LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტი დაამტკიცა

42

„დამტკიცდა განკარგულება, რომელიც შეეხება 2017-2020 წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტს, ნატო-სა და ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების თვალსაზრისით,” – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ძალიან მრავლისმომცველი დოკუმენტია, რომელიც ითვალისწინებს როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს, ასევე, ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან რაც შეიძლება მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას მომავალ ინტეგრაციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

“ეს არის კონცეპტუალური ჩარჩო დოკუმენტი, რომელზეც, შემდგომ, აიგება შესაბამისი სამოქმედო გეგმები ამ პროცესში ჩართული უწყებების მიერ.”-განაცხადა დოლიძემ.

მან დეტალურად განმარტა სტრატეგიის შექმნის მიზანი:

“მოიცავს ყველა ნაბიჯს, მათ შორის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ პროპაგანდას პროპაგანდით არ ვებრძვით, ჩვენ ცივილური, ევროპული, დასავლური მეთოდით ვებრძვით და ესაა უმთავრესი, რომელსაც ჰქვია ჩვენს თანამოქალაქეებს შორის ცნობიერების ამაღლება. ინფორმაციის მიწოდება, თუ რა სიკეთე მოაქვს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, რატომ ნატო, რატომ ევროკავშირი და არა ევრაზიის კავშირი და საბაჟო კავშირი. გვინდა, მივიტანოთ ყველას ყურამდე, როგორ შეიძლება უკეთესი განათლება მივაღებინოთ ჩვენს შვილებს, როგორ შეიძლება უფრო მეტი ეკონომიკური, საინვესტიციო პროგრამა განვახორციელოთ, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული მოწყობა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის, როგორ უფრო უსაფრთხო, სტაბილური იყოს როგორც ენერგეტიკული, ისე ეკონომიკური უსაფრთხოების და პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა და მომავალი”,-განაცხადა მინისტრმა.

ვიქტორ დოლიძემ განსაკუთრებულად აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა დოკუმენტის შემუშავების პროცესში და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები