LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ხუციშვილის ცხოვრების ტრაგიკული ეპიზოდები და წარმატება, რომელიც დიდ ასაკში მოვიდა

3310

ქეთი ხუციშვილის, ანუ ლუნას, როგორც მას ქუჩაში და ყველგან ეძახიან, სადაც ფეხს შედგამს, ცხოვრება „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობამ რადიკალურად შეცვალა და თავდაყირა დააყენა. იურისტი, რომელიც კარგად ცეკვავს, მღერის და მსახიობობის ნიჭი აქვს, თავისი პროფესიით უკვე აღარ მუშაობს. ქეთი მიიჩნევს, რომ სხვა ტიპის როლების მორგებაც შეუძლია და საკუთარი თავის იმედი აქვს.

მის ცხოვრებაში ბევრი ტრაგიკული ეპიზოდი იყო და დღეს, როდესაც ასეთ წარმატებას და პოპულარობას მიაღწია, მომავალს ძალიან ოპტიმისტურად უყურებს.

ქეთი ხუციშვილი:

ის წარმატება, რასაც ლუნას როლით მივაღწიე, ჩემთვის ყველაფერია. პროფესიით იურისტი ვარ და საერთოდ არ ვცხოვრობდი ისე, როგორც ახლა ვცხოვრობ. ერთ დღეში ყველაფერი შეიცვალა და ამოყირავდა. ბაღის ბავშვებიც კი მცნობენ, მეძახიან ლუნას. ყველგან ღიმილიანი სახეები მხვდება, აფრქვევენ დადებით ემოციებს. უარყოფითი არაფერი უთქვამთ. მეხვევიან, მკოცნიან, მაჩერებენ და სელფებს იღებენ. თქვენ რომ გამოჩნდით სერიალში… მესიჯებზე არ მაქვს ლაპარაკი. პირადად მწერენ უამრავ თბილ შეტყობინებას, აუარებელი წერილია, მადლობას მიხდიან. მეც მათ ვუხდი დიდ მადლობას.

როგორ წარმოგიდგენია შენი სამსახიობო კარიერა?

ამ საქმით მოვიწამლე. ორი დღე გადაღების გარეშე და მორჩა, გული მიმდის. ისევ მინდა გადასაღებ მოედანზე ყოფნა. ჩემი კარიერა ამ მხრივ ჩემზე არ არის დამოკიდებული. გააჩნია, ვინ რას შემომთავაზებს.

წარმომიდგენია და გაანალიზებული მაქვს ყველაფერი. ვფიქრობ, ბევრნაირი როლის მორგება შემიძლია. ამაზე პასუხს ნამდვილად ვაგებ.

ვიცი, რომ შენში არტისტიზმი ბავშვობიდან დებს. ერთ-ერთი თოქშოუს მაყურებელმა ახლახან ნახა შენ მიერ შესრულებული ესპანური სიმღერა…

ორ ესპანურენოვან ჯგუფში ვიყავი, თუმცა ძალიან ცოტა ხანს, რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩემს შვილს ვჭირდებოდი და ვეღარ ვივლიდი. სახლში ვაკეთებდი ყველაფერს, ვამუშავებდი სიმღერებს და ვიზეპირებდი ტექსტებს. ესპანურშიც ვემზადებოდი სამი-ოთხი თვე, მაგრამ ეს არაფერი იყო. უბრალოდ, პაროდიებს რადგან კარგად ვაკეთებ, არ მიჭირს აქცენტის გამოთქმა. „ანფასში“ კი პირველად წარვადგინე სიმღერა, რომელიც სტუდიაში ჩავწერე და მხოლოდ შინაურებმა იცოდნენ. ამ მხრივაც ვაპირებ რაღაცებს, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით (იღიმის). მაქვს გეგმები.

შენი შვილი რამხელაა?

ჩემი შვილი გიორგი, მარტში 15 წლის გახდება. სერიალს უყურებს და ძალიან ამაყია. სერიოზული ბავშვია და ემოციების გამოხატვა, ჩემგან განსხვავებით, არ უყვარს, თუმცა მე ხომ ვატყობ, მოსწონს ის პოპულარობა, რაც ლუნას როლს მოჰყვა. ის ნახულობს კომენტარებს, ლაიქებსა თუ გაზიარებებს და შემდეგ მამცნობს ხოლმე.

შენს ცხოვრებაში ახლა ძალიან კარგი პერიოდი დგას?

ნამდვილად ასეა. გავუსვამ ხაზს, რომ ამ ასაკში მოვიპოვე პოპულარობა. ვერ წარმომედგინა, ყველაფერი ზღაპრულად მოხდა. ჟურნალისტები ვარსკვლავს რომ მიწოდებენ, ძალიან მეუხერხულობა. რასაკვირველია, მიხარია, მაგრამ მაინც არის უხერხულობის მომენტი. ხდება სასწაულები და ეს სასწაული ერთ დღეში მოხდა. ერთი ღამის ბუმით დაიწყო ყველაფერი.

მეუბნებიან, არ იცი, რეგიონებში რა ხდებაო. უნდათ, რომ ჩახვიდეო. ყველა კუთხიდან მიმეგობრებენ. როგორც კი დავიმეგობრებ, მოდის და მოდის მესიჯები… ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია!..

იყო რთული პერიოდები შენს ცხოვრებაში?

რთულიც და ძალიან რთულიც. ჩემი პირველი შვილი, სამი თვის გოგონა გარდაიცვალა… მაშინ მეც პატარა ვიყავი. ჩემს შვილს ნინო ერქვა. ვირუსი შეხვდა ისეთი, რომ ექიმებმა ვერ უშველეს. ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ… ის პერიოდი ძალიან მძაფრად მახსოვს. ახლა ამას აღარ ვუღრმავდები… სამი წლის მერე გიორგი შემეძინა.

2008 წელს ავტოავარიაში დაიღუპა ჩემი და… დავკარგე ჩემი სულის ნაწილი. პირად ცხოვრებაშიც მქონია ძალიან რთული პერიოდები და დეპრესიული მომენტები. მაგრამ ჩემი ხასიათი მეხმარება, ხალისიანი ვარ, არ ვიკეტები საკუთარ თავში და ეს მშველის, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. ვმღერი, ვცეკვავ და ვაგრძელებ ცხოვრებას…

ბევრს ვფიქრობ ძალიან, რატომ მოვიდა ჩემთან ამხელა წარმატება. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის და უბრალოდ არაფერი ხდება. იმდენი რაღაც გამოვიარე, ნერვიულობა, ტრაგედიები, ვფიქრობ, ეს წარმატება ჩემთან ტყუილად არ მოსულა. ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება და მეც დადებითისკენ შეატრიალა.

მეორედ დაოჯახებაზე რას ფიქრობ? თაყვანისმცემლები გაწუხებენ?

უფრო მეტად მადლობას მიხდიან როლისთვის, ამის იქით არაფერი მიდის. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება. რასაკვირველია, მაქვს მეორედ დაოჯახების სურვილი, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ამ საკითხზე მიზანმიმართულად ვფიქრობ, არ არის ასე. შეიძლება, ახლა გარეთ გავიდე და რაღაც მოხდეს.

ყოფილხარ ძალიან შეყვარებული, მეუღლესთან დაშორების შემდეგ?

ვყოფილვარ შეყვარებული, მაგრამ გადაუვლია.

შენნაირ ნიჭიერ ქალს როგორი მამაკაცი მოხიბლავს?

აუცილებლად უნდა იყოს ძალიან ჭკვიანი და ჰქონდეს იუმორის გრძნობა, უნდა იყოს შეგნებული ადამიანი. ახლა კი ასე ვამბობ, მაგრამ ყველაფერი ხომ ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა?!. ვერ დავდებ თავს, რომ ასეთ ადამიანს ავარჩევ, შესაძლოა, ეს თვისებები საერთოდ არ ჰქონდეს და ისეთი ადამიანი შეგიყვარდეს…

ოჯახური საქმეები გეხერხება?

სულ სამზარეულოში არ ვტრიალებ, მაგრამ შინ სულ გვაქვს საჭმელი. ხუთ და ექვსნაირ კერძს ვერ ვაკეთებ, მაგრამ ოჯახურ საქმეებს მშვენირვად ვუმკლავდები. „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებების შემდეგ ისე ვიღლები, მეორე დღეს სულ ვწევარ, არ მინდა ადგომა და ვისვენებ. ბარები და რესტორნები დიდად არ მიზიდავს, მეგობრებთან ერთად გავდივარ, ყავაზე მარტოც წავსულვარ და ასე ვთქვათ, ამით „მიკაიფია“, მაგრამ ღამის ცხოვრება არ მომწონს.

კიდევ რაიმე ჰობი თუ გაქვს, რაც სიმღერასა და ცეკვასავით კარგად გამოგდის?

(იცინის) რატომ მეცინება, უნდა მოგიყვეთ. ერთხელ ანანურში მოვხვდი. ტირი იყო, ელაგათ ძალიან წვრილი რკინები, ბოლოში კი იყო ასანთის ღერი. ათიდან რვა რკინას გავარტყი, ბოლოს კი ასანთის ღერი შუაზე გავაპე. ეს ორი წლის წინ ხდებოდა. ხალხი მოგროვდა და მიყურებდნენ. ამან ისე მაგრად მიმიზიდა, რომ სროლაზე მინდოდა სიარული. ძალიან დიდი „კაიფია“ მიზანში გარტყმა. არ მივლია, მაგრამ ახლაც მაქვს სურვილი. ეტყობა, ესეც ნიჭია (იღიმის). ბევრი რამ მაინტერესებს. სანამ ცოცხალი ხარ, ინტერესი არ უნდა დაკარგო, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ეს ინტერესი კერძების მომზადების მიმართ ნამდვილად არ მაქვს…

მიზანში გარტყმაზე თუ ვსაუბრობთ, „ჩემი ცოლის დაქალების“ ლუნა ამის ნათელი მაგალითია. ამ სერიალის შემდეგ როგორი წარმოგიდგენია შენი ცხოვრება?

ყველაფერს რეალურად ვუყურებ. ეს არ დამასევდიანებს. ვფიქრობ, ლუნას როლი და ამით მიღებული პოპულარობა მთელი ცხოვრება გამყვება. დღეს, როცა გადასაღებ მოედანზე მივდივარ, თავს ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „კოსტე“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები