LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო ბაბუნაშვილი: „OPEN AIR-ის ძირითადი იდეა განსხვავებული სამყაროს შექმნაა“

9

19 აპრილს რადიო ”ფორტუნას და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM” ”ალტერ ვიჟენ ჯგუფის” წარმომადგენლები ვახო ბაბუნაშვილი და დათო ცინცაძე ესტუმრნენ. გადაცემის მეორე ნაწილი კი ქორეოგრაფს ბორის ეიფმანს დაეთმო.

– დათო, ”ალტერ ვიჟენ ჯგუფმა” ყოველთვის ზუსტად იცის, რომელი არტისტები მოიწვიოს. როგორ ხდება მათი შერჩევა?

– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. თუმცა, OPEN AIR-ის ფუნქციაც ხომ ესაა – დააკმაყოფილოს ყველა გემოვნების მსმენელის სურვილი. ვფიქრობ, საკუთარ მოვალეობებს საკმაოდ კარგად ვართმევთ თავს. სხვა სიურპრიზებთან ერთად, წელს კიდევ ერთი ახალი წამოწყება გვაქვს – გვინდა განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის მუსიკოსებს მივაქციოთ და ფესტივალზე აზერბეიჯანელი და სომეხი არტისტები დავპატიჟეთ. ძალიან კარგი მუსიკოსები არიან და მათი შემოქმედებაც ძალიან საინტერესოა.

– ვახო, რამდენადაც ვიცი, ლოკაციის ადგილი შეიცვალეთ და წელს OPEN AIR ლისის ტბაზე გაიმართება.

IMG_3598– ლოკაცია მართლაც შევიცვალეთ. ახალი ტერიტორია ყველას ძალიან მოგვწონს. ლისის ტბის უპირატესობა ისაა, რომ მისასვლელადაც ადვილია და ფართიც საკმაოდ დიდია, თუმცა ძალიან მყუდრო. საფესტივალო ქალაქის მშენებლობისას OPEN AIR-ის ძირითადი იდეა განსხვავებული სამყაროს შექმნაა ანუ ფესტივალზე მოსული სტუმრები შორდებიან რეალობას და სულ სხვა სამყაროში, თავისუფალ გარემოში ხვდებიან. ამ თავისუფლებას კი, პირველ რიგში სწორედ მუსიკა ქმნის.

– დათო, ნებისმიერი ღონისძიების მოწყობას გარკვეული სირთულეები ახლავს თან, თქვენ თუ გქონდათ პრობლემები თუნდაც ფინანსების მხრივ?

– რადგან ფინანსებს შევეხეთ, შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის ის მოდელი ამართლებს, სადაც სახელმწიფო კონკრეტული დაფინანსებით შემოდის, ანუ საკუთარ თავზე იღებს კონკრეტულ ხარჯებს, თუნდაც  უზრუნველყოფს ტექნიკას.

IMG_3592– შარშანაც გქონდათ პრობლემები, თუმცა მაინც შეძელით ფესტივალის მოწყობა. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ფესტივალის გასაძლიერებლად?

– ყველაფერი ძალიან მარტივია. უნდა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა, რადგან სწორედ ეკონომიკის განვითარებით გაძლიერდება და წინ წავა ყველა დანარჩენი სფერო.

– არის თუ არა გარკვეული ბილეთების ფასი?

– გაძვირებამდე დღიური ბილეთის ფასი 35 ლარი იქნება, აბონიმენტი ანუ სამდღიანი ბილეთი კი, 80 ლარი ეღირება. 16 მაისის შემდეგ დღიური ბილეთის ფასი 50 ლარამდე გაძვირდება, აბონიმემტი კი -120 ლარი გახდება. განსხვავებული ფასი ექნება ღამის კონცერტების ბილეთებსაც. ფასები ჩვენი ბიუჯეტიდან და ხარჯებიდან გამომდინარე განვსაზღვრეთ, თუმცა მაქსიმალურად ვცადეთ შეგვემცირებინა მათი ღირებულება და ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

* * *

ბორის ეიფმანი:

– პირველად თბილისში 1970-იან წლებში ჩამოვედი დასთან ერთად. მაშინ გასტროლებით ყოველ წელს ჩამოვდიოდით, რაც ძალიან დიდი წარმატება იყო ჩვენთვის. ვეროსდროს დავივიწყებ იმ მშვენიერ დროს, როცა უნიჭიერეს ქართველ შემომქმედებთან – გია ყანჩელთან, რობერტ სტურუასთან და სხვებთან ვურთიერთობდი.  შემდეგ დიდი პაუზა გვქონდა და ძალიან მოხარული ვარ, რომ ისევ დავბრუნდი განახლებული ოპერის სცენაზე ქართველ მაყურებელთან შესახვედრად. ჩვენ ”ანა კარენინა” ვაჩვენეთ, რომელიც რეპერტუარში ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლია, რადგან განსაკუთრებული ემოციებითაა დატვირთული. სპექტაკლი უკვე წარმოვადგინეთ ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში, ახლა კი, საშუალება გვაქვს ქართველ მაყურებელსაც ვაჩვენოთ. ძალიან მშნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით, ადამიანები მაინც ახერხებე მოწყდნენ ყოველდღიურ პრობლემებს და საბალეტო წარმოდგენის სანახავად დახარჯონ საკუთარი თანხა და დრო. ბედნიერი ვარ, რომ მაყურებელმა დადებითი ემოციებით დამუხტულმა დატოვა დარბაზი. ამის თქმის საშუალებას კი, ის ხანგრძლივი აპლოდისმენტები მაძლევს, რომლითაც ჩვენ დავჯილდოვდით. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ქართულ პუბლიკას, რომელსაც ყოველთვის კარგად ესმოდა ჩვენი. რაც შეეხება დასს – მინდა ვთქვა, რომ ისინი არა მარტო კარგი მოცეკვავეები, არამედ შესანიშნავი მსახიობები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დასი მყავს, რადგან ყოველთვის მხარში მიდგანან და ახალგაზრდული სულისკვეთებით ცდილობენ მიზნის მიღწევას.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები