი, იმისთვის, რომ არ გაგიჟდე”, რომელიც ძალიან მალე გახდა ბესტსელერი, თბილისში კი, თავისი მეორე წარმატებული ფილმი ჩამოიტანა.

ინტიმური კრეატიული დოკუმენტური პროექტი ”სამყაროს დასასრული” ერთ ღამეში მომხდარ რამდენიმე ამბავს აერთიანებს. დიდი ქალაქის მობინადრეები საერთო პრობლემამ – სამყაროს დასასრულის მოლოდინმა გააერთიანა და მარტოობით შეწუხებულებმა სხვა ადამიანებთან გასაუბრება მოინდომეს. ზოგმა სასწრაფო დახმარების სამსახურში დარეკა მაშინ, როცა ამის საჭიროება არ იყო, ზოგმა კი – რადიოს მიმართა და იმ მტკივნეულ თემებზე ისაუბრა, რაც აწუხებდა.

– ქალბატონო მონიკა, რატომ აირჩიეთ ეს თემა და რატომ გაამახვილეთ ყურადღება მაინცდამაინც მარტოსულ ადამიანებზე?

– ფილმების გადაღებამდე ქალბატონებთან ვმუშაობდი ერთგვარ კონსულტანტად და დიდხანს ვაკვირდებოდი მათ. გარდა ამისა, ამერიკელი ფსიქიატრის სტივენ ლევინის წიგნი წავიკითხე, რომელიც საკუთარ ნაშრომში ადამიანებს დაფიქრებისკენ მოუწოდებს, განსაზღვრონ, თუ რა იქნება მათთვის მთავარი თუ ეცოდინებათ რომ ცხოვრების მხოლოდ ერთი წელი აქვთ დარჩენილი. გადავწყვიტე გამეკეთებინა ფილმი, რომელიც ყველაზე კარგად წარმოაჩენდა ამ თემას. გარკვეული კვლევების შემდეგ, მაიას კალენდარს და მის წინასწარმეტყველებას მივმართე, ანუ ჩავთვალე, რომ ერთი კალენდრიდან მეორეზე გადასვლა ყველაზე კარგად ასახავდა ჩემს იდეას. ფილმში ის ადამიანები ვაჩვენე, ვინც განსხვავებულად ელოდება სამყაროს აღსასრულს – ზოგი ემშვიდობება მას, ზოგი კი პირიქით – აქტიურ ცხოვრებას იწყებს.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, მუშაობთ თუ არა ახალ პროექტზე?

– სულ ცოტა ხნის წინ დავასრულე მუშაობა სცერანზე ფილმისთვის, რომელიც მხარტვრული და დოკუმენტური კინოს გაერთიანების ერთგვარი ექსპერიმენტი იქნება.

– რომელ პროფესიაში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს – ჟურნალისტის, რეჟისორის თუ მწერლის?

– ახლა ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს რეჟისორის ამპლუაში, თუმცა ძალიან არ მიყვარს სიტყვა ”რეჟისორი” და საკუთარ თავს უფრო ”დამკვირვებელს” ვუწოდებ. ფილმის კეთება კი, ადამიანებსა და მოვლენებზე დაკვირვების საუკეთესო საშუალებაა.

– იცნობთ თუ არა ქართველ რეჟიოსრებს და რომელი ნამუშევარი მოგწონთ ყველაზე მეტად?

– მართალია, ძალიან ბევრი მაქვს წაკითხული საქართველოზე, მაგრამ  ქართველ რეჟისორებს ნაკლებად ვიცნობ. თუმცა, მომისმენია ნინო ქათამაძის მუსიკა და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მომწონს მისი შემოქმედება.

– თქვენი ფილმის ქართული პრემიერა ფესტივალის ფარგლებში გაიმართება, მოგვიანებით თუ ექნება მაყურებელს მისი ნახვის საშუალება?

– საქართველოში ფილმი მხოლოდ ”სინედოკ”-ის ფარგლებში იქნება ნაჩვენები. თუმცა, პოლონეთში მაყურებელი მას კინოთეატრებთან ერთად ტელევიზიითაც ნახავს. გარდა ამისა, ფილმი რამდენიმე ფესტივალზეა წარდგენილი და არაა გამორიცხული ”ოსკარის” shortlist-შიც მოხვდეს.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები