,,დიდი შოკი იყო ჩემი ცვლილება, მთელი ჩემი ოჯახი ტიროდა…დედა ხელს მიჭერდა, ნუთუ, მართლა ალექსანდრეაო” – რას იხსენებს ალექსანდრე ზაზარაშვილი

197
BeFunky-collage - 2024-02-13T005937.034

ქართველი უნიჭიერესი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი 4 წლის შემდეგ ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა და თავისი ემოციები ჟურნალ ,,თბილისელებს” გაუზიარა.

,,ოთხი წელი არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი. ბოლო წუთამდე არ მეგონა, რომ მართლა მოვდიოდი. აღარ მჯეროდა ამის. ძალიან დიდი ხანია, ჩამოსვლა მინდა, მაგრამ ვერა და ვერ გამოვიდა.

თვითმფრინავში ჯდომისას რომ ვფიქრობდი, მალე ჩემი ოჯახის წევრებს ვნახავდი, ღამე კი ჩემს ლოგინში დავიძინებდი, გული ისე მიჩქარდებოდა, სუნთქვა მიჭირდა. ამიტომ ამაზე ფიქრსაც კი ვარიდებდი თავს. თურქეთის გავლით ჩამოვედი და გადაჯდომის შემდეგ, როდესაც უკვე თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალ თვითმფრინავში ვიჯექი და თბილისამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი, ფანჯარაში მთები დავინახე. ისეთი ლამაზი იყო ფილმის კადრი გეგონებოდა. მაშინ ვიგრძენი, რომ უკვე საქართველოში ვიყავი. მხოლოდ მაშინ დავიჯერე, რომ ეს მართლა ხდებოდა.

ესკალატორზე რომ ჩამოვდიოდი, კარი გაიღო და ჩემი დის და მისი მეგობრის სახე დავინახე. მათაც დამინახეს და საოცარი ემოციები ჰქონდათ. ამის შემდეგ კარი დაიკეტა და ბარგის აღებას 15 წუთი დასჭირდა. იმხელა მოლოდინი იყო, მეგონა, 15 საათი გავიდა. ერთი სული მქონდა, გამოვსულიყავი და ყველას ჩავხუტებოდი.

დედა ძალიან ემოციური ადამიანია. მისთვისაც და მთელი ჩემი ოჯახისთვის დიდი შოკი იყო ჩემი ცვლილება. აქედან სულ სხვანაირი ალექსანდრე გაუშვეს და უცებ ძალიან გაზრდილი და შეცვლილი ჩამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოთხი წელი სულ ვსაუბრობდით და ერთმანეთს ვხედავდით, ამდენი წლის შემდეგ რეალურად პირველად მნახეს ასეთი შეცვლილი და დედაჩემიც და მთელი ჩემი ოჯახი ტიროდა. დედა ხელს მიჭერდა, ნუთუ, მართლა ალექსანდრეაო. ძალიან ემოციური იყო ჩვენი შეხვედრა”, – ამბობს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები