„ისეთი დაკვირვება იქნება არჩევნებზე, როგორიც არასდროს ყოფილა“ – ენმ EU-ის ელჩებს შეხვდა

130
ლევან ხაბეიშვილი

ჩვენი პარტნიორები აპირებენ ქართველი ხალხი ივანიშვილის პარტიასთან მარტო არ დატოვონ, ვისაუბრეთ 3 პრიორიტეტსა და გამოწვევაზე, რომელიც „გამარჯვების კოალიციას“ აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის მთავარი თემა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საარჩევნო მანიპულაციები და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობა იყო.

„ევროკავშირის ელჩთან და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა. ვისაუბრეთ 3 პრიორიტეტსა და გამოწვევაზე, რომელიც „გამარჯვების კოალიციას“ აქვს.

ეს საკითხები შეეხებოდა იმას, რომ წარმოუდგენელია კონკურენტუნარიანად შეფასდეს არჩევნები, როცა მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში. მეორე, ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ 300-მდე იდენტიფიცირებული უბანი, სადაც ყველაზე დიდი რისკია მანიპულაციის, გაყალბების, სადაც ივანიშვილის პარტია ყველაზე მეტად ახერხებს მანიპულაციებს და იწერს შედეგებს. ასეთი საარჩევნო უბნები საქართველოში არის 300-მდე, სადაც საზოგადოება რომ მიხვდეს, „ქართულ ოცნებას“ თითქოსდა აქვს 90-95%-იანი მხარდაჭერა. ხომ გესმით, რომ ეს შეუძლებელია?! ამ უბნებზე, ფაქტობრივად, ხელით წერენ საარჩევნო შედეგებს, ამიტომ, ეს ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს გავუზიარეთ. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც რამდენიმე საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, ეს არის საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები – როგორ უნდა გახდეს საქართველო ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა, საიდანაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი არ გარბიან ჩვენი მოქალაქეები, არამედ, საქართველოში აქვთ ღირსეული შემოსავალი.

საქართველოა თავად ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ვიმსჯელეთ თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობა და ის, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნები საქართველოს კურსს განსაზღვრავს, რაც კარგად ესმით საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს პარტნიორებსაც.

„ჩვენი პარტნიორებისგან არსებობს არჩევნებზე დაკვირვებისთვის მზაობა. ივანიშვილს ვპირდები, რომ ვერანაირ მანიპულაციას ვერ შეძლებს, მთავარია, ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდეს. ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი დაინტერესებული და აქტიურები, როგორც არასდროს ყოფილან. ახლა ისეთი დაკვირვება იქნება არჩევნებზე ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როგორც არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები