LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტრო vs გამომცემლობები: დაზარალდებიან თუ არა მოსწავლეები

251

დაპირისპირება გამომცემლობებსა და განათლების სამინისტროს შორის

განათლების სამინისტრო და გამომცემლობები სახელმძღვანელოების გრიფირების წესზე ვერ შეთანხმდნენ. გამომცემლობებისთვის განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებული გრიფირების ახალი წესი მიუღებელია. როგორც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორი თინათინ მამულაშვილი აცხადებს, სამინისტრო მათ კერძო საკუთრებას ართმევს და ამ პირობებით კონსენსუსის მიღწევაზე საუბარიც კი ზედმეტია.
სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესის მიხედვით, ახალი წესის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე ტენდერს აცხადებს, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, მათ შორის მთავარ გამომცემელს. გამომცემლობები ქმნიან სახელმძღვანელოს კონტენტს, სამინისტრო კი ბეჭდავს მათ.

აღნიშნული პირობები გამომცემლობებისთვის მიუღებელია. თინათინ მამულაშვილის თქმით, განათლების სამინისტროსთან თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, კონტენტის შინაარსთან ერთად, გამომცემლობები ბეჭდვის უფლებასაც იტოვებდნენ, მიწოდებულ სახელმძღვანელოებს კი სახელმწიფო უსასყიდლოდ გაავრცელებდა, თუმცა შემდეგ პირობები შეიცვალა და ორი მხარე კონსენსუსამდე ვეღარ მივიდა. გარდა ამისა, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორი კიდევ ერთ სიახლეზე გამოთქვამს უკმაყოფილება. როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, გრიფირების კონკურსზე გამარჯვების მიუხედავად, გამომცემლები არ არიან დაზღვეულნი, რომ სამინისტრო მათგან გამარჯვებულ სახელმძღვანელოს შეისყიდის.

ჩვენ, გამომცემლებმა, ჩვენი ხარჯით უნდა შევქმნათ სახელმძღვანელოები, შემდეგ წარვადგინოთ კონკურსზე და გრიფის მინიჭების შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს უფლება არ შეისყიდოს სახელმძღვანელოები გამომცემლებისგან. ასეთ პირობებში საერთოდ რა მოლაპარაკებაზეა საუბარი. ჩვენი მოთხოვნაა რომ გამომცემლობებმა კონტენტის შექმნასთან ერთად, სახელმძღვანელოები თავად დაბეჭდონ. ჩვენ ვქმნით ინტელექტუალურ საკუთრებას, ვხარჯავთ ფულს და გვართმევენ ამ ინტელექტუალურ საკუთრებას. თუ სამინისტრო დათმობაზე არ წამოვა, საგამომცემლო სფერო აღარ განვითარდება, ეს კი ბევრ პრობლემას შექმნის, დაზარალდებიან მოსწავლეები“ – აცხადებსფორტუნასთანთინათინ მამულაშვილი.

 


სახელმწიფო არავის არაფერს არ ართმევს

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი ნანა კილასონია „ფორტუნასთან“  გამომცემლობების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების დღევანდელი წესში ბევრი სიახლია, მიზანი კი ერთადერთია: „მოსწავლეებს მიეწოდოთ ხარისხიანი სახელმძღვანელოები“. ნანა კილასონია აქამდე გამომცემლების დაბეჭდილი სახელმძღვანელოების ხარისხზე უკმაყოფილებას არ გამოთქვამს, მაგრამ აღნიშნავს, რომ სახელმძღვანელოს ხარისხზე ცალსახად საუბარი არ შეიძლება.

იქიდან გამომდინარე, რომ ხარისხის უზრუნველყოფა ბევრ რამეს უკავშირდება და ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური ბეჭდვა, არის ბევრი სხვა მიმართულება, ბევრი ფაქტორი, სახელმწიფოს აქვს ასეთი მიდგომა: აგრძელებს მოსწავლეების უზრუნველყოფას წიგნებით და მოსწავლეებს ხარისხიანი სახელმძღვანელოები უნდა მიეწოდოთ“, – აღნიშნავს ნანა კილასონია.

რაც შეეხება ბრალდებას, რომლის მიხედვითაც სამინისტრო გამომცემლობებს „კერძო საკუთრებას ართმევს“, კილასონია აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბეჭდვის უფლებას ყიდულობს, გამომცემელს კი შეუძლია გამოცხადებულ ტენდერში მიიღოს მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში დამატებით ჰონორარი მოიპოვოს.


ინფორმაციები ვრცელდება ძალიან არასწორად. სახელმწიფო არავის არაფერს არ ართმევს. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში წერია, რომ ავტორს გარდა არაქონებრივი უფლებებისა, აქვს ქონებრივი უფლებები და ჩამონათვალი არის ძალიან დიდი. ამ გრიფირების წესის მიხედვით, სახელმწიფო გამომცემელს სთავაზობს ამ ჩამონათვალიდან რამოდენიმე  უფლების მოყიდვას, იმ შემთხვევაში თუ ეს სახელმძღვანელო იქნება გრიფმინიჭებული“, – აცხადებს ნანა კილასონია.

განათლების სამინისტრო დათმობაზე წასვლას არ აპირებს

რაც შეეხება გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს, რომლის შესყიდვაზეც სახელმწიფოს უფლება აქვს უარი განაცხადოს, ნანა კილასონია აცხადებს, რომ დღესდღეობით გრიფირების კონკურსი გამოცხადებული არ არის და როგორც კი გრიფირება გამოცხადდება, პირობებზე ორივე მხარე დიალოგის გზით შეთანხმდება და ეს პირობები არანაირად არ დააზარალებს გამომცემლებს.

ჩვენ ვუხსნით მათ, რომ გრიფირების გამოცხადების დროს, პირობები არანაირად არ იქნება კაბალური, არამედ იქნება გონივრული შეთავაზება. ჩვენ ვართ პარტნიორები და რანაირად უნდა უგულებელვყოთ მათი ინტერესები. ხაზს გავუსვამ, რომ მოდელი ნამდვილად არის ახალი, უჩვეულო გამომცემლობებისთვის და ყველა გამომცემელს აქვს თავისი მიდგომა. დასათმობი არაფერი არ არის. განათლების სამინისტრო ორიენტაციას არ ცვლის. ჩვენ აუცილებლად გავალთ კონკრეტულ შეთანხმებაზე. თუ პრინციპია ის, რომ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო მე შევქმენი და მე უნდა დავბეჭდო, ეს არის მათი არჩევანი“ – აღნიშნავს კილასონია.


რა საფრთხეს ხედავენ გამომცემლობები ბეჭდვის უფლების სამინისტროსთვის გადაცემით

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“ იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც შეიძლება ბეჭდვის უფლების სახელმწიფოსთვის გადაცემამ გამოიწვიოს. თინათინ მამულაშვილის თქმით, კონტენტის შექმნისა და ბეჭდვის უფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის შემდეგ, შესაძლებელია მასალა დასაბეჭდად მოხვდეს ისეთ სტამბაში, რომელიც წიგნებს „შავ ბაზარზე“ გაიტანს.

რა გარანტია მაქვს, რომ ჩემი დისკები არ მოხვდება ისეთი სტამბის ხელში, რომელიც მათ შავ ბაზარზე გაიტანს? როდესაც სტამბები ბეჭდავდნენ ჩვენს წიგნებს, მერე ეს წიგნები იყიდებოდა შავ ბაზარზე და გამომცემლობების გვერდის ავლით ხვდებოდა ეს წიგნები კერძო სკოლებში“ – აცხადებს თინათინ მამულაშვილი.

რაც შეეხება ჰონორარს, რომელსაც სახელმწიფო ბეჭდვის უფლების ყიდვაში იხდის, თინათინ მამულაშვილი აცხადებს, რომ ჰონორარი გარკვეული არ არის და ასეთი პირობებით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ თანამშრომლობაზე თანახმა არ არის.

„დღევანდელ პირობებზე მე თანახმა არ ვარ, ძალიან დიდი შრომა და ენერგია ჩავდეთ, რომ სექტემბრისთვის წიგნები მოგვესწრო, ახლა კი გამოვიდა რომ მთელი შრომა წყალში ჩაგვეყარა, უნდათ რომ რაღაც კაპიკებად მიიღონ სახელმძღვანელოები, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვიღირს“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორი თინათინ მამულაშვილი.

გვანცა ბზიავა

 

პოპულალურები