LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „სანამ საბა ფიქრობს, რომ გათხოვება და შვილის გაჩენა დედას წაართმევს, არც გავთხოვდები და არც შვილს გავაჩენ…“

184

ნანუკა ჟორჟოლიანსა და მის უმცროს ვაჟს, საბა კოდუას, „ფორტუნას“ ექსკლუზიური ინტერვიუსა და ფოტოსესიისთვის „ამბასადორში“ შევხვდით. საბა ძალიან კომუნიკაბელური და მხიარული ბიჭი აღმოჩნდა, გვესაუბრა, რა პროფესიის არჩევა სურს და რატომ, ცნობილ დედიკოზეც არ მოერიდა ლაპარაკს და იმაზეც, რატომ არ უნდა, რომ ნანუკა კიდევ გათხოვდეს და შვილი ჰყავდეს… თავად ძალიან უნდა პოპულარობა და ძალიან მოსწონს, რომ მის დედიკოს ყველგან ცნობენ და უღიმიან… დედა-შვილის ძალიან სახალისო და ორიგინალურ პასუხებს ჩვენს კითხვებზე თქვენც დიდი ინტერესით წაიკითხავთ.

ნანუკა, როგორც გავიგეთ, საბას ძალიან უნდა პოპულარობა…

ნანუკა:

(იღიმის) მეც ახლა გავიგე, აქ რომ მოვდიოდით, ავუხსენი, რომ ჟურნალისტები გადასაღებად გვეპატიჟებოდნენ და ვკითხე, თუ ექნებოდა წამოსვლის სურვილი. როცა მკითხა, პოპულარული გავხდებიო და ვუპასუხე, კი-მეთქი, გაუხარდა და დამთანხმდა… განსხვავებით ჩემი უფროსი შვილისგან, რომელიც ყველაფერ მსგავსს ძალიან ერიდება და არ უნდა…

მარიამს, როგორც ვიცი, თქვენგან განსხვავებული ხასიათი აქვს…

ჩემგანაც და საბასგანაც. მას არ უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, გაურბის ყველა ინტერვიუს და გამოჩენას, სურს, თავისი ცხოვრება ჰქონდეს და არ იცნობდნენ, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანის შვილს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ამბიციაა. საბა ჯერ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის ასაკშია (იღიმის).

საბა, მოგწონს დედიკოს პოპულარობა?

ძალიან მომწონს. ყველგან ვგრძნობ, რომ პოპულარულია.

ნანუკა:

სხვათა შორის, პირველად „მაკდონალდსში“ ყოფნისას აღმოაჩინა, რომ პოპულარული ვარ. რამდენიმე ადამიანი ფოტოს გადასაღებად მოვიდა და მკითხა, ამას რატომ აკეთებდნენ. ვუპასუხე, იმიტომ, რომ შენი დედა ვარ-მეთქი. ეს დიდხანს ძალიან მოსწონდა.

მშვიდი ხასიათი აქვს, მაგრამ იმავდროულად, კომუნიკაბელურია…

ძალიან კომუნიკაბელურია, კომფორტული, მისი წაყვანა ყველგან შეიძლება, რადგან თავის ტანსაცმელს თვითონ ალაგებს, საჭმელს იმზადებს, თავად ბანაობს და ეუბნება, როდის დააძინო. ერთადერთი დისკომფორტის შექმნა უყვარს – თუ შია, ჩემს მტერს!.. რომ შეჭამს, მერე ისევ კონტაქტურია. წესრიგის მოყვარულია, ჩემგან და მარიამისგან განსხვავებით. ახლა ერთად სამივე პირველად ვიყავით წასული დასასვენებლად და მე და მარიამს საბა გვივლიდა, სულ წესრიგისკენ მიგვითითებდა, ამ მხრივ მე და მარიამი ერთნაირები ვართ, საბას კი გენეტიკურად სხვანაირი ხაზი აქვს, მამას ჰგავს (იღიმის). საბას ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს, მოკლედ, მოწესრიგებული, კონტაქტური ბავშვია. ჩვენ ძალიან ხშირად ვართ ერთად, ერთადერთი, თუკი სადმე ყოფნა არ აინტერესებს, იქ დიდხანს არ ჩერდება…

საბა, ნანუკასთან ერთად რისი გაკეთება გიყვარს, სად დადიხართ ხოლმე?

მაღაზიებში დავდივართ ხოლმე, დედა მყიდულობს ტანსაცმელს და კიდებ ბევრ რამეს, რაც მომინდება. დავდივართ კინოში, საჭმელად, დედიკოს მეგობრებთან…

ნანუკა, სულ ასე დადიოდით?

არა, რაც წამოიზარდა, მას მერე დავამყარეთ კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა. მანამდე სწორხაზოვნად მამასი იყო. საერთო ინტერესი და თემები არ გვქონია, იყო მხოლოდ დედისა და შვილის ურთიერთობა. ფართო ურთიერთობა კი ახლა, ბოლო ერთი წელია, ჩამოგვიყალიბდა და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების პარტნიორია.

რითი გაკვირვებთ?

ბიჭები და გოგონები, თურმე, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. თანაც, მარიამი ჩემი ცხოვრების ნაწილია და ყველგან არის, ჩემს ბედნიერებაში, განცდებში, ცრემლებსა და ემოციებში სულ მარიამია, მეგობარია, მისთვის მინდება ყველაფრის თქმა… კლასიკური გაგებით შვილი მხოლოდ საბაა, მე ნამდვილად მისი დედა ვარ და ის ნამდვილად ჩემი შვილია. მაკვირვებს სითბოთი. არ არსებობს, რომ ახალი კაბა არ შემიფასოს ან ახალი ტუჩსაცხი და არ მითხრას, რომ ლამაზი ვარ, არ დამირეკოს და არ მითხრას, როგორ ვუყვარვარ… ძალიან სასაცილოცაა, რადგან ცხოვრებისეულ საკითხებზე აქვს თავისი მოსაზრებები, ერევა ყველაფერში, გაძლევს რჩევებს. პატარა კაცია…

საბა, გადაცემებს უყურებ და შენიშვნებს აძლევ დედას?

ხშირად არა. იშვიათად ვაძლევ შენიშვნებს.

ნანუკა:

საბა „ნანუკას შოუს“ არ უყურებს, ძალიან იშვიათად. „ნიჭიერს“ უყურებდა ხოლმე და იქ მაძლევდა შენიშვნებს. ერთხელ მითხრა, ძალიან გულამოღებული ზედა გაცვიაო (იცინის), არ მოეწონა. ჩემს გათხოვებაზეც ძალიან მძიმე რეაქცია აქვს. მეუბნება, რომ არ უნდა გავთხოვდე. მოუყევი, აბა, რა თეორიები გაქვს ამასთან დაკავშირებით?

საბა:

არ მინდა, რომ გათხოვდეს. მამას ისევ რომ შეუყვარდეს? თან, არ მინდა, რომ ორი მამა მყავდეს. კიდევ, არ მინდა, რომ შვილი გააჩინოს.

იეჭვიანებ სხვა შვილზე?

ძალიან…

მარიამზე არ ეჭვიანობ?

არა, რადგან მარიამი ჩემი დაიკოა და ძმა არ მჭირდება.

ნანუკა:

საბას იმდენი და და ძმა ჰყავს, შესაბამისად, ბავშვს აღარ უნდა ამდენი დაიკო და ძმა. სხვათა შორის, დაქორწინების თემა მხოლოდ დედას ეხება, მამას – არა, ხომ?

საბა:

არა, არც მამამ არ უნდა მოიყვანოს ცოლი. ისინიც შვილს დაბადებენ და ის ვინ იქნება ჩემთვის?.. ძმა ან და.

ნანუკა:

ე.ი. მამიკომ ცოლი იმიტომ არ უნდა მოიყვანოს, რომ შვილი არ შეეძინოს და მე იმიტომ არ უნდა გავთხოვდე, რომ მამიკოს დაველოდო. ეგოისტი ხარ ჩვეულებრივი (იცინის). ასეთი თეორია აქვს საბას – პრინციპში, მისი ასაკისთვის, ლეგიტიმური ამბავია. მოკლედ, როგორც ვთქვი, ყველაფერზე თავისი აზრი აქვს.

საბას რაიმეს უკრძალავთ?

კომპიუტერულ თამაშებს, სადაც ადამიანებს კლავენ. გარდა ამისა, ერთადერთი თხოვნა მაქვს საბასთან, რომ კარგად ისწავლოს. რატომ უნდა ისწავლო კარგად?

საბა:

იმიტომ, რომ ბევრი ფული მქონდეს…

ნანუკა:

აი, ასეთი მოტივაცია აქვს კარგი სწავლისთვის. უნდა, ბევრი ფული ჰქონდეს, რადგან მანქანები იყიდოს. მე ვუთხარი, რომ ვერ ვუყიდი. უნდა გამოიმუშაოს და თავად შეიძინოს.

საბა, რა პროფესიის გინდა იყო?

ფეხბურთელი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რონალდოა. ფეხბურთელობა იმიტომ მინდა, რომ მათ უფრო ბევრი ფული აქვთ, ვიდრე ჩოგბურთელებს, მორაგბეებს… მე დავდივარ ფეხბურთზე, რაგბიზე, ჩოგბურთზე, ცხენოსნობაზე, ჭადრაკზე და ფარიკაობაზე.

ნანუკა:

ეს იმიტომ გითხრათ, რომ გაარკვია, ჩამოთვლილი სპორტის სახეობებიდან ყველაზე მეტ ფულს ფეხბურთელები შოულობენ (იცინის).

ნანუკა, შენ და საბა ერთმანეთს რით ჰგავხართ?

საბა:

ლოყებზე „იამოჩკებით“ (იცინიან).

ნანუკა:

საბა არის თავიდან ბოლომდე მამის ხაზით. ზოგადად, მგონია, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ მე მგავს კონტაქტურობით, საზოგადოების ცენტრში ყოფნის სიყვარულით, ეს თვისებები ემთხვევა, მაგრამ საბა ზოგადად, მხოლოდ საკუთარ თავს ჰგავს.

მასში ძალიან ბევრს ვდებ. მინდა, იყოს განათლებული. თუკი იქნება ფეხბურთელი, იყოს მაგარი თავის საქმეში, არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიას აირჩევს. მინდა, იყოს ზრდილობიანი ადამიანი.

დედიკოს უყვები, რა ხდება სკოლაში, ვინ მოგწონს?

საბა:

ვუყვები ხოლმე. სკოლაში ერთი გოგო მომწონს და მას საბერძნეთიდან საჩუქარი ჩამოვუტანე, ყელსაბამია და გული ახატია.

ნანუკა, საბა რომ გაიზრდება და დიდი ბიჭი იქნება, ეს როგორი პერიოდი იქნება თქვენთვის?

საბას გაჩენა ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. მის გაჩენამდე არ ვფიქრობდი შვილის ყოლას და მარიამი იქნებოდა ერთადერთი. როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, არც მიფიქრია, რომ არ გამეჩინა. იმის გარდა, რომ საბა ძალიან მიყვარს და ყველას უყვარს თავისი შვილი, კიდევ ერთი მიზეზია – მარიამი გაიზარდა და თავისი ცხოვრების გზა აქვს. ქალის არსებობის მთავარი ფაქტორი არის შვილთან კომუნიკაცია, ამით იღებ ყველაზე დიდ ენერგიას. წარმოვიდგენ, რომ არ მყოლოდა საბა, მარიამი რომ წავიდოდა, სულ მარტო უნდა ვყოფილიყავი. ასე რომ, ქალებს არასდროს უნდა დაეზაროთ შვილების გაჩენა, მე მეზარებოდა… როცა ცხოვრება მოგცემს იმის შანსს, რომ შვილი გყავდეს, უნდა გააჩინო. მშურს იმ ქალების, ვისაც 5 ან მეტი შვილი ჰყავს. იმედი მაქვს, მომეცემა იმის შანსი, რომ კიდევ მყავდეს შვილი და აუცილებლად გავაჩენ!.. ჰაჰა, საბა ამბობს, არაო და მას პატივს ვცემ. სანამ ის იმ ასაკშია, როცა ასე ფიქრობს, მანამდე შვილს არ გავაჩენ. ჩემს შვილს დამატებითი ტრავმები არ სჭირდება!..

გათხოვებაზეც გაითვალისწინებთ შვილის აზრს?

იმ ასაკში, სანამ საბა ფიქრობს, რომ გათხოვება და შვილის გაჩენა დედას წაართმევს, არც გავთხოვდები და არც შვილს გავაჩენ, რადგან საბამ არ ინერვიულოს…  როცა გაიზრდება, თუ გადაწყვეტს, რომ ეს სასაცილო შეხედულება იყო, მერე ვიფიქრებ. მარიამსაც ასეთი აზრი ჰქონდა და რომ გაიზარდა, გადაიფიქრა.

გამიგია, მარიამთან დაკავშირებით ნანუკა ძალიან მკაცრიაო…

ასეა და საბასაც მკაცრად ვექცევი. მოყევი, საბა, დედა რომ ჩხუბობს, სახლში რა ხდება…

საბა:

ისეთი გრძნობაა, თითქოს მიწისძვრაა…

ნანუკა:

არის რამდენიმე საკითხი, რაზეც ძალიან ვჩხუბობ. მარიამის პატარაობისასაც ძალიან მკაცრი ვიყავი და ახლაც ასეა. რაც სრულწლოვანი გახდა, თავისი ცხოვრება აქვს, რჩევისთვის შეუძლია მომმართოს, მაგრამ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა თავად აკისრია… საბას ყველა სურვილს ვასრულებ, რისი ასრულებაც შემიძლია, მაგრამ მკაცრი ვარ. საბას არავის რიდი არ აქვს ჩემ გარდა. მამასთანაც რომ მიდის სტუმრად, ის ეუბნება, დედა გაიგებს, თუ ცუდად მოიქცევიო. ვბრაზდები, თუკი ზრდილობასთან დაკავშირებით იჭრება, ასევე სწავლა-განათებაზე, ასევე, როგორც უკვე ვთქვი, თამაშებზე.

დედიკო რომ ჩხუბობს, რას აკეთებ?

საბა:

ვიმალები… სადაც ადგილს ვიპოვი, იქ. ცოტა ხანს ჩხუბობს, ორი წუთი ან ექვსი. როცა ხმა აღარ ისმის, მერე გამოვდივარ…

ნანუკა, აღნიშნეთ, რომ ბევრ შვილს იყოლიებდით, ეს სინანულია?

სინანული არა, თუმცა ზაფხულის პერიოდია, დადგა მარიამის გამგზავრების დრო და ყოველთვის, როცა მარიამთან განშორების დრო დგება, ვხვდები, როგორი სწორი იყო კიდევ სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, საბას გაჩენა. ბავშვის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მახსენდება ადამიანები მცირე შესაძლებლობებით, რომლებიც შვილებს მაინც ბევრ რამეს აძლევენ. არაფერს ფასი არ ექნებოდა ჩემთვის, როცა მარიამი უკვე დაფრთიანებულია, საბა რომ არ მყოლოდა. ახალგაზრდა დედა ვარ, გუშინ ვიყავი მარიამის ხელა და ვიცი, როგორი შეგრძნებები აქვს. სხვათა შორის, მარიამს ვურჩევ, სანამ მასტერს გააკეთებს, გათხოვდეს და შვილი გააჩინოს. მარიამს რომ გოგო შვილი ჰყავდეს, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა. ძალიან მინდა გოგო შვილიშვილი. ახალგაზრდა დედობა ძალიან კარგია ბევრი მიზეზის გამო. რაც შეეხება საბას, საინტერესოა ბიჭი შვილი, სრულიად განსხვავებულია…

ოცნებებზე ვისაუბროთ…

მაქვს ოცნება, რომლისკენაც გავაგრძელებ სვლას, ვიყიდი დიდ მიწას, ავაშენებ სახლს, მეყოლება ქათმები, მექნება ხეხილი, რომელსაც მოვუვლი… ამისკენ მიდის ჩემი ცხოვრება. მინდა ცხოვრება ბევრ სიმწვანესა და სიმშვიდეში. არასდროს მიყვარდა საგიჟეთი და კლუბური გართობა, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრების გარემოცვაში ყოფნა ძალიან მიყვარს, მშვიდად ოჯახურ გარემოში ყოფნა ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტია.

ანუ ორი ნანუკაა, ერთი ბობოქარი, რომელსაც საზოგადოება იცნობს…

მეორე კი, სამსახურის დასრულების შემდეგ სახლში გარბის (იღიმის). უსაფრთხოდ სახლში მიყვარს ჯდომა, სადაც არც ნერვი გიტოკდება, არც ემოციური ტალღები მოდის, მოკლედ, ჩემს სამყაროში ვარ. ზაფხული საუკეთესო პერიოდია, ვარ მშობლებსა და შვილებთან ერთად, ეს არის საოცნებო გარემო.

მოკლედ, მინდა გოგო შვილიშვილი, თანაც მალე, მინდა სახლი სიმწვანეში, რაც შეეხება კარიერას, მსურს, „ნანუკას შოუმ“ ათწლიანი პერიოდი დაასრულოს და შემდეგ კიდევ ერთი პროექტი, მისგან სრულიად განსხვავებული გავაკეთო და ისიც თავად წავიყვანო…

პირად ცხოვრებას ოცნებები არ უკავშირდება?

პირად ცხოვრებაზე არასდროს ვოცნებობ, პრინციპში, არც კარიერაზე, რაც ჩავიფიქრე, იმას აუცილებლად გავაკეთებ. პირადში სულ მინდა, იყოს მამაკაცი, რომელიც მეტყვის, რომ კარგად გამოვიყურები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შენ რას ფიქრობ, საბა? ხომ უნდა არსებობდეს ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი, რომელსაც ვუყვარვარ? არ უნდა არსებობდეს? სიყვარული არ უნდა მქონდეს?

საბა:

არა, მე ხომ გეუბნები, რომ კარგად გამოიყურები. სიყვარული მამასთან უნდა გქონდეს… ხომ შეიძლება, რომ შერიგდეთ? რომ მოხდეს?

ნანუკა:

ჩვენ ხომ ვისაუბრეთ, რომ ეს ვერ მოხდება?

საბა:

მე ხომ მიყვარხარ?

ნანუკა:

შენ გიყვარვარ…

საბა:

ჰოდა, ეს საკმარისია (იცინიან)…

untitled-3გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი თბილისი“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

https://www.youtube.com/watch?v=LGQCpL4sdiM&feature=youtu.be

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები