LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოიხიბლა არნოლდ შვარცენეგერი ქართველი დების საოპერო აკადემიით

265

ეთერ ჭყონია (ლამორისი) ქართველი საოპერო შემსრულებელია, რომელიც მთელ მსოფლიოში უამრავ დადგმაში მონაწილეობს და ამ სფეროში ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია. ქალბატონი ეთერი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას ინტერნეტით დავუკავშირდით ინტერვიუს ჩასაწერად.

ჩვენმა რესპონდენტმა საკუთარი აკადემიის შესახებაც ისაუბრა, რომელიც დასთან ერთად დააფუძნა და იმ ღონისძიებაზე, სადაც არნოლდ შვარცენეგერის მიწვევით, ზამთარში უნდა გაემგზავროს.

თუ შეიძლება, რომ მოგვიყვეთ თქვენი ოპერით დაინტერესების შესახებ.

ჩვენს ოჯახში მე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებდა საოპერო მუსიკა. ჩოგბურთს ვთამაშობდი და შეჯიბრებებზე გამოვდიოდი, მოგრამ როდესაც მშობლებმა შეიტყვეს, ჩემი სერიოზული წარმატებების შესახებ სპორტის ამ სახეობაში, სასწრაფოდ გამომიყვანეს, ეშინოდათ, რომ მუსიკას ჩამოვრჩებოდი. სხვათა შორის, ჩოგბურთის თამაშისას ხშირად ჩემი მეტოქე ზურაბ ჟვანიას მომავალი მეუღლე, ნინო გახლდათ. მაშინ 13 წლის გახლდათ. შემდგომში ჩვენ დავმეგობრდით… რაც შეეხება მუსიკას, დღემდე საოპეროზე მეტად, სიმფონიური ორკესტრისა და საფორტეპიანო მუსიკა მიყვარს.

პირველი სერიოზული როლი, რომელიც შეასრულეთ.

მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრების პირველი სერიოზული როლი დეზდემონას პარტია გახლდათ თბილისის ოპერის თეატრში, ჯანო კახიძის მეთაურობით და ზურაბ სოტკილავას პარტნიორობით. თუმცა ჯერ სტუდენტი გახლდით, დიდი გაკვეთილი და გამოცდილება იყო ჩემთვის. უნდა ვთქვა, რომ პროფესიული გაგებით, თავიდანვე იღბლიანი ვიყავი. სულ გამოჩენილ ხალხთან მიწევდა მუშაობა. ზოგს ეგონა, ეს ყველაფერი ჩემი მშობლების ძალისხმევით ხდებოდა, მაგრამ როდესაც დასავლეთ ევროპაში მოვხვდი, იგივე განმეორდა – ჩემი ბიოგრაფიისთვის ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა. ამავე დროს ვამჩნევდი, რომ ბევრ კარგ მომღერალს არ ეძლეოდა ასეთი საშუალებები, ამიტომაც ვფიქრობ, იღბალს ჩვენ კარიერაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

გაიხსენეთ თქვენი კარიერის მნიშვნელოვანი ეპიზოდები, მაგალითად,  პლასიდო დომინგოს კონკურსში მონაწილეობა და ..

ასე ვერ გამოვყოფ. ყველა გამოსვლამ თავისი როლი ითამაშა. უფრო მეტსაც გეტყვით: დომინგოს გამოჩენამ ჩემს გზაზე, თუ ასე შეიძლება ითქვას, უფრო „შემიშალა“ ხელი, ვიდრე დამეხმარა. ყოველ შემთხვევაში, განსაკუთრებული დახმარება, სამწუხაროდ, არ ყოფილა, ვინაიდან მე მაშინ უკვე მრავალგზის ლაურეატი ვიყავი და როგორც აღვნიშნე, ძალიან იღბლიანად და წარმატებულად მივაბიჯებდი წინ. მაშინ უკვე უამრავ ცნობილ ადამიანთან ერთად მქონდა ნამღერი, მაგალითად, ბაშმეტთან, სპივაკოვთან, ჰენდრიკსთან, სარდინეროსთან, არმილიატოსთან, დი ნისსასთან, ბარენბოიმთან, გრეივსსა და სხვებთან, ამიტომ დომინგოს გამოჩენამ თავისებურად შეზღუდა ჩემი შესაძლებლობები. მაგალითად, მეგონა, კარგს ვაკეთებდი და დომინგოს მენეჯერთან დავიწყე თანამშრომლობა. მან ექსკლუზიური კონტრაქტი მომთხოვა და აღმოჩნდა, რომ მისი პროექტები მხოლოდ დომინგოს უკავშირდებოდა,  სხვა არაფერი შეეძლო. ეს, ალბათ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა… არავის ვურჩევ, ვინმესთან თუნდაც 5-წლიანი ექსკლუზივი გააფორმოს. 5 წლით კარგავს თავისუფლებას. ჩვენს კარიერაში მრავალი ნიუანსია  და დასაწყისში აუცილებლად გჭირდება მრჩეველი, თუმცა მე დღესაც არაფერს ვუჩივი. მე მხოლოდ ვლაპარაკობ იმაზე უკეთეს კარიერაზე, ვიდრე გავიკეთე, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნება და კარიერა ორი სხვადასხვა რამ არის – როგორც ცა და დედამიწა. ნამდვილ ხელოვნებას, საბედნიეროდ, ვერავინ წაგართმევს დღევანდელი საშუალებების დახმარებით, როგორიცაა ვიდეო, აუდიოჩანაწერები.

საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ? ცნობილია, რომ ფესტივალის გამართვას აპირებთ…

დიახ, საკუთარი პროექტები მაქვს და ერთი ძალიან კარგი იდეა. გულწრფელად ვიტყვი, ჯერჯერობით გაჩუმებას ვამჯობინებ. რატომღაც წინასწარ რომ ვყვები, განსაკუთრებით სახალხოდ, ის პროექტი აღარ გამოდის, ამიტომ უკვე მისი განხორციელების შემედეგ ვისაუბრებ.

რაც შეეხება საქართველოში ჩვეულებრივ გამოსვლებს, ხშირად მეკითხებიან, ვინ არ მღერის თბილისის თეატრში, შენ კი, ფაქტობრივად, თეატრში გაზრდილმა ადამიანმა, ხალხს თავი მოანატრეო? ჩვენ, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, დიდი წინაღმდეგობების გადალახვა გვიწევს, სანამ ინტერნაციონალურ კარიერას მივაღწევთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, იქაურებს ბევრად სჯობდე და ბევრჯერ დაამტკიცო შენი უპირატესობა, უცხოეთში ჩასულ ქართველს მაინც მუდამ უწევს ამ უპირატესობის დამტკიცება, ვინაიდან სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ყველა ქვეყანაში თავიანთ მომღერლებს ეძებენ. როგორი წარმატებულიც უნდა იყო უცხოეთში, ემიგრაცია მაინც მწარეა. თავს ყოველთვის სტუმრად გრძნობ. ხელოვანი ხალხი არ არის დამნაშავე იმაში, რომ ჩვენი საქართველო ასეთი მოუწყობელია, მუდამ გაჭირვებული. ზოგჯერ შორიდან რომ ვუყურებ, და იმ ქვეყნებს ვადარებ, სადაც ცხოვრებამ მომიწია ან მიწევს (ესპანეთი, ავსტრია, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, აშშ), საქართველო ჩემს მესამე შვილად წარმომიდგენია, რომელიც ბავშვობიდანვე ავად არის და გული მტკივა. ავადმყოფი შვილი ხომ ძალიან გეცოდება და გიყვარს… ისიც ვიცი, რომ თავად საქართველო არ არის ამ მდგომარეობაში დამნაშავე. ეს გეოპოლიტიკურმა ადგილმდებარეობამ განაპირობა – თურქეთისა და რუსეთის მეზობლობამ. ამან ბოლო 15 წლის განმავლობაში ამან განაპირობა ინტელიგენციის და საუკეთესო ფენის წარმომადგენლების უცხოეთში გადასახლება. დამწყებ მომღერლებს რომ დაელაპარაკები, თითეული მათგანი მხოლოდ საქართველოდან გაქცევაზე ფიქრობს – რა გითხრათ, ქალბატონო ეთერ, საქართველო და კონკრეტულად თბილისი ერთი დიდი სოფელი გახდაო.  ადრე კლასიკურ მუსიკას საქართველოში ბევრი და ჭეშმარიტი მაყურებელი ჰყავდა, დღეს, ოპერის თეატრის სპექტაკლებზე ან ბებია-ბაბუას ნახავ, ან ფულიან ახალგაზრდობას, რომელსაც ამით ტრაბახი ან თავიანთი ჩაცმულობისა და სამკაულების ჩვენება, ან ვინმეს გაცნობა უფრო აინტერესებს, ვიდრე თვითონ სპექტაკლი. ამიტომ, ყოველივე ზემოთ ნათქვამის ფონზე, ისევ და ისევ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლა და თავის ჩვენება „ნახეთ, რა კარგად ვმღერი“, და „რა კარგად ვცხოვრობ იქ ევროპაში, აქ მხოლოდ თავის საჩვენებლად ჩამოვდივარ და ისევ მივდივარ“ – როდესაც საქართველოში დღეს ამდენი პირველი საჭიროების პრობლემაა, როგორიც არის კვება, ჩაცმა, მკურნალობის თანხები და დასაქმება, ძალიან მიჭირს. ამიტომაც ხშირად აღარ ჩამოვდივარ და თუ მომავალში ჩამოვალ, ეს უფრო ამაღლებულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. თქვენ ალბათ იცით, რომ ავსტრიაში მე და ჩემს დას საკუთარი საზაფხულო აკადემია გვაქვს. ჩვენი ფესტივალის დროს ბევრი ქართველი ახალგაზრდა ჩამოდის იქ პრაქტიკის მისაღებად და ჩვენს საერთაშორისო კონკურსზე გასამარჯვებლად. იმდენად ცნობილი გახდა ჩვენი აკადემია, რომ არნოლდ შვარცენეგერსაც კი მიაქცევინეს ყურადღება და მის ივენთზე დაგვპატიჟეს. ამიტომ, საქართველოს ჯერჯერობით იმით მაინც ვეხმარებით, რომ ნიჭიერ ვოკალისტ სტუდენტებს გადასახადსგან ვათავისუფლებთ და კონკურსზე ვინც ღირსია – პრემიებს, სპეციალურ პრიზებს და სტიპენდიებს ვურიგებთ. ჩვენთვის ეს უფრო მეტად საქველმოქმედო საქმეა, ვიდრე თბილისში კიდევ ერთხელ კონცერტის გამართვა.

არნოლდ შვარცენეგერთან შეხვედრაზე მოგვიყევით…

24 მარტს, ავსტრიაში, ქალაქ გრაცის უნივერსიტეტში, არნოლდ შვარცენეგერს გადასცეს ჯოზეფ კრაინერის საერთაშორისო ჯილდო, შემდეგ გაიმართა დიდი ღონისძიება, სადაც მე და ჩემი და, ნატო ნიკოლი ჭყონია და ჩვენი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები იყვნენ მიწვეულნი. ნატო აკადემიის დამფუძნებელია, მე – დირექტორი. ჩვენმა აკადემიამ სახელი გაითქვა და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან.

ალბათ იცით, რომ შვარცენეგერი გრაციდან არის, მას ძალიან მოეწონა ჩვენი აკადემიის გამოსვლა და 2018 წლის ზამთრაში ლოს ანჯელესში დაგვპატიჟეს გალაკონცერტზე, რომელიც სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნება. მისი სახე და დამფუძნებელი კი არნოლდ შვარცენეგერი გახლავთ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები