LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ფაცაცია მეოთხე შვილის გაჩენაზე ფიქრობს

1248

თიკა ფაცაცია შუათანა იოსთან და ნაბოლარა ვაჟთან, ალექსანდრესთან ერთად „ორანჟერეაში“ გვესტუმრა, სადაც პატარებმა გართობით გული იჯერეს, დედასთან ერთად იპოზიორეს ფოტო და ტელეკამერების წინ და შემდეგ ცნობილ დედიკოს ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემაც დააცადეს.

ვიცი, რომ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ახერხებ შვილებისთვის დროის დათმობას…

თიკა ფაცაცია:

ყველაფრის მიუხედავად, პირველ რიგში, დედა ვარ. ეს არის ჩემი მთავარი დანიშნულებაა, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ დედას ჰქონდეს თავისი საქმე. ეს მნიშვნელოვანი და საჭიროა. ძალიან რთულია, მაგრამ მომუშავე და დატვირთულმა მშობელმა შეიძლება, დრო დაუთმოს საკუთარ შვილებსაც და კარიერასაც. რაღაცები გეპარება, შეცდომებს უშვებ, მერე კი, მომდევნო შვილებზე ცდილობ ხარვეზების გამოსწორებას. ბევრი რამ მეც მეპარება, ჩემი შვილების ყოველდღიურობიდან, რადგან იმ მომენტში მათთან ერთად არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, შეთავსება შესაძლებელია და ეს ორი რამ ერთმანეთს ძალიან ავსებს.

მეოთხე შვილზე გიფიქრია?

მიფიქრია. რა უცნაურია იცი? ერთი შვილის დედა როცა ვიყავი, საკმაოდ ხანგრძლივად, ათი წლის განმავლობაში, არც წარმომედგინა მეორე შვილი, მიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა და კვლავ დედობის განცდის გაღვიძება. მე და ჩემი მეუღლე რომ ვსხედვართ და ვსაუბრობთ ხოლმე, სულ ვამბობ, რომ ჩემს შვილებზე მნიშვნელოვანი არაფერია. მიფიქრია მეოთხე შვილზე, მაგრამ ისევ შიში მიპყრობს. გვანცა დარასელიას რომ შეეძინა პატარა გოგონა, გამახსენდა ჩემი განცდები, როცა შვილს პირველად შეხვდები. ისე გამოვხატე ჩემი ემოციები, რომ მკითხეს, შენც ხომ არ ფიქრობ კიდევ შვილის გაჩენაზეო, მაგრამ არ გადამიწყვეტია ჯერ (იღიმის).

ბიჭის დედობა განსხვავებულია?

არის. ვერ წარმომიდგენია  შვილი, რომელიც ბიჭი არ არის. სულ ასე მეგონა, რომ ბიჭების დედა უნდა ვყოფილიყავი. მგონია, რომ განსხვავდება. ძმისშვილი მყავს გოგონა და რაღაც მომენტებში ვიჭერ ჩემ თავს, რომ ალღოს ვერ ვუღებ. თუნდაც შენაძენების დროს. ბევრი ვათვალიერე ერთხელ და ბოლოს კაბა ვუყიდე, ოღონდ ცისფერი (იცინის). ნელ-ნელა ვცდილობ, ვარდისფერები შევაპარო. ჩემთვის გოგონა შვილი მაინც უცხო ხილია.

მკაცრი დედა ხარ?

ზოგჯერ ვარ. პირველ შვილთან უფრო მეტ სიმკაცრეს ვიჩენდი. რადგან დედისერთა იყო, არ მინდოდა, განებივრებული და ასე ვთქვათ, „გაფუჭებული“ ყოფილიყო. მერე მივხვდი, რომ არაფერია ცუდი, როცა ბავშვი მოფერებასა და სიყვარულში იზრდება. მიყვარს წესრიგი და ამ მხრივ ვარ მკაცრი, მიყვარს, როცა ბავშვებს ბოლომდე მიჰყავთ საქმე, რასაც დაიწყებენ და არ მომწონს, როცა შუა გზაში მიატოვებენ ხოლმე. მინდა, წესრიგს შევაჩვიო.

უფრო შორს იყურები? ფიქრობ, ქუჩის ცხოვრება როგორ შემოვა მათთან?

შესაძლოა, მე არც უნდა ავარიდო, თავად ნახონ და გადაწყვიტონ. პირველი ბიჭი უფროსია, მაგრამ მისი ინტერესი სხვა მიმართულებით მიდის და სხვა რაღაცებზე ვდარდობ. დიდი ოცნებები და მიზნები აქვს, მეშინია, რომ არ გამოვიდეს, არ დაითრგუნოსო. მერე ვფიქრობ, რადგან ასე უნდა, ბოლომდე უნდა ვცადოთ-მეთქი. ემოციური კოლაფსის უფრო მეშინია, ბიჭები არიან, რაღაცები უნდა ნახონ საკუთარი თვალით, მაგრამ ინფორმაციას სულ ვაწვეთებ ხოლმე. ვუზიარებ ჩემს შიშებს, ან ამბავს მოვუყვები, რაც მაწუხებს. ვცდილობ, ეს ბუნებრივად მოხდეს და არ იყოს გადამეტებულად სენტიმენტალური. ვყვები ამბავს, რომელიც არ მომეწონა და ვამბობ, რომ მერჩივნა, სხვანაირად მომხდარიყო. უფროს ბიჭს არჩევანს ვთავაზობ და თავად ირჩევს, რა გზით წავიდეს. ჩემს აზრს ვეუბნები, მაგრამ გადაწყვეტილებას ვანდობ მას. არ ვიცი, რამდენად კარგია თუ ცუდი და მეც მეშინია, მაგრამ ვმეცადინეობ, რომ გონება ვმართო, მათი მომავლის კარგად დასანახად.

ვეძებთ რაღაცებს, რაც გამოსდით და მოსწონთ. მგონია, რომ მშობელს ამისთვის ბევრი დრო არ აქვს, რომ მოსინჯოს შვილებთან ბევრი რამ, 12-13 წლამდე უნდა მოასწრო, მერე შეიძლება, ვეღარ დაიყოლიო. ხშირად ახალგაზრდები უშვებენ შეცდომებს პროფესიების არჩევისას, ეს ჩვენს თაობაში განსაკუთრებული პრობლემა იყო. ძალიან მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იპოვონ თავიანთი საყვარელი საქმე, რაც დიდი ბედნიერებაა და არ უკავშირდება რუტინას, გადაღლასა და პესიმიზმს.

როგორი დედამთილი იქნები, გიფიქრია?

ცუდი (იცინის). ასე ამბობენ, აუ, შენ რა დედამთილი იქნებიო. ძალიან მინდა, კარგი ვიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა გამომივა, არ ვიცი. რთულია, როცა რაღაცას შენიშნავ და შენთან ახლოს არაა, არ ჩაერიო. რაც ნაკლებს დაინახავ, მით ნაკლებად გექნება ჩართვის შანსი. ჩემთვის მთავარია, ჩემი შვილები უყვარდეთ.

უფროს შვილს შენთან გატარებული დროის დეფიციტი ჰქონია?

აქამდე არ უთქვამს, შესაძლოა, გარკვეული წლების შემდეგ მითხრას, არ ვიცი. მგონი, არ უგრძნია ჩემთან ურთიერთობის დეფიციტი. ახლა მე უფრო პატარებს ვკურირებ, მამა – უფროსს, რადგან უფრო დაახლოვდნენ, ასაკთან ერთად და ერთი ხედვა აქვთ. ზოგჯერ მეც გამოვთქვამ აზრს, რომელიც ჩემი უფროსი შვილისთვის მისაღებია. ძალიან რთულია შვილების აღზრდა. სულ ვაშინებთ შვილებს, ჩვენი გამოცდილების შესაბამისად, მაგრამ რომ არ ვუთხრათ, ოკეანეში ხომ არ ჩავაგდებთ პირდაპირ ცურვის სასწავლად?

არის რაიმე შეცდომა, რომელიც არ გინდა, შვილებმა გაიმეორონ?

ჩემს თავს არ ვაძლევდი მაშტაბური ოცნების საშუალებას, არარეალური იყო და იმიტომ. ძალიან მოკლევადიანი მიზნები მქონდა. ვიწრო არეალში ვმოქმედებდი. როცა იზრდები , ხვდები, რომ ბევრმა ბევრი რამ შეძლო, კარს თუ დაგიკეტავდნენ, ფანჯრიდან შესვლაც შესაძლებელი იყო… ალბათ, გაუბედაობამ განაპირობა ჩემი შეცდომები და ვისურვებ, რომ ჩემი შვილები არ იყვნენ გაუბედავები. მეტი მნიშვნელოვანი შეცდომა, მადლობა სამყაროს, არ დამიშვია!..

გადაღების ადგილი: „ორანჟერეა“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები