LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ბრიუსელთან ერთად ოთხი დღის განმავლობაში იქნება ნატო-ს პოლიტიკური ცენტრი

61

თბილისი ბრიუსელთან ერთად ოთხი დღის განმავლობაში იქნება ნატო-ს პოლიტიკური ცენტრი, რაც საქართველოს პროგრესის და განვითარების აღიარებაა, ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ  ხვალ საქართველოში  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იწყება, რაც ისტორიული მოვლენაა.

”დღეს ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების მეთაურების შეხვედრა გაიმართება და ხვალიდან ეს ცენტრი გადმოინაცვლებს თბილისში, სადაც დაიწყება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ნატო-ს ისტორიაში მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა არაწევრ ქვეყანაში ასამბლეა. 2002 წლის შემდეგ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატო-ს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის პროგრესის, დემოკრატიის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება. ამ დღეს ჩვენ დიდი სიხარულით ვხვდებით. ხვალ არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მართლაც ამ შემთხვევაში ეს დღე ემთხვევა იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში ტარდება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ჩვენ ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი წარადგინოს თავი საერთაშორისო ასპარეზზე”, – განაცხადა სესიაშვილმა.

თბილისს 600-მდე დელეგატი ეწვევა.  სესიაშვილის ინფორმაციით, სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

დეპუტატის თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნების დელეგატები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და საქართველოს მიღწევებს გაეცნობიან.

„ასევე, მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიაზე, როგორც წესი, არ იღებს ან იშვიათად იღებს რეზოლუციას ან დეკლარაციას, თუმცა, ამ შემთხვევაში გვაქვს პატივი, რომ ამ ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული, რასაც მივესალმებით”, – აღნიშნა სესიაშვილმა.

დელეგაციასთან ერთად საქართველოში არ ჩამოვა ნატო-ს გენერალური მდივანი. ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ეს იენს სტოლტენბერგის აშშ-ში ვიზიტს უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები