LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა შენგელია: სტუდენტობიდან ვარ შეყვარებული კოსმას შემოქმედებაზე

22

17 ნოემბერს რადიო ”ფორტუნას”თათა სადრაძის გადაცემაში ”არტ-FM” ლევან თუთბერიძე, ზაზა შენგელია, დათო გერსამია და მარიამ როინიშვილი სტუმრობდნენ.

ლევან თუთბერიძემ თავის ახალ ფილმზე ”მოირა” ისაუბრა, რომელმაც უკვე მოასწრო მსოფლიო აღიარების მოპოვება.

– ბატონო ლევან, თქვენმა ფილმმა ძალიან ბევრ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და საერთაშორისო პრესის დადებითი შეფასებაც დაიმსახურა. რას გეგმავთ სამომავლოდ?

– მართლაც ძალიან სასიამოვნოა, როცა შენს ნამუშევარს კარგი შეფასება აქვს და შრომა ფუჭად არ იკარგება. ფილმი წარდგენილი იყო სან-სებასტიანის და ვარშავის კინოფესტივალებზე, მსოფლიო აზიური ფილმების ფესტივალზე კი, გრან-პრი მოიპოვა. სამომავლოდ კიდევ რამდენიმე მიწვევა გვაქვს, გარდა ამისა, ”ოსკარის” მარათონისთვის ვემზადებით. მართალია, ძალიან რთული გზა გვაქვს გასავლელი და შესაძლოა ფილმი ვერც მოხვდეს shortlist-ში, მაგრამ ვფიქრობ, მაინც შევძელით წარმატების მიღწევა, რადგან ჩვენი ნამუშევარი უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა, რაც საქართველოს იმიჯზეც დადებითად აისახა.

* * *

ზაზა შენგელიამ და დათო გერსამიამ პროექტზე ”ვლადიმირ კოსმას ფრანგული კინომუსიკის შედევრები” ისაუბრეს, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.  

ზაზა შენგელია:

– ბატონო ზაზა, როგორ დაიბადა პროექტის იდეა?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მასშტაბურობით ეს ყველაზე გრანდიოზული პროექტია, რაც კი, ”ბრავო რექორდსს” გაუმართავს ხუთწლიანი არსებობის მანძილზე. საკმაოდ რთული იყო მისი გააზრებაც, დაწყებაც და გაკეთებაც. მე თვითონ სტუდენტობიდან ვარ შეყვარებული კოსმას შემოქმედებაზე, ჯერ კიდევ მაშინ ვცდილობდი მეგობრებთან ერთად მისი მუსიკის ჩაწერას და შემდეგ ოთხ ხელში გარჩევას. იმ პერიოდში კოსმა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მისი მუსიკის ლეგალურად შეძენას ან მასთან პირადად გასაუბრებას შევძლებდი. სხვათაშორის, ძალიან სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა. ჩემი აზრით ის ერთ-ერთია მსოფლიო კინო-კომპოზიტორების საუკეთესო სამეულიდან. ორი წლის მანძილზე ვცდილობდით მასთან დაკავშირებას, საფრანგეთში ვეძებდით, ის კი – ჰოლანდიაში აღმოჩნდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებები გვქონდა, რადგან ასე მარტივია არაა მისი მუსიკის შესრულებაზე უფლების მიღება, სკურპულოზურად ხდება იმ ორკესტრის შესწავლა, ვინც მის მუსიკას შეასრულებს. ერთწლიანი მიმოწერის შემდეგ, ფრანგულმა მხარემ დავითანხმობა განაცხადა. პირველი, ვისაც ამის შესახებ შევატყობინე, დათო გერსამია იყო, მოგვიანებით მარინა ბერიძეც შემოგვიერთდა და სწორედ მასთან ერთად ჩამოვყალიბდით იმ მუსიკოსების ნუსხაზე, ვინც კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

– რა კრიტერიუმებით მოხდა მუსიკოსების შერჩევა?

– ძალიან შემოქმედებითი პროცესი იყო. მე და მარინა ვიჯექით და ვარიანტებს განვიხილავდით. თითო სიმღერაზე ორ-ორი კანდიდატურა გვქონდა შერჩეული და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, როგორც იქნა შევჯერდით ოპტიმალურ შემადგენლობაზე.

– რამდენადაც ვიცი, აქცენტი ახალგაზრდა მუსიკოსებზე გაკეთდა.

– უფროსი თაობისთვის კოსმას შემოქმედება კარგადაა ცნობილი და შეხსენებაც არ ჭირდება. გადავწყვიტეთ ახალგაზრდებისთვისაც გაგვეცნო ეს მართლაც შესანიშნავი მუსიკა და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ახალგაზრდა შემსრულებლები. თუმცა უნდა ითქვას, რომ ბევრი მის შემოქმედებას უკვე იცნობდა.   

– როგორი იქნება საკონცერტო პროგრამა?

– საერთო ჯამში 19 ნაწარმოები შესრულდება. აქედან ცხრა სიმღერა იქნება, ათი კი – ინსტრუმენტალური ნაწარმოები. საერთოდ, კოსმას ძალიან ბევრი ჰიტად ქცეული სიმღერა აქვს, მისი ნაწარმოებები კი, კარგადაა ცნობილი ქართველი მსმენელისთვის. გარდა ამისა, აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ეს, ამ ტიპის პირველი აბსოლუტურად ლეგალური საღამოა, ანუ კონცერტი შეძენილი უფლებებით და შეძენილი პარტიტურებით გაიმართება, ჩაიწერება და  მოგვიანებით DVD-ფორმატით მთელ ევროპაში გაიყიდება.  მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საღამო ერთგვარი კოლაბორაციაა ქართულ და ფრანგულ კულტურებს შორის. აქვე იმასაც ავღნიშნავ, რომ სპონსორების და ორგანიზატორების ერთობლივი სურვილით გადაწყდა, რომ კონცერტი პარიზის ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნას, რითიც ჩვენს დამოკიდებულებას გამოვხატავთ ფრანგული კულტურის, ხალხის და ზოგადად საფრანგეთის მიმართ.  

– ვინ მიიღებს მონაწილეობას კონცერტში?

– მონაწილეებიდან შემიძლია მარიამ როინიშვილი დავასახელო, ასევე ნინა სუბლატი, გიორგი ნაკაშიძე, ქეთი ორჯონიკიძე და ორი ახალგაზრდა მუსიკოსი – ანანო ღიბრაძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პირველი ადგილი მოიპოვა საბავშვო იურმალაზე და 11 წლის სოფი ვინტერი, რომელიც ევროპაში ცხოვრობს და ნამდვილი აღმოჩენა გახდა ჩვენთვის. სოფი ”ბრავო რექორდსის” ერთ-ერთი ახალი პროექტია. უკვე დაიწერა რამდენიმე სიმღერა მისთვის, ახლა მის პრომოუშენზე ვმუშაობთ ამერიკასა და ბრიტანეთში. ევროპაში სოფის უკვე იცნობენ, ახლა კი, გვინდა მისი შემოქმედება ქართველ მსმენელსაც გავაცნოთ.

– ბატონო ზაზა, კომერციულად რამდენად მომგებიანია დღეს მუსიკალური სფერო?

– სამწუხაროდ დღეს საქართველოში მუსიკა არ არის ბიზნესი და ძალიან ბევრ ნიჭიერ შემსრულებელს არ აქვს საშუალება საკუთარი შემოქმედებით ირჩინოს თავი. ჩვენც ზუსტად ამ მდგომარეობაში ვართ, ჩვენი საქმიანობაც სპონსორებზე და სხვადასხვა რესურსებზეა დამოკიდებული, სწორედ ასე შეიქმნა ეს პროექტიც.

– ვინ იქნება კონცერტის დირიჟორი?

– კონცერტს ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ჯანლუკა მარჩიანო უხელმძღვანელებს, რომელიც ჩემი აზრით უნიჭიერი ადამიანი და საქართველოს დიდი ქომაგია. როგორც თვითონ აღნიშნა, მოუთმენლად ელის საქართველოში ჩამოსვლას და ჩვენს საღამოში მონაწილეობის მიღებას.   

დათო გერსამია:

– ბატონო დათო, როგორი იქნება კონცერტის ვიზუალური მხარე?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ”ბრავო რექორდსი” ის კომპანიაა, რომელიც გემოვნებიან მუსიკას აკეთებს და ეხმარება ქართველ მუსიკოსებს ხარისხიანი მუსიკის შექმნაში. ძალიან მიხარია, რომ კომპანია სრულიად ლეგალურად მუშაობს, რაც ერთგვარი მაგალითი უნდა იყოს ამ სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებისა და მუსიკოსებისთვის. ეს საღამოც აბსოლუტურად ლეგალური იქნება ანუ ოფიციალურადაა გამოგზავნილი პარტიტურა და ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება უბრალოდ მოსმენილი და მერე შესრულებული მუსიკა. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, დეტალებს სიურპრიზად დავტოვებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რადგან ეს ფრანგული კინოს საღამოა, ამიტომ სცენოგრაფიაც ამ სტილში იქნება, ანუ ვცადეთ მუსიკის განწყობა სცენაზე გადმოგვეტანა და ერთგვარი პარიზული ვიზუალი შევქმენით.

– შეიცვალა თუ არა საკონცერტო პროგრამა პარიზის ცნობილი მოვლენების შემდეგ?

– რა თქმა უნდა, ყველა შეძრა მომხდარმა ტერაქტებმა, მსოფლიო უკვე გამოეხმაურა ამ საზარელ ფაქტს და ჩვენს გვსურს შევიტანოთ ჩვენი წვლილი, გამოვხატოთ მწუხარება და მხარში ამოვუდგეთ ფრანგ ხალხს. სათქმელი ყველაზე კარგად სიმღერით ითქმის და ჩვენც ყველანაირად ვეცდებით კონცერტის საშუალებით ვთქვათ ჩვენი სიტყვა, გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება და კიდევ ერთხელ ვუთხრათ ”არა!” ტერორიზმს.

* * *

გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი მარიამ როინიშვილი იყო, რომელმაც მსმენელს თავისი საოპერო კარიერის შესახებ მოუთხრო.

– მარიამ, რატომ აირჩიეთ საოპერო მუსიკა და ვინ შეასრულა გადამწყვეტი როლი თქვენს არჩევანში?

– გადამწყვეტი როლი ალბათ ბაბუამ შეასრულა. ბავშვობაში ექიმის პროფესიაზე ვოცნებობდი და სამედიცინო ინსტიტუტში მინდოდა ჩაბარება. მართალია, ოპერა ყოველთვის მიყვარდა და მშობლები ხშირად მატარებდნენ საოპერო თეატრში, მაგრამ როცა ბაბუამ მსგავსი იდეა შემომთავაზა, ძალიან სასაცილოდ მომეჩვენა. 13 წლის ვიყავი და ალბათ ამ ასაკში ნაკლებად საინტერესო იყო ჩემთვის ეს სფერო. ზოგადად სიმღერით არ ვიყავი გატაცებული, რადგან ოჯახში ყველა მღეროდა და დანაკლისს ნამდვილად არ განვიცდიდი. ჩაბარების დრო რომ მოვიდა, ერთგვარი გარდატეხა მოხდა, დედას მოულოდნელად გამოვუცხდე, რომ კონსერვატორიაში მინდოდა სწავლის გაგრძელება. ძალიან გაუკვირდა, რადგან არ მქონდა მუსიკალური განათლება, კონსერვატორიაში კი, სპეციალური განათლების გარეშე ჩაბარება შეუძლებელია. ერთი წელი მქონდა მოსამზადებლად. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, მინდოდა კარგად ჩამებარებინა, რადგან ოჯახის ყველა წევრს კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული. ვნერვიულობდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა სპეციალობაში 100 ქულა მივიღე.  

– როგორ ფიქრობთ რამდენად დიდია კონკურენცია საოპერო მუსიკაში და როგორ უნდა მოიპოვო შენი ადგილი ამ სფეროში?

– რა თქმა უნდა, ნებისმიერი მუსიკოსისთვის რთულია საკუთარი ადგილის დამკვიდრება, რადგან პირველ რიგში ყურადღება ინდივიდუალურობას ექცევა. დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კარგი შემსრულებელია და კონკურენციაც ძალიან დიდია. ჩემთვის ნაკლებად სასიამოვნოა ქართველ კოლეგებთან შეჯიბრი, საქართველოს საზღვრებს გარეთ კი, ვცდილობ ღირსეულად წარმოვადგინო ჩვენი ქვეყანა, მითუმეტეს რომ, მსოფლიოში და განსაკუთრებით იტალიაში ყველა აღნიშნავს, რომ ქართველები ძალიან ძლიერი მუსიკოსები არიან.

– რა რეჟიმით გიწევთ ცხოვრება?

– ძალიან რთული პროფესიაა და რეჟიმიც შესაბამისი. ბევრის მოკლება გიხდება და ყველაფერი ეს გააზრებული უნდა გქონდეს. ვცდილობ მეც გავიაზრო და ცხოვრების ზოგიერთ სიამოვნებაზე უარი ვთქვა. თუმცა, წარმატებული გამოსვლა, მაყურებლის ოვაცია და დაფასება, ყველანაირ დისკომფორტს ანაზღაურებს. აქედან გამომდინარე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს პროფესია ავირჩიე.

 

აუდიო ჩანაწერი

 


ფოტო გალერეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები