LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძემ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც ფასადებთან დაკავშირებით მისი თხოვნა გაითვალისწინეს

37

“მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, გაუფრთხილდეს მუნიციპალიტეტის საქმიანობის შედეგებს, რაც ქმნის ჩვენი დედაქალაქის ლამაზ იერსახეს,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც ფასადებთან დაკავშირებით მისი თხოვნა გაითვალისწინეს.

„ალბათ გახსოვთ, რამდენიმე კვირის წინ ვისაუბრე ახლად რეაბილიტირებული აღმაშენებლის მაგალითზე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებების – კონდიციონერებისა და გამათბობლების გამო ისტორიული ფასადების დაზიანებასთან დაკავშირებით. მაშინ თხოვნით მივმართე მოსახლეობას, რომ გაეთვალისწინებინათ ეს ყოველივე და ამ ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განხორციელებულიყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩემს თხოვნას დროული რეაგირება და დადებითი შედეგები მოჰყვა,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მას აქვს ფოტომასალა, სადაც კარგად ჩანს, რომ მოსახლეობამ გამათბობლების, მილებისა და კონდიციონერების დემონტაჟი საკუთარი ნებით განახორციელა და ეს პროცესი გრძელდება. კახა კალაძის შეფასებით, აღდგენის სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტს საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარჯის – რამდენიმე ასეული ათასი ლარის გაღება უწევს.

„ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, შესაბამისად, აღდგენის სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება უკანასკნელი შემთხვევა, როცა დაზიანება თვითნებურად მოხდა და მომავალში მსგავს ფაქტებს ადგილი არ ექნება. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს მოქალაქეებს გამოჩენილი პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი ვალის აღსრულებისთვის,“ – დასძინა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები