LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილმა კორპორაციის Emaar Properties დამფუძნებელთან საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილა

138
ლეო

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, კორპორაციის Emaar Properties დამფუძნებელთან მუჰამედ ალი რაშედ ალაბართან კორპორაციის საქართველოს ბაზარზე შემოსვლისა და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობის საკითხები განიხილა. შეხვედრაში, ლევან დავითაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილეები მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძეც მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ყურადღება ლიბერალურ საგადასახადო სისტემასა და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზეც გაამახვილეს.

Emaar Properties უძრავი ქონების განვითარების მულტიეროვნული კომპანიაა, რომელიც აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს და მილიარდობით აქტივებს ფლობს მსოფლიო მასშტაბით, მუჰამედ ალი რაშედ ალაბარი კი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის – „ბურჯ-ხალიფას“ მფლობელია. როგორც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში ისეთი მსხვილი კორპორაციის შემოსვლა, როგორიცაა Emaar Properties, დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, საქართველოსადმი ნდობას არამხოლოდ საამიროებში, არამედ სპარსეთის ყურის და სხვა ქვეყნებში.

კორპორაციის Emaar Properties დამფუძნებელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რჩება საინვესტიციოდ ერთ-ერთ საინტერესო და მოწინავე მიმართულებად, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმის და ავიაციის კუთხით. მუჰამედ ალი რაშედ ალაბარის განცხადებით, მსგავსი სახის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობას, ასევე გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები