„სასტუმროებში მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ შევიძინეთ დამატებით ჟანგბადის კონცენტრატორები. გუშინ 100 კონცენტრატორი დარიგდა საქართველოს მასშტაბით. 1 დეკემბრისთვის კიდევ ველოდებით დამატებით 900 ჟანგბადის კონცენტრატორს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, სასტუმროების ბაზაზე პაციენტების მართვა იყოს ეფექტიანი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინიტრმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძემ არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპისთვის თავისუფალია 331 საწოლი.
მან ასევე ისაუბრა იმ ცვლადებზე, რომლითაც განისაზღვრა, თუ რომელ ქალაქებში უნდა განხორციელებულიყო შეზღუდვები.
„ეს არის ინფექციის გავრეცელების კოეფიციენტი, კლინიკებისა და სასტუმროების საწოლფონდი, რეზერვი, ოჯახის ექიმების გადანაწილება, მოსახლეობის სიმჭიდროვე და ასაკობრივი ზღვარი.
შეზღუდვებში ასევე მოყვა ქალაქები, რომლებიც ამ ეტაპზე არ არის კრიტიკულ ზღვარზე. ჩვენ გამოცდილება მივიღეთ ზაფხულში ბათუმის მაგალითზე, როდესაც ბათუმი იყო მწვანე ზონა, მაგრამ მოხდა ინფექციის მიგრაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ორი კვირის ანალიზის შედეგად კონკრეტულად იქნება შესაძლებელი, ვისაუბროთ შეზღუდვების ეფექტურობაზე, ასევე ვიმსჯელოთ მის გამკაცრებაზე, ან პირიქით – შემსუბუქებაზე.
