LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის წითელა განსაკუთრებით საშიში დაავადება და როგორ დავიცვათ მისგან თავი – თემურ მიქელაძის რეკომენდაციები

4200

28 თებერვალს ნატა ხარაშვილის გადაცემამ „სტუმრად ექიმთან“ პედიატრს ბატონ თემურ მიქელაძეს უმასპინძლა, რომელმაც ინფექციური დაავადებების – წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.

წითელას გავრცელებით საზოგადოებაში გამოწვეული პანიკა სოციალურ ქსელში გავრცელებულმა დაუზუსტებელმა ინფორმაციამ დაამძიმა. თუმცა მშობელთა ნაწილი მაინც უარს ამბობს გეგმიური აცრების კალენდრით გათვალისწინებული წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინაციაზე, მაშინ, როცა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა განაცხადა წითელას ეპიდაფეთქების შესახებ და მშობლებს დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდა, საბავშვო ბაღებში კი, აუცილებელი გახდა სპეციალური ცნობის და აცრების კალენდრის ცხრილის წარდგენა. არანაკლებ საყურადღებოა ჩუტყვავილას ინფექციაც, რომელიც მართალია, შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ერთი ტრაგიკული შემთხვევა მაინც დაფიქსირდა.

– ბატონო თემურ, რა სიმპტომები ვლინდება წითელას დროს და რატომაა დაავადება ასე საშიში?

– ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა წითელაზე და შემდეგ უკვე ჩუტყვავილაზე საუბარი, რადგან პრაქტიკულად ეპიდაფეთქებასთან მიახლოებული მდგომარეობა გვაქვს. მსგავსი სიტუაცია 2013 წელსაც იყო, როცა 10-12 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა დაავადება მეტ-ნაკლებად ლოკალურია და ძირითადად აჭარის რეგიონში ვრცელდება, თუმცა თბილისშიც გვქონდა რამდენიმე შემთხვევა. წითელა მართლაც განსაკუთრებით საშიშ სახად ინფექციათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც მეტწილად მაღალი ტემპერატურით და გამონაყარით ვლინდება. დაავადებას თავისი პერიოდები აქვს – ინკუბაციური, რომელიც 12-14, ზოგჯერ 6 დღე გრძელდება, პროდრომალური პერიოდი, რომელიც 2 დღე გრძელდება გამონაყარის გარეშე და ბოლოს გამონაყარის პერიოდი. გამონაყარის გაჩენამდე დაავადება ისეთივე ზოგადი სიმპტომატიკით – მაღალი ცხელებით, ყელის და სახსრების ტკივილით, ზოგ შემთხვევაში ღებინებით და კონიუქტივიტით ხასიათდება, როგორც ჩვეულებრივი ვირუსული დაავადება. პროდრომალური პერიოდში წითელას ერთ-ერთი მახასიათებელი კოპლიკის ლაქებია, რომელიც ლოყის შიგნითა ლორწოვან ზედაპირზე ვლინდება და საჭრელი კბილების მიდამოში ვრცელდება. გამონაყრის პერიოდს დაახლოებით 39-40 გრადუსი ახასიათებს და სწორედ აქ იწყება წითელას კლინიკური გამოვლინების პერიოდი. დაავადებისთვის დამახასიათებელია ეტაპური გამონაყარი, რომელიც სახიდან, კისრის გვერდითა ზედაპირიდან იწყება, გულ-მკერდზე გადადის და კიდურებამდე ჩადის ანუ სხვა ინფექციისგან განსხავავებით, წითელას მაღალი ტემპერატურის ფონზე ახასიათებს ეტაპური ლაქოვან-პაპულოზური გამონაყარი.

– ვაქცინაციაზე საუბრისას ყველაზე პრობლემატური ხარისხიანი ვაქცინის არჩევაა, საკმაოდ აქტუალურია ფასიანი და უფასო ვაქცინაციაც. როგორია თქვენი რეკომენდაცია ამ შემთხვევაში?

– საქართველოში წითელა/წითურა/ყბაყურას კომბინირებული ვაქცინა არსებობს. ბოლო სამი წლის მანძილზე აღარავინ მსჯელობს რომელი ვაქცინაა უკეთესია, რადგან ჩვენს ქვეყანაში  მაღალხარისხიანი ვაქცინა – პრიორიქსი არსებობს, რომელიც მთელ ევროპაში გამოიყენება. მანამდე არსებული ვაქცინებიც საკმაოდ ხარისხიანი იყო, რომელთაც ჩემს 22-წლიან პრაქტიკაში გართულება არასდროს მოჰყოლია. ზოგადად, ყველა ვაქცინა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწმდება, ეძლევა შესაბამისი პრეკვალიფიკაცია და სწორედ ამის შემდეგ შემოაქვს ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს საქართველოში.

– არსებობს მოსაზრება, თითქოს ვაქცინა ბავშვის განვითარებას აფერხებს. გარდა ამისა, საინტერესოა რატომაა აუცილებელი ვაქცინის 1 წლის ასაკში გაკეთება და შეიძლება თუ არა მისი გადავადება?

– ყველა ბავშვს თანადაყოლილი იმუნიტეტი აქვს, რომელიც დედისგან გადაეცემა. წითელა/წითურა/ყბაყურას შემთხვევაში ეს იმუნიტეტი ბავშვს 1 წლამდე მიჰყვება, განსაკუთრებით თუ ის ბუნებრივ კვებაზეა. შესაბამისად, ვაქცინის გაკეთების ოპტიმალური ვადა სწორედ 1 წელია, ეპიდსიტუაციის შემთხვევაში კი, გამოიცემა სპეციალური რეკომენდაცია, ვახდენთ ზედმეტ დოზირებას და ვაქცინის გაკეთება 6 თვიდანაც შეგვიძლია. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ წითელას ვაქცინა არ იწვევს აუტიზმს ან ბუნებრივი განვითარების შეფერხებას. ვაქცინასთან დაკავშირებული თუნდაც ერთი ამგვარი შემთხვევა რომ დაფიქსირებულიყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შესაბამის რეკომენდაციას გასცემდა და ვაქცინა აღარ იარსებებდა. სხვათაშორის, წითელას ვაქცინის დანერგვით ყოველწლიურად 3 მლნ-მდე ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც დააავდება მაღალი ლეტალობით ხასიათდება. წითელას მკურნალობა შეუძლებელია, ამიტომ მისი პროფილაქტიკის ერთადერთი საშუალება სწორედ ვაქცინაციაა.

– რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ვაქცინაციის შემდგომ პერიოდს?

– კონკრეტული კომპონენტების მიმართ ალერგიის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქციები, რომელთა მართვა თავისუფლად შეიძლება იმავე კლინიკაში, სადაც ვაქცინაცია გაკეთდა, რადგან ნებისმიერ კლინიკას აქვს ეპინეფრინი, ადრენალინი და სხვა პრეპარატი. მოგვიანებით, პაციენტმა შესაძლოა იგრძნოს ტკივილი, განუვითარდეს პარეზები, დამბლა, თუმცა რამდენიმე თვეში ყველა გართულება უკვალოდ გაქრება.

– ეპიდაფეთქების შემთხვევაში, დაშვებულია თუ არა ვაქცინაცია ადრეულ ასაკში?

– ეპდაფეთქების შემთხვევაში აცრის გაკეთება 6 თვიდან დაიშვება, ამას პოსტ ექსპოზიციური ვაქცინაცია ჰქვია და ეპიდემიური სიტუაციების აღმოსაფხვრელად გამოიყენება. თუმცა ეს არა გეგმიური, არამედ ე.წ. ბუსტერდოზა ანუ დამატებითი ვაქცინაციაა, 1 და 5 წლის ასაკში კი, ბავშვს აუცილებლად ისევ უნდა გაუკეთდეს აცრა.

– როგორ შეიძლება წითელას მართვა სახლის პირობებში?

– წითელათი დაავადებულ პაციენტს აბსოლუტურად მშვიდი გარემოში უნდა შევუქმნათ და სიმპტომატურად ვუმკურნალო A ვიტამინით. 1 წლამდე ბავშვისთვის დოზა 100 ათასი ერთეულით განისაზრრება პირველ და მესამე დღეს, მოზრდილ ასაკში კი, 200 ათასი ერთეულია რეკომენდირებული, აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღებაც. ასევე ექიმის მეთვალყურეობა, რათა არ მოხდეს წითელას სხვა ვირუსული დაავადებებით – პნევმონიით ან მენინგოენციფალიტით გართულება. მეოთხე-მეხუთე დღეს, როცა ტემტერატურა ნორმალიზდება, გამონაყარი კი, ქვემო კიდურებზე ჩადის, იწყება უკუსვლით ალაგება, რაც კეთილსაიმედო მაჩვენებელია, რომ წითელა მარტივად წარიმართა.

– რამდენადაა დაცული აცრილი ბავშვი დაავადებისგან?

– თუ ბავშვი აცრილია, მას შეიძლება შეხვდეს წითელა, თუმცა ბევრად მსუბუქი ფორმით. ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება თანდაყოლილი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებისთვის და ორსულებსთვის. სლოგანი „აცერი და დაიცავი“, სწორედ ამისკენაა მოწოდებული – დავიცვათ საკუთარი ბავშვი და ის, ვისთვისაც ვაქცინაცია აკრძალულია.

– რაზეა დამოკიდებული წითელას გართულება და შესაძლებელია თუ არა მისი პრევენცია სახლის პირობებში?

– წითელას ვირუსით გამოწვეული გართულების – წითელასმიერი პნევმონიის, წითელასმიერი მენინგოენცეფალიტის და ე.წ. შავი წითელას, როცა სისხლდენა ვითარდება, პრევენცია შეუძლებელია. გარდა ამისა, არსებობს წითელას მოგვიანებითი გართულება, როცა დაავადება გამონაყარის გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ზურგის ტვინის სითხის აღებისას, ვხედავთ რომ მაღალია წითელას საწინააღმდეგო ანტისხეულების ტიტრი. ბაქტეალური ინფექციის თანდართვის – ყურის ანთების, პნევმონიის, ცელულიტების, რბილი ქსოვილის ანთების შემთხვევაში შესაძლებელია სტაციონალური მკურნალობა და უკვალოდ ალაგება. თუ პაციენტისთვის, რომელსაც გულის თანდაყოლი მანკი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა ან ნევროლოგიური დარღვევები აქვს, დაავადებასაკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და მისი მართვა სტაციონარშია საჭირო შესაბამასი მედიკამენტური მკურნალობით.

– რამდენ ხანს გრძელდება 5 წლის ასაკში გაკეთებული ვაქცინის მოქმედება?

– ვაქცინა 1 და 5 წლის ასაკში კეთდება, მნიშვნელობა არ აქვს გადატანილი აქვს თუ არა ბავშვს წითელა. შედეგად ვიღებთ 99% იმუნურ ფენას, რაც იმას ნიშნავს, რომ 99%-ით ადამიანს წითელა არ შეხვდება, ხოლო თუ მაინც დაავადა, საკმაოდ მსუბუქად გადაიტანს.

– რა ძირითადი განსხვავებაა წითელასა და ჩუტყვავილს შორის?

– წითელას მაღალი ცხელების ფონზე ეტაპური ლაქოვანი გამონაყარი ახასიათებს, რომელიც სახიდან იწყება და ნელ-ნელა ჩადის კიდურებამდე, ჩუტყვავილასთვის კი, სპონტანური ვეზიკულური, ანუ სითხით სავსე ბუშტუიკოვანი გამონაყარია დამახასიათებელი. ჩუტყვავილას დროს ტემპერატური ან დაბალია ან საერთოდ არ აღინიშნება. ამასთანავე წითელა ბევრად რთულად მიმდინარეობს, პაციენტი მოთენთილია, აქვს სინათლის შიში და ინტოქსიკაციაც უფრო ძლიერადაა გამოხატული. ეს ორი, აბსოლუტურად განსხვავებული დაავადებაა და აბსოლუტურად განსხავვებულად გადაიცემა – წითელას შემთხვევაში გავრცელება 90-95%-ს აღწევს, ჩუტყვავილას შემთხვევაში კი, მხოლოდ 50-60%-ს. მართალია, ჩუტყვავილა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა გართულებები მასაც აქვს მენინგოენცეფალიტის და პნევმონიის სახით, ჰემორაგიული ჩუტყვავილა კი, ხშირად  ლეტალურადაც მთავრდება.

– რამდენად მართალია მოსაზრება, თითქოს ამგვარი დაავადების მოხდა ბავშობაშია უკეთესი, რადგან ზრდასრულ ასაკში საკმაოდ რთული გადასატანია. გარდა ამისა, საინტერესოა, რატომ ინფიცირდება ზოგი ბავშვი ადვილად, ზოგი კი, ნაკლებად?

– გეთანხმებით, სახადი ინფექციების ბავშვობაში გადატანა ბევრად მსიბუქად შეიძლება, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. რაც შეეხება ინფექციის გადადებას, გავრცელებილი მოსაზრება, თითქოს ეს ძლიერ იმუნიტეტზეა დამოკიდებული, აბსოლუტურად მცდარია. გადაცემის მექანიზმი ჰაერ-წვეთოვანი ან კონტაქტურია და დასნეულება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენი ვირულენტური შტამი შეისუნთქა ადამიანმა.

– თქვენი აზრით, რა არის ჩუტყვავილას პრევენციის საუკეთესო საშუალება?

– პირველ რიგში აუცილებელია პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა, არაა რეკომენდებული ბაღებსა და სკოლებში, ჩაკეტილ სივრცეში 25 ბავშვშვზე მეტის გაჩერება. აუცილებლია ოთახის დღეში რამდენჯერმე განიავება და სველი წესით დამუშავება.

– მართალია, ჩუტყვავილას ვაქცინაცია არ შედის გეგმიურ აცრებში, მაგრამ თუ მშობელს მისი ინდივიდუალურად შეძენის სურვილი აქვს, ვინ უნდა განსაზღვროს აუცილებელია თუ არა ამგვარი ვაქცინიცია?

– რა თქმა უნდა, ნებისმიერი არაგეგმიურ ვაქცინაციას ექიმი განსაზღვრავს.

გადაცემის ჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები