LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობას კანონი დაიცავს

182

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებები დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტის მომხსენებელი იუსიტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ბარამიძეა.

პარლამენტისთვის შეთავაზებული ვერსიის მიხედვით, იცვლება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ  კანონის სახელი და მას, ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, დაერქმევა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კანონი, სადაც ქალთა უფლებების დაცვა პრიორიტეტული იქნება. ქალში კი ნებისმიერი ასაკის მდედრობითი სქესის პირი, მათ შორის – არასრულწლოვანი გოგოც იგულისხმება.

ბარამიძის თქმით, ეს არის ფუნდამენტური სიახლე, რომლითაც დაცვის მექნიზმები, რაც აქამდე ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მიმართ ვრცელდებოდა, ქალთა მიმართაც გავრცელდება.

კანონს, ასევე, ემატება განმარტებები. ქალთა მიმართ ძალადობა განიმარტება, როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა ქმედება. მსხვერპლის დეფინიციაში მოიაზრება ქალიც, შესაბამისად, მოძალადის დეფიცინიციაც იცვლება და მოძალადეა ნებისმიერი პირი, რომელიც მათ შორის ახორციელებს ძალადობას ქალზე.

კანონპროექტით ხდება რამდენიმე ქმედების კრიმინალიზაცია, კერძოდ: იძულებითი სტერილიზაცია, ქალის გენეტალიების დასახიჩრება, აგრეთვე ადევნება.

კიდევ ერთი სიახლე, რასაც კანონპროექტი მოიცავს ისაა, რომ შემაკავებელი ორდერი პოლიციელის მიერ გამოწერის შემთხვევაში ძალაში დაუყოვნებლივ შევა და მას დამატებით მოსამართლის ნებართვა აღარ დასჭირდება, რაც ბარამიძის თქმით, სამართალდამცავების ქმედებას უფრო ეფექტურს გახდის. თუმცა, მოძალადეს მისი გასაჩივრება სასამართლოში შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები