LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძეს მოსახლეობის უმრავლესობა არ იცნობს – “ევროპული საქართველო” პრემიერმინისტრობის კანდიდატს მხარს არ დაუჭერს

93

“მამუკა ბახტაძეს მოსახლეობის უმრავლესობა არ იცნობს,” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძემ პრემიერმინისტრობის და სხვა მინისტრთა კანდიდატურები გააკრიტიკა.

“პროცესი დაწყებულია უმრავლესობის სხდომით, სადაც “იუნესკოს” და “იუნისეფის” კვლევაზე იყო საუბარი. შემდეგ ბატონი ბახტაძის არჩევით, რომელიც გახლავთ ყველაზე გამოუცდელი დღევანდელ ამ გუნდშიც კი და რომელსაც არ იცნობს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა, შემდეგ ეს დროებითი მთავრობის კონცეფცია და მინისტრები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან მობრძანებული, ოღონდ არ იციან, ორი კვირის მერე იქნებიან თუ არა მთავრობაში. ეს ყველაფერი ტოვებს ღრმად არასერიოზულ შთაბეჭდილებას და აღრმავებს იმ აზრს, რომ ამ გუნდს არ შეუძლია ქვეყნის ნორმალურად მართვა და ვერ აცნობიერებს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას ხელისუფლება და ქვეყანა, ამიტომ, ბუნებრივია, რომ “ევროპული საქართველო” წარმოდგენილ გუნდს მხარს არ დაუჭერს და ბუნებრივია, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან კრიტიკული ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ჩვენს მოსახლეობას აწუხებს,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილი თქმით, “ქართული ოცნების” 6 წლიანმა მმართველობამ ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ პირობებში ჩააყენა.

“პრობლემები, რომლებიც ჩვენს ხალხს აწუხებს, ეს არის სიღარიბე, სიღატაკე, უმუშევრობა და უპერსპექტივო მომავალი. ამიტომ ამ ქვეყანას დღეს სჭირდება კრიზისული გეგმა იმისთვის, რომ სასწრაფოდ დავიწყოთ გამოსვლა იმ ეკონომიკური ვითარებიდან, რომელშიც ქვეყანა შევიდა – უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაში გასული ექვსი წლის მმართველობის შედეგად. ჩვენ ჯერჯერობით ვერაფერი მოვისმინეთ პრემიერმინისტრისგან იმის შესახებ, რეალურად როგორ აპირებს, დაძლიოს სწორედ ეს მთავარი გამოწვევა, რომელიც დღეს საზოგადოების წინაშე დგას. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან მწვავე შეკითხვები სხვა წარმოდგენილ კანდიდატურებთან მინისტრების პოსტზე, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების და სამართალდამცავი სტრუქტურის მესვეობით,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში ხვდება. შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი განიხილება.

 

პოპულალურები