LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანიკო ხაზარაძისა და ლილუ ნუცუბიძის დედა-შვილური იდილია – „ლილუ ჩემი ერთგვარი ცენზორია…“

989

ნანიკო ხაზარაძესა და მის შვილს, ლილუ ნუცუბიძეს, რომელიც უკვე დიდი გოგოა, „ტიფანი ბარში“ შევხვდით ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის. ლილუს ამჟამად დედიკოსავით ვარცხნილობა აქვს, თუმცა ნანიკო ამბობს, რომ ეს მისმა ქალიშვილმა თავად გადაწყვიტა.

დედა-შვილს ძალიან საინტერესო ურთიერთობა აქვს, რაზეც სიამოვნებით გვესაუბრნენ.

ნანიკო, როგორი გოგო გაიზარდა შენი ლილუ?

დიდად არ შეცვლილა, უბრალოდ, ფიზიკურად გახდა დიდი. როგორც იყო, ისეთივე დარჩა – კეთილი, პასუხისმგებლიანი, მორჩილი…

ლილუ:

ყველაფერში – არა. მაგალითად, ოთახს არ ვალაგებ ხოლმე. კიდევ ზოგჯერ ვმეცადინეობდი, მაგრამ ხარისხიანად არა… კიდევ ჩემი ნაკლი ისაა, რომ ცოტას ვჭამ, არ მაძალებენ და რაც მიყვარს, იმას მაჭმევენ, მაგრამ მაშინ, როცა არ მშია.

ნანიკო:

რა ქნას, მეტი ნაკლი არ აქვს. მეცადინეობას რაც შეეხება, ახლა უკვე კარგად მეცადინეობს. ეს გამოსწორებულია, დალაგებასაც მოევლება. რაც შეეხება ჭამას, ეს თვითონ გადაწყვიტე, დიდი ხარ უკვე.

ვის ჰგავს ლილუ?

მამამისს ჰგავს საოცრად. ერთი რამ, რაც საერთო გვაქვს, ეს თვალებია. მართლა ძალიან ჰგავს.

ლილუ:

ბებიაჩემი ხანდახან ლევანიკოს მეძახის (იცინის).

ხასიათით ვის ჰგავხარ?

ხანდახან ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს. ასეთ დროს ან გამოუძინებელი ვარ, ან დაღლილი, ან მშიერი. ოღონდ მე ვერ ვხვდები, რომ მშიერი ვარ. როცა შევჭამ, ენერგიული ვხდები და კარგ ხასიათზე ვდგები.

ნანიკო, ბავშვობიდან გამოხატავდა ასეთ ხასიათს?

მართალია. როცა მშიერია, არ უნდა გაეკარო, ლომივით არის (იღიმის). ორ ლუკმას რომ აჭმევ, მართლაც კარგ ხასიათზე დგება. ბავშვობიდან ასეთი ხასიათი ჰქონდა და მართლა არაფერი შეცვლილა. ფიზიკურად გაიზარდა, გამოცდილება დაემატა, რითაც უფრო ჭკვიანურად აკეთებს რაღაცეებს, ფიქრობს…

ნანიკოს დეფიციტი ხომ არ არის შენს ცხოვრებაში, ლილუ?

არა, პირიქით. ყველაფერში მეხმარება, რჩევებს მაძლევს, ხანდახან ვკამათობთ. ზოგჯერ ხომ საჭიროა კამათი? განვიხილავთ იმას, რაც არ მოგვწონს და გვინდა, რომ გამოსწორდეს.

ნანიკო:

ლილუს ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია ჩემი დეფიციტი. იმასაც უნდა ვუმადლოდე, რომ ასეთი გრაფიკი მაქვს. ჩემი სურვილია, რომ ლილუს არ აკლდეს ჩემი ყურადღება და არც აკლია. არ ვიცი, როგორ ვახერხებ. სურვილი თუ გაქვს, ყველაფერს მოახერხებ, ათასი საქმეც რომ გეყაროს თავზე…

მოგწონს, დედიკო რომ ეკრანზეა?

ლილუ:

ძალიან მომწონს. ზოგადად დედაში მომწონს ის, რომ თბილია, კომუნიკაბელურია, გახსნილია ჩემთან და ჩემი საუკეთესო მეგობარია. ზოგს დედასთან არ აქვს ასეთი კარგი ურთიერთობა, როგორც ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან.

ნანიკო:

ჩვენ შორის ტაბუდადებული თემები არ არსებობს. არც მე ვუმალავ არაფერს, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება და არც ლილუ მიმალავს. საქმიანად განვიხილავთ, ვბჭობთ, ხშირად ვეკითხები რჩევებს. სხვათა შორის, ბევრი კარგი რჩევა მოუცია, რაც აქამდე არ ვიცოდი, რომ უნდა გამეკეთებინა. ეს მომხდარა პროფესიულ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. სულ პატარა იყო, ბაღში რომ მივაკითხე. მისი ბაღელის დედა დავინახეთ. მითხრა, რა ლამაზიაო. მეც ვუპასუხე, სულ კარგად აცვია-მეთქი. თუ სულ კარგად აცვია და ასე მოგწონს, რატომ არ გითქვამს მისთვის არასდროსო… მაშინ მივხვდი, რომ არ გამოვხატავდი ჩემს მოწონებას და მეგონა, რომ ავტომატურად ყველა მიხვდებოდა, რაც ასე არ არის. იმ დღიდან დავიწყე დაკვირვება და კომპლიმენტების ხმამაღლა გამოხატვა. იმ დღიდან მოყოლებული ბევრ ადამიანს ვახარებ ჩემი კომპლიმენტებით. ლილუმ გამაკეთებინა ეს აღმოჩენა და მადლობა ამისთვის. პროფესიულ რჩევებსაც მაძლევს. მაგალითად, არ მოსწონს ჩემი პროფესია, იმიტომ, რომ ჟურნალისტები ხშირად ეკრანზე არ საუბრობენ იმას, რასაც მართლა ფიქრობენ. ეს არ ეხება ყველა გადაცემასა თუ წამყვანს, მაგრამ ძირითადად, წამყვანების მინუსია ის, რომ მათ უწევთ სულ სხვა საკითხებზე საუბარი და რეალურად სხვა რაღაცები აწუხებთ. მას მერე დავიწყე ამ თემაზე ფიქრიც, მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე არასდროს ვიტყუები, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ. მას მერე უფრო მეტად ვუფიქრდები, რა უნდა ვთქვა და რა – არა. ასე რომ, ლილუ ჩემი ერთგვარი ცენზორია.

ლილუ:

მკითხეს, რა გინდა, გამოხვიდე, ალბათ, ჟურნალისტიო. მაშინ ვუპასუხე, რომ არ მსურს ჟურნალისტობა, უფრო მეტად მხატვრობა მინდა, რასაც მინდა, იმას დავხატავ და თავისუფალი ვიქნები-მეთქი, ჟურნალისტს კი აზრის ბოლომდე გამოთქმის საშუალება არ აქვს. მირჩევნია, ისეთი საქმიანობა მქონდეს, სადაც თავისუფალი ვიქნები.

კიდევ რა შედის შენს ინტერესებში?

ვცეკვავ, თანამედროვე ცეკვებზე დავდივარ.

დედიკო დადის სკოლის კრებებზე?

სკოლის კრებები არ გვაქვს. მოვიფიქრეთ ასეთი ფორმა, მიმაქვს რვეული, სადაც ვაწერინებ მასწავლებლებს ჩემს დახასიათებებს და მერე ნანიკო ნახულობს.

ერთნაირი ვარხნილობა რომ გაქვთ, ვინ მოიფიქრა?

ნანიკო:

ამას ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყველა მეკითხება, რა უქენი ბავშვსო. რამდენიმე კლასელმა გოგონამ მოიფიქრა და ერთად გადაიპარსეს თავები. დედა არაფერ შუაშია.

ლილუ:

ნანიკო სამსახურში იყო, გაუგრძელდა ჩაწერა. სახლში მივედი და დავურეკე ნანიკოს, 6 ლარი მაქვს და თმა უნდა გადავიპარსო-მეთქი. ნანიკო დამეთანხმა, ოღონდ მთხოვა, დავლოდებოდი. მოვიდა, ერთად წავედით სალონში და გადავიპარსე თავი.

ბიჭი თუ მოგწონს, ნანიკოს უყვები?

კი, ყველაფერს და ძალიან კარგ რჩევებს მაძლევს. მაგალითად, მირჩევს, რომ ძალიან აქტიური არ ვიყო და თვითონაც დააცადო რაღაცის გაკეთება. მეტი არ მახსენდება, მაგრამ მისი რჩევები გამომადგა.

მოკლედ, ძალიან იდილიური ურთიერთობა გაქვთ…

ნანიკო:

მე ვფიქრობ, რომ საუბრით ბევრი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. მხოლოდ ჩემსა და ლილუზე არ მაქვს ლაპარაკი. ხშირად გვგონია, რომ რაღაცას რომ ვფიქრობთ, სხვამაც იცის და ასე არ არის.

აკრძალვები არ არის?

ლილუ:

აკრძალვები არა, მაგრამ ჩემი უსაფრთხოების გამო საღამოს სახლში უნდა ვიყო. ასევე არ შეიძლება სკოლის გაცდენა, ესეც ჩემ სასარგებლოდაა.

პროფესია უკვე არჩეული გქონია…

არა, ალბათ, ხატვა ჰობი იქნება და სხვა საქმიანობას ავირჩევ. ხატვა მიყვარს, მაგრამ მინდა, პრაქტიკული პროფესია მქონდეს.

ფულს ნანიკოს სთხოვ ხოლმე თუ თვითონ გაძლევს?

ხან ასეა, ხან – ისე. ბევრს თუ ვთხოვ და უმიზეზოდ, მაშინ არ მაძლევს.

ნანიკო, რა ღირებულებები ჩადე ლილუში, როგორი გოგო გინდა იყოს?

ძალიან ბევრი რამ თვითონ ლილუსგან ვისწავლე. ის ჩემთვის მთავარი ფიგურაა. მან შეკრა ყველაფერი, რაც აქამდე მქონდა. მან წინა პლანზე გამოიტანა ღირებულებები და მოათავსა ერთ ადგილას. ჩემი მთავარი მისიაა, ლილუმ დამოუკიდებლად ცხოვრება ისწავლოს. შეიძლება, ხვალ აგური დამეცეს თავში და ჩემ გარეშე მოუწიოს ცხოვრებამ. ლილუმ ისიც იცის, რომ მთავარი სიძლიერე ცოდნაა, როცა რაღაც კარგად იცი, არ დაიკარგები. მთავარია სწავლა და დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი.

ბევრი მშობელი აგროვებს თანხას, რომ სწავლაში დააბანდოს…

მისი სკოლა თავისთავად მოიცავს საზღვარგარეთ გამგზავრებას. ახლა მიდის საფრანგეთში ერთი თვით, შემდეგ მე-12 კლასს რომ დაასრულებს, ისევ გაემგზავრება. ახლა არ უნდა წასვლა, მაგრამ ვფიქრობ, მერე მოინდომებს.

ლილუ:

ფრანგული მესმის და ვწერ, მაგრამ მგონია, რომ ოჯახთან ურთიერთობა გამიჭირდება. თან, იქაურ სკოლაში სხვანაირი სისტემაა და მეშინია…

ერთად სამოგზაუროდ დადიხართ?

ვყოფილვართ, თურქეთში, გერმანიაში და შვეიცარიაში.

ნანიკო:

დიდი მილიონერის განცხადება გამოვიდა, მაგრამ ნამდვილად ნამყოფები ვართ. ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. ჟენევაში რომ ჩავედი, სადაც ჩემი მეგობარი ცხოვრობს, ერთ მშვენიერ დღეს ვკითხე, ხომ კარგია აქ-მეთქი და ვერ მიხვდა, რატომ იყო კარგი. დავავალე, მეორე დილას რომ გაიღვიძებდა, ჩემთვის ეთქვა სამი განსხვავება თბილისსა და ჟენევას შორის. ეს განსხვავებები კი იყო შემდეგი – რომ იქ სხვანაირი ბრენდის რძე იყიდება, სხვა ენაზე საუბრობენ და ბევრი ჩიტი დაფრინავს (იცინის). მივხვდი, რომ ლილუისთვის საქართველო იდეალური გარემოა, რადგან მან ვერ ნახა განსხვავება. მივხვდი, რომ არაჩვეულებრივ ქვეყანაში ვცხოვრობთ. შემდეგ ჯერზე უფრო მოეწონა.

ლილუ:

ბევრი ადგილი მოვინახულეთ, ერთხელ დავიკარგეთ და ცოტა გავერთე კიდეც. სუფთა ქალაქია, სიგარეტს არ ეწევა ბევრი და ეს ძალიან მომწონს. ჩუმი ხალხია, მუდო (იცინის). მე უფრო ხალისიანი და გიჟი ვარ, გართობის მოყვარული, იქ კი სულ ჩამოსტირით სახე და მოწყენილები არიან.

ნანიკო:

ესეც თქვენი ევროპა. გაუმარჯოს საქართველოს!..

ლილუ, აქ როგორ ერთობი?

მე და ჩემი მეგობრები ძალიან კარგად ვერთობით, ან ერთმანეთთან ვრჩებით, ან კაფეში მივდივართ.

ნანიკო, წლები რომ გავა და საზღვარგარეთ წავა სასწავლებლად, მონატრებას როგორ გაუმკლავდები?

მონატრება ეგოისტური გრძნობაა. თუკი რეალურად გიყვარს ადამიანი, რომელ ქვეყანაშიც უნდა იყოს, მისი ბედნიერება უნდა გაგიხარდეს. თან, ახლა ტექნოლოგიებია განვითარებული და შეგიძლია ნებისმიერ დროს დაუკავშირდე.

ლილუ:

შეიძლება ნიუ იორკში წავიდე, სადაც ლევანიკოა. 18 წლის რომ ვიქნები, „მწვანე ბარათი“ მექნება, რადგან მამაჩემს აქვს ეს ბარათი. შეიძლება, აქაც დავრჩე…

ნანიკო:

სადაც შენ უფრო მოგეწონება, შეგიძლია, იქ გაემგზავრო.

გადაღების ადგილი: „ტიფანი ბარი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები