LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ იქმნება ქვეყანაში შრომის ინსპექცია? – დიმიტრი ცქიტიშვილი ჯანდაცვის მინისტრს

97

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს კითხვით მიმართავს, რატომ არ იქმნება ქვეყანაში შრომის ინსპექცია. ჟურნალისტებთან საუბარში დიმიტრი ცქიტიშვილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შახტის დახურვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულებს შენარჩუნებული ექნებათ სოციალური პირობები და გარანტირებული ხელფასები, სხვა შემთხვევაში, შახტის დახურვა არ შეიძლება, რადგან ამას სოციალური პრობლემები მოჰყვება.

დეპუტატი საკითხზე საუბრისას აქცენტს შრომის ინსპექციის შექმნაზე აკეთებს და ამბობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რომ დღემდე შრომის ინსპექცია ვერ იქმნება.

„ჯანდაცვის სამინისტროსთან საუბარი არაერთხელ მქონია, რომ შრომის ინსპექცია უნდა შეიქმნას. ეს მთავარი ღერძია, რომელმაც ადგილებზე სახელმწიფო პოლიტიკა უნდა გაატაროს, რათა მონიტორინგის საშუალება გვქონდეს. სახელმწიფოს უფლება უნდა ჰქონდეს, ობიექტზე შევიდეს, დაათვალიეროს, სანქციები გასცეს და დარღვევევის შემთხვევაში, აღმოფხვრა მოითხოვოს და თუ არ აღმოიფხვრება, საწარმოს საქმიანობა შეაჩეროს. ეს კომპონენტები თუ არ იქნება, კანონის აღსრულება ძალიან ძნელია,“ – აცხადებს დეპუტატი.

დიმიტრი ცქიტიშვილი ვერ აკონკრეტებს, ქვეყანაში შრომის ინსპექცია რატომ არ იქმნება.

„თუ ზომები არ მივიღეთ, ეს არასოდეს დამთავრდება. ვიღაცისთვის თეორიული აბსტრაქტული მიდგომაა, თითქოს ბიზნესგარემოს რაღაც რეგულაციები აფუჭებს. არანაირი ბიზნესგარემო არ მიმაჩნია ჯანსაღად, თუ იქ ადამიანები იღუპებიან. თუ საჭიროა, უნდა დავაჯარიმოთ. სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ, თუ ეს დაცული არ არის, არანაირი ბიზნესი არაფრად ღირს. ბიზნესი იმისთვის გვინდა, რომ ადამიანების კეთილდღეობა უკეთესი იყოს და არა – პირიქით,“ – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი მეშახტე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები