LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო ბლიაძე: „ვინც „რეზო და ბავშვების“ ახალი ვიდეოს გადაღებაზე არ მოვიდა, მაინც გვევასება ძალიან…“

452

„რეზო და ბავშვების“ სოლისტი რეზო ბლიაძე ახალ ვიდეორგოლზე გვესაუბრება, რომელმაც „იუთუბზე“ უკვე საკმაო რაოდენობის ნახვა დააგროვა. მისი სახელწოდებაა „მევასები ძალიან“.

რეზო ბლიაძე:

ეს სიმღერა 4 წლის წინ დაიწერა. პრემიერა შედგა „პროფილში“. ეს ვიდეო გარკვეული პერიოდის განმავლობაში იდო „იუთუბზე“, ერთ დღეს კი გაქრა. ინტერნეტში დარჩა მხოლოდ ფოტოებით აწყობილი ვიდეო, რომელსაც უბრალოდ ეწერა სიმღერის სახელწოდება. ხალხი ისმენდა და არ იცოდა, რომ ეს სიმღერა ჩვენ გვეკუთვნის. კონცერტებზე რომ ვასრულებდით, გაკვირვებულები გვიყურებდნენ, „მევასები ძალიან“ თქვენიაო? მოკლედ, ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ სიმღერა იმსახურებდა ვიდეოს.

შვეკრიბეთ ის ადამიანები, ვინც გვევასება ძალიან (იღიმის), ვიღაცები მოვიდნენ, ვიღაცები ვერ მოვიდნენ, ვიღაცები კი არ მოვიდნენ…

დაგწყდა გული?

მეეე? არა (იცინის). მგონი, მათ უფრო დასწყდათ გული, როცა ნახეს, როგორი მაგარი ვიდეო გამოვიდა. ჩვენ და ვიდეოს მათი არყოფნის გამო არაფერი დაჰკლებია, თვითონ დააკლდათ. მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენ მაინც ჯიგრები ვართ და ყველა გვევასება, ისინიც კი, ვინც არ მოვიდა (იცინის).

ძალიან ლამაზი და თბილი ვიდეო გამოვიდა. რეჟისორია პაატა მეიშვილი, ოპერატორი და მონტაჟის ავტორი – ირაკლი პოლსკი მეტრეველი.

ეს სიმღერა თამუნა მუსერიძეს ეძღვნება?

ვინც როგორ უნდა, ისე გაიგებს. თუკი სიმღერას მოისმენთ და ტექსტს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ სიმღერას ასრულებს ადამიანი, რომელმაც „ფეისბუქზე“ დაათვალიერა მუსერას ფოტოები და დაევასა, თუმცა აღნიშნავს, რომ თავისი გოგო უყვარს ძალიან (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები