LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რით გააკვირვა ეკა დემეტრაძე აჩიკო სოლოღაშვილმა ახალი მიუზიკლის მზადებისას

506

ეკა დემეტრაძე და აჩიკო სოლოღაშვილი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, თუმცა ეკას არასდროს უმუშავია პროექტზე, სადაც აჩიკო იქნებოდა რეჟისორი. ორივე მათგანი ახალ მიუზიკლში მონაწილეობს, Welcome To Georgia უცხოელი ტურისტებისთვის იდგმება, თუმცა ჩვენ რეპეტიციებს დავესწარით და ქართველი მაყურებელიც არანაკლებ დაინტერესდება პერფორმანსით, რომელიც საქართველოს საინტერესო კუთხით წარმოაჩენს. მიუზიკლის იდეის ავტორი ნათია ამირიძეა, სცენარის ავტორები კი ირაკლი კაკაბაძე და რატი წეროძე არიან.

სპექტაკლი ორ მოქმედებადაა და ინგლისურენოვანია. მისი პრემიერა მალე იგეგმება, მარტში კი კომერციული ჩვენებები დაიწყება, მუსიკომედიის თეატრში, კვირაში ერთხელ.

მთავარ, ფრანგი გოგონას, ჟულის როლს, რომელსაც ქართველი ბიჭი შეუყვარდება, ეკა დემეტრაძე ასრულებს. მისი პერსონაჟი შეყვარებულს საქართველოში ჩამოჰყავს და კახეთში ოჯახის გასაცნობად ეპატიჟება…

აჩიკო, რამდენად დიდი გამოწვევა იყო შენთვის პროექტის რეჟისორად და ქორეოგრაფად მუშაობა?

აჩიკო სოლოღაშვილი:

გარკვეული დაძაბულობა ამას მოჰყვა. მინდოდა თუ არა, ცოტა ვინერვიუილე, რადგან საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა მთელ გუნდს, რეჟისორს, მეორე რეჟისორს, მსახიობებს, გამნათებლებსა თუ კოსტიუმების მხატვრებს, მუსიკალურ ხელმძღვანელს. ძალიან რთულია, ორ პატარა  მოქმედებაში ჩაატიო შენი ქვეყნის კულტურა და ტრადიცია, მიიტანო უცხოელ სტუმრამდე ისე, რომ მას შეუყვარდეს საქართველო, დაანახო ისეთი რაღაცები, რასაც ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისას შეიძლება, ვერ გადააწყდეს, იქნება ეს ქართულ სუფრასთან მოხვედრა, სადღეგრძელო, მიაწოდო ღვინის, ქვევრის შესახებ ინფორმაცია. ბუნებრივია, ცოტა ვინერვიულე, მაგრამ მიყვარს გამოწვევები, სადაც შემოქმედებითი წვა მიდის. მივიჩნევ, რომ მსახიობების სწორი კასტი შევარჩიე და დარწმუნებული ვარ, ამ დაბრკოლებას კარგად გადავლახავთ.

ეკა დემეტრაძე:

პირველივე წუთიდან, როცა აჩიკომ დაგვიძახა და შეგვკრიბა, ცოტა შიში და დაძაბულობა დაგვეუფლა, მაგრამ მეც, როგორც აჩიკოს, მიყვარს რთული, უცნაური და ახალი საქმის კეთება. ეს საინტერესოა, მით უმეტეს, აჩიკოსთან ერთად არასდროს მიმუშავია, როგორც რეჟისორთან, მიუხედავად ჩვენი დიდი ხნის ნაცნობისა და იმისა, რომ ერთ თეატრში ვმუშაობთ.

მკაცრია, როგორც რეჟისორი?

ამ სიტყვაზე სკოლის მასწავლებლები უფრო მახსენდება (იღიმის), თუმცა საკმაოდ მომთხოვნია, როგორიც არ წარმომედგინა. იყო ჩვენს ურთიერთობაში ეპიზოდები, როცა რაღაც მკაცრად მოითხოვა. ასეც უნდა იყოს, როცა 18 ადამიანთან გიწევს ურთიერთობა და შენ ხარ ერთი. მით უმეტეს, როცა ყველას სხვა საქმეებიც აქვს, აგვიანდებათ, აჩიკომ კი რაღაცნაირად დაალაგა ეს გრაფიკი…

აჩიკო, ცოტა რამ შინაარსის შესახებ…

ქართველი ბიჭი სწავლობს საფრანგეთში მეღვინეობას. გაივნობს ფრანგ გოგონას, ჟულის, რომელიც შეუყვარდება და ჩამოჰყავს საქართველოში, კახეთში პაპასთან და ბაბოსთან. იქ ჩანს, როგორ ვიცით ქართველებმა სტუმრის მიღება. მთელი სოფელი როგორ ერთვება დახვედრაში… საბოლოოდ, სთხოვს ხელს და გაჰყვება თუ არა, ამას სპექტაკლში ნახავთ.

ინგლისურენოვანი სპექტაკლია და მონაწილეობა არ გაგიჭირდა?

ეკა:

გაჭირვებას ვერ დავარქმევ, საინტერესო გამოდგა, მივხვდი, რომ ეს არ არის უბრალოდ ინგლისურად ლაპარაკი. ყველა ენას თავისი კულტურა მოჰყვება. თანაც, ჩემი პერსონაჟი ფრანგია, რომელიც ინგლისურად ლაპარაკობს, ამან ამოცანა გაართულა. ორ რამეზე ვდარდობ სპექტაკლთან დაკავშირებით, პირველი არის აქცენტი, ზედმეტი ხომ არ მომდის ან ხომ არ ვაკლებ. მეორეს საიდუმლოდ დავტოვებ.

აჩიკო:

მე ვიცი. ეკას უწევს სიმღერა სცენაზე პირველად. თამამად ვამბობ, რომ ეკას აქვს სმენა და კარგი მონაცემები. ის, რასაც ახლა გადის, მე 10 წლის წინ გავიარე. მეც მქონდა სმენა, მაგრამ სცენაზე სიმღერა სხვა სირთულეა. გვეხმარება ჩვენი პროფესია, მსახიობები ვართ, რომლებიც უბრალოდ, ვმღერით, არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ მომღერლები ვართ… ეს გეხმარება და გარკვეულწილად, გამოჰყავხარ მდგომარეობიდან, თუმცა პასუხისმგებლობას გიორმაგებს.

ეკა:

პირველად ცხოვრებაში გადავლახე ეს, ვიმუშავე და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემგან არც ისე შორსაა. თუმცა, ბოლომდე მაინც არ ვიცი, რა გამოვა აქედან (იღიმის)

სპექტაკლი უცხოელებისთვისაა, მაგრამ ალბათ, ქართველი მაყურებელიც სიამოვნებით ნახავს.

აჩიკო:

სცენარის წაკითხვის შემდეგ, პირადად მე, ძალიან ბევრი რამ გავიგე საქართველოს შესახებ. აქ როგორი სუფრაც არის ნაჩვენები, რომელთანაც მეც სიამოვნებით დავჯდებოდი და ვიქეიფებდი. ეს ის სუფრა და თამადობაა, რომელიც ქართველებს გვსიამოვნებს, ესაა გაძღოლა და არა დიქტატურა, არიქა, მომისმინეთო. ბუნებრივია, ქართველებისთვის საინტერესო იქნება, მიუზიკლია, უცხოელი და ქართველის სიყვარულის ამბავი, ცეკვა და სიმღერაა…

ქორეოგრაფიის შექმნა რთული იყო?

გავიმეორებ, რომ სხვა პასუხისმგებლობაა. ერთია, როცა მეგობრებთან ერთად ხელს გავშლი და ვიცეკვებ, მეორეა, როცა უცხოელისთვის მცირე ადაპტირება გიწევს, რომ კიდევ უფრო ემოციური სანახავი იყოს მისთვის. რთულია, მაგრამ ჩემს მსახიობებთან ერთად არაფრის მეშინია (იღიმის).

ეკა, პრემიერის წინ კიდევ რაზე ნერვიულობ?

ღელვის გარეშე არ გამოდის, მაგრამ არ მაქვს დრო, რომ ამაზე ვიფიქრო. გვინდა, ყველაფერი აეწყოს და პირველ რიგში, ჩვენც ვისიამოვნოთ. ღელვაა, მაგრამ უფრო მეტად მიხარია და მოლოდინი მაქვს.

აჩიკოს სიმკაცრესაც წერტილი დაესმება…

(იცინის) აჩიკო ალბათ ყველაზე საყვარელი რეჟისორია, ვისთანაც მიმუშავია…

იმედია, კიდევ ითანამშრომლებთ…

აჩიკო:

რატომაც არა, თუმცა მე სცენაზე დგომა მირჩევნია. მანამდეც მქონია მცდელობები, სპექტაკლიც დამიდგამს, მაგრამ 18 კაცის შენს ენაზე ალაპარაკება არ არის ადვილი. მირჩევნია, სცენაზე ვიდგე და სხვამ აგვალაპარაკოს (იღიმის).

 

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: მუსკომედიის თეატრი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები