LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ტალღა 2018“ – წლის სიმღერის დაჯილდოების ყველა დეტალი

99

„ოქროს ტალღა 2018“ დასრულდა. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გუნდის მუხლჩაუხრელი შრომა ბოლო თვეების განმავლობაში, 15 ნომინაცია და 15 გამარჯვებული, წითელ ხალიჩაზე პოზირება ფოტოგრაფების წინაშე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველისა და ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობა, „ფორტუნას“ ახალი და ძველი სახეები, სპეციალური სტუმრის სტატუსით „გრემის“ მფლობელი ლიზა ფიშერის გამოჩენა სცენაზე, ღიმილიც და ცრემლიც ერთ ღონისძიებაზე – ეს ყველაფერი „ოქროს ტალღის“ ხუთწლიან ისტორიას შესანიშნავად აგვირგვინებს და წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიის სრულიად ახალ ათვლის წერტილსაც ნიშნავს.

დღევანდელი დღის გამოხმაურებები სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ღონისძიება შედგა და ამიერიდან მის სტუმრებს და მათაც, ვინც კონკურსის ტელევერსიას მალე „რუსთავი 2“-ის ეთერში იხილავს, რადიოჰოლდინგ ფორტუნასგან“ შემდეგ წელს კიდევ უფრო მეტის მოლოდინი ექნება.

წითელი ხალიჩა და „ივენთ ჰოლში“ მიღება დიჯეის ჰანგებისა და ალკოჰოლური სასმლის ფონზე, პოზირება „ოქროს ტალღის“ ბანერების წინ – დაჯილდოების წინ მსუბუქი დასაწყისი აღმოჩნდა. ცხრა საათისთვის სტუმრებმა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ყველა მოსამზადებელი სამუშაო უკვე დასრულებული გახლდათ, მალევე ორკესტრის სრული შემადგენლობა სცენაზე გამოვიდა, საკუთარი ადგილები დაიკავა და მას შემდეგ, რაც „ფორტუნას“ 20-წლიანი ამბავი რამდენიმე წუთში ჩატეულ სიუჟეტში მოგვითხრეს, საღამოს წამყვანებმა, ნიკა კაციამ და ნია მოძმანაშვილმა გახსნეს რამდენიმესაათიანი უწყვეტი მარათონი, სადაც ერთმანეთს ცვლიდნენ ღონისძიების მონაწილეები, სტეფანე, ნინა სუბლატი, „შვიდკაცა“, ნანი ბრეგვაძე, რომლებიც კომპოზიციებს ორკესტრთან ერთად ასრულებდნენ, მეორე მხრივ კი წამყვანები, ჟიურის სხვადასხვა წევრთან ერთად, იწვევდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს, რომლებიც  ჯილდოთი გახარებას ჯერ კიდევ დარბაზიდან იწყებდნენ და სცენაზე ასრულებდნენ.

შოუს რამდენიმე კულმინაციური მომენტი ჰქონდა – მათ შორის, ერთი, ძალიან ცრემლიანი, როცა ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო გიო ხუციშვილისთვის განკუთვნილი ჯილდო მისმა შვილმა, ზუკა ხუციშვილმა აიღო. დარბაზი ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს მუსიკოსს, რომელიც ამ დღეს, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო. თვალცრემლიანმა ზუკამ კი ის მომენტი გაიხსენა, როცა 29 მაისს, იმავე დარბაზის სცენაზე მამა იჯდა და უკანასკნელად უმღეროდა მსმენელს…

კიდევ ერთი კულმინაცია დადგა საღამოს ბოლოსკენ. რა თქმა უნდა, ყველა ელოდა, როდის გამოაცხადებდნენ მთავარი ჯილდოს მფლობელის ვინაობას. წლის სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულის გამოსავლენად სცენაზე გამოვიდა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი და ჟიურის თავმჯდომარე, თამარ ჩიგოგიძე, რომელმაც თავდაპირველად ღონისძიებაში ჩართულ ყველა ადამიანს გულითადი მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი კონვერტი გახსნა და გამარჯვებულებიც გამოაცხადა – ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე სიმღერით „ერთხელ წვიმიან ქალაქში“, რომელიც ლილიკო ნემსაძესა და ირინა სანიკიძეს ეკუთვნით. მოულოდნელობისგან დაბნეული სალომე ბაკურაძე ნოდიკო ტატიშვილმა სასწრაფოდ სცენისკენ წაიყვანა. სცენაზე ფოიერვერკის ფონზე, ნოდიკომ და სალომემ მადლობა გადაუხადეს „ფორტუნას“ და სიმღერის შექმნაში მონაწილე ყველა ადამიანს.

სალომე ბაკურაძე:

ვერაფრით შევიკავებ ემოციებს, მგონია, რომ გული გამისკდება. ვიცოდი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნებოდა, ველოდებოდი გულით. მინდოდა, სცენიდან გავმხდარიყავი ამ დიდი ზეიმის მონაწილე და მიმელოცა იუბილე რადიო „ფორტუნასთვის“, მაგრამ წლის სიმღერის ჯილდოს მოპოვებას არ ველოდი. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე შეიყვარა მსმენელმა, მაინც ვერ წარმოვიდგენდი რომ რჩეულთა შორის ჩვენ მოგვენიჭებოდა ასეთი განსაკუთრებული ჯილდო. მადლობა ყველას!..

ნოდიკო ტატიშვილი:

ძალიან  გახარებული ვარ, რაღა დაგიმალოთ, ალბათ, მეტყობა კიდეც. ეს არის სიმღერა, რომელიც გამოჩნდა თუ არა, მომენტალურად შეიყვარა მსმენელმა. მინდა, ყველა ჩვენს გულშემატკივარს, ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს ვუთხრა მადლობა, ვინც ნახა ჩვენი ვიდეო.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ უნდა ვუთხრა გულწრფელი მადლობა, ისინი ყველაზე მეტად იმსახურებენ ამას, გახდნენ სტიმულის მომცემები ჩვენთვის, აფასებენ ჩვენს ნამუშევრებს და გვაძლევენ სტიმულს, შემდეგ წელს მეტი სიმღერა ჩავწეროთ. ბედნიერი ვარ, რომ მეორედ გავიმარჯვე და ორივეჯერ ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად. მადლობა ლილიკო ნემსაძეს, ნესტან სინჯიკაშვილ,ს თაკო დოლაბერიძეს, ირინა სანიკიძეს და ბორიკო შხიანს.

თამარ ჩიგოგიძე:

ძალიან აღელვებულები, მაგრამ ბედნიერები ვართ, რადგან „ოქროს ტალღამ“ არაჩვეულებრივად ჩაიარა. ისეთი არტისტები მღეროდნენ, შეუძლებელი იყო, რომ პროექტი არ ყოფილიყო წარმატებული. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო  მომღერლებს, კომპოზიტორებს, ჟიურის წევრებს, რომ გვიდგანან გვერდით და გვაძლევენ შესაძლებლობას, „ოქროს ტალღა“ ყოველ წელს ჩავატაროთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები