LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინე „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ – „გარეგნობის გამო ბაჭიას მეძახიან…“

1115

ანა ჯავახიშვილი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ახლახან გამოჩნდა, ქრისტინე ქალთევზაშვილის როლში. მას და ჩიკას შვილს ერთმანეთი უყვარდებათ და გაპარვას გადაწყვეტენ, ტყუპი მილიონერების ქალთევზაშვილების შთამომავალი ძალიან მორცხვი გოგონაა, რომელსაც აქტიური სანი შეუყვარდა.

ანა ჯავახიშვილის გარეგნობა სოციალურ ქსელში განხილვის თემაა. 20 წლის ულამაზესი გოგონა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტია, თუმცა უკვე მოასწრო ფილმში თამაში და ახლა სერიალის გმირიც გახდა.

ქრისტინე თუ ანა, როგორ გეძახიან ქუჩაში?

(იღიმის) „ის გოგო“. უფრო ასე მეძახიან, არც ქრისტინეს, არც ანას. ნელ-ნელა მოდის პოპულარობა, სერიალში მონაწილეობის პარალელურად. მეუბნებოდნენ, რომ ასეც იქნებოდა, მაგრამ ამის გამო არ დავთანხმებულვარ სერიალში მონაწილეობას. უბრალოდ, მაინტერესებდა და დრო მქონდა.

კასტინგზე მართლა სამჯერ გითხრეს უარი?

სერიალის კასტინგის მენეჯერთან, ეკა მჟავანაძესთან მქონდა ურთიერთობა. როგორც კი მსახიობი სჭირდებოდათ, მივდიოდი და ვესინჯებოდი, მაგრამ ვერაფერი მოვირგე, ზოგი ასაკის გამო, ზოგი იმის გამო, რომ ტიპაჟი არ იყო ჩემი და ა.შ. ბოლოს ქრისტინეს როლი გამოჩნდა და ორივე მივხვდით, რომ ამისგან შეიძლებოდა რაღაც გამოსულიყო. ასაკი იმიტომ ვახსენე, რომ ზოგი ახლაც მწერს და მეკითხება, რამდენი წლის ხარო, ზოგს 13-ის ვგონივარ, ზოგს 15-ის, არადა, 20 წლის ვარ (იღიმის).

არ მახსოვს, კონკრეტულად რომელ როლებზე იყო საუბარი, რადგან „ჩემი ცოლის დაქალების“ ხშირი მაყურებელი არ ვარ. ვიცოდი, რომ პოპულარული და რეიტინგული სერიალი იყო. ყველა მსახიობს, კარგს თუ ცუდს, ეს გზა გავლილი აქვს (იღიმის) და მეც გავხდი ამ დიდი ოჯახის ნაწილი.

რაიმე სირთულე ახლდა როლის გათავისებას?

იყო სირთულეები დროის მხრივ, ასევე წყნეთში გადაძვრომა-გადმოძვრომის დროს.

როგორც ვიცი, სანის როლის შემსრულებელთან ხშირი პარტნიორობა გაკავშირებს…

დიახ, ასე აეწყო, სპექტაკლშიც და სერიალშიც ერთად ვთამაშობთ. სცენებს მარტივად ვაწყობთ, სამი წელი ერთად ვმუშაობდით და ამიტომ.

 

სწავლის ამბები მოგვიყევი.

დავამთავრე საბალეტო სკოლა, მერე კი თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტე. ტრავმა ჰქონდა ფეხზე და ამიტომ პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე. ჯერჯერობით კარგად მიდის ყველაფერი.

ბავშვობიდან მინდოდა სცენაზე, ეს ხუთი წლის ასაკიდან ვიცოდი. ოჯახში ხელოვნებასთან არავის აქვს შეხება, დედა იურისტია, მამა – ექიმი. ვფიქრობ, სწორად ვიპოვე ჩემი პროფესია. დაკავებული ვარ სტუდენტურ სპექტაკლებში. პირველ კურსზე ვიყავი, რუსულ სრულმეტრაჟიან ფილმში ვითამაშე, შემდეგ გადამიღეს რეკლამებშიც. არ დააყოვნა საქმე, მადლობა არ ვიცი, ვის, მაგრამ ყოველთვის იყო რაღაც სამუშაო, ფილმში თუ სხვაგან…

მსახიობისთვის გარეგნობა მნიშვნელოვანია?

მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ უნდა იყოს უინტერესო. არ არის აუცილებელი, იყო ლამაზი და გქონდეს მოდელის სტანდარტი. რაც უფრო არასტანდარტული ხარ, მით უფრო საინტერესო ხდები. მეც არ მაქვს სტანდარტული გარეგნობა, ცოტა დიდი კბილები მაქვს და ცხვირი ოდნავ მარჯვნივ გადახრილი… არ ვარ დაკომპლექსებული ჩემი გარეგნობით, მაგრამ ჩემი პედაგოგი ბაჭიას მეძახის  კბილების გამო(იცინის). რა თქმა უნდა, გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ნაცრისფერი არ იყო.

მსახიობი რომ არა, ბალერინა იქნებოდი?

სცენასთან იქნებოდა დაკავშირებული, სხვა პროფესიას არ ავირჩევდი.

თაყვანისმცემლების ოდენობამ იმატა?

დიდად არ მიგრძნია არასდროს და ახლაც, ვინც მწერს, მეუბნებიან, კარგი მსახიობი ხარ და წარმატებებს გისურვებო. ჯარი არ ყოფილა თაყვანისმცემლების, მეც დისტანციაზე ვარ ყოველთვის, არ ჯდება ჩემს ხასიათში უცნობ ადამიანებთან საუბრის გაბმა. არ შემიძლია კონტაქტი უცხოებთან, მყავს ჩემი წრე, ვისთანაც გახსნილად და კარგად ვურთიერთობ. როგორც კი უცხო ადამიანი მეკონტაქტება და კომპლიმენტს მეუბნება, ცოტა ჩაკეტილი ვხდები.

გარდა ამისა, გაქვს მიზეზი, ჩაკეტილი იყო, რადგან შეყვარებული გყავს…

ჩემი შეყვარებულიც მსახიობია, ლუკა თარხან-მოურავი. თავადაც კარგად ესმის ეს ყველაფერი. თავადაც არ ვარ ასეთი ნატურა. მივესალმები, ვინც უფრო გახსნილია, მე ბავშვობიდან ასე ვარ. ჯობს, ეს ენერგია სხვა რაღაცაში ჩადო,რ აც მეტ წინსვლას მოგცემს, ვიდრე ვიღაცას ეჭორაო და არასაჭირო ინფორმაცია მიაწოდო.

ლუკას შენიშვნები შენთვის ალბათ მნიშვნელოვანი იქნება.

ძალიან, მის შენიშვნებს ვითვალისწინებ, მას ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს, რეჟისორული ხედვაც, რაც მე არ გამაჩნია. ბევრ პროექტზე გვიმუშავია ერთად, ეს არის მესამე პროექტი, სადაც ერთად არ ვართ იღიმის).

დაქორწინებას ხომ არ გეგმავთ?

არა, არა არა!.. ჯერ სხვა საქმეა გასაკეთებელი…

ორი მსახიობი ერთ ოჯახში…

მე დიდად ასე ვერ ვგრძნობ… ბევრ რამეს ვასწავლით ერთმანეთს…

როგორ მიგიღეს „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებმა? ჩიკას ამბავი გვაინტერესებს განსაკუთრებით.

ყველამ ძალიან კარგად მიმიღო. ყველას ჩიკას ამბავი აინტერესებს, კარგად შედგა ჩვენი კომუნიკაცია, ყველას დავუმეგობრდი, ჩიკასაც.

მისნაირი დედამთილი წარმოგიდგენია?

როგორც დედამთილი, კეთილი აღმოჩნდა.

შენს პერსონაჟს სიმორცხვის გარდა, რითი ჰგავხარ?

არაფრით, უფრო განვსხვავდები. უფრო გათამამებული, მშვიდია, მაგრამ ზოგჯერ სპონტანურიც. მეც, ალბათ, ყველას ძალიან მშვიდი და მოწესრიგებული ვგონივარ, მაგრამ ასე არ არის. ქრისტინეს უჭირს შეწინააღმდეგება, სხვები აკეთებენ მის გასაკეთებელს, მე კი პირიქით ვარ, როცა სხვა აკეთებს ჩემს გასაკეთებელს, არ მსიამოვნებს, თავად მირჩევნია საკუთარი პრობლემების მოგვარება.

თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, დავდივარ სპექტაკლებზე, კინოში, ვატარებ დროს სახლში საყვარელ ადამიანთან და ფისოსთან ერთად. ვცდილობ დავისვენო, ვკითხულობ  წიგნს…

პოპულარულ სერიალში მონაწილეობა გარკვეულ იარლიყს აკერებს ხოლმე მსახიობებს…

ყველა სერიალი ასეა, მაგრამ შესაძლოა, ეს მსახიობის ბრალი უფრო იყოს ან სცენარმა არ მისცეს განვითარების საშუალება. ასევე მაყურებლის ბრალიცაა, რადგან მხოლოდ ისეთი წარმოუდგენიხართ, როგორიც ერთ როლში ნახეს. რეჟისორების ბრალიცაა, რადგან ერთსა და იმავე მსახიობებს ერთსა და იმავე ტიპაჟებს სთავაზობენ. მგონია, რომ მსახიობმა თავად უნდა იმუშაოს ამ თემაზე, განვითარდეს და ეს პრობლემა აღარ შეეხება. მეც ასე ვაპირებ (იღიმის).

 

ფოტო: დათუნა აგასი 

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ქისი“

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები