LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 მეტრი ისტორიამდე: საქართველომ უელსთან მაგრად იბრძოლა

48

ბორჯღალოსნებმა კარდიფში, გადაჭედილ “პრინსიფალითი სთედიუმზე” გამართულ მატჩში უელსს დიდი ბრძოლა გაუმართეს და მეტოქეს მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოთი ჩამორჩნენ, 7 ქულის სხვაობით – 6:13.

იმ ერთი ლელოს გატანის შანსი დასკვნით 10-15 წუთში ორჯერ შეგვეძლო.
ფინალურ 10 წუთში ქართველი მორაგბეები ძალიან ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან. პირველ მცდელობაზე, მეტოქის 5 მეტრიანთან დანიშნული შერკინება – უდავო ლელოზე მიანიშნებდა. მთავარმა არბიტრმა სამჯერ მოუწოდა უელსელ რაგბისტებს წესების დაცვისკენ და მორიგ დარღვევაზე ტექნიკური ლელო უნდა დაფიქსირებულიყო საქართველოს სასარგებლოდ, მაგრამ შერკინებაში ბორჯღალოსნები დაჯარიმდნენ. მატჩის უკანასკნელ წუთებზე კი ქართველ მორაგბეებს სულ რაღაც 1 მეტრი აშორებდათ ისტორიულ ლელომდე, თუმცა წესების დარღვევის გამო არბიტრმა საქართველოს ნაკრები დააჯარიმა და ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული.

უელსმა ერთადერთი ლელო პირველ ტაიმში გაიტანა, როდესაც ფლანგზე მეტობა შექნა და გამოიყენა. ამ დროს “დრაკონები” 10:0 დაწინაურდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა თითო ტაიმში თითო ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 4 ქულამდე დავიდა. უელსმა აღარ გარისკა და შანსი რომ მიიღო ჯარიმა თავადაც დაარტყა, რასაც ბორჯღალოსნების ზემოთნახსენები შტურმი მოყვა, სამწუხაროდ, უშედეგო.

ქართველებმა რაგბის მექად წოდებულ სტადიონზე ღირსეული თამაში აჩვენეს, მრისხანე უელსთან ღირსეული შედეგი დააფიქსირეს.


ახლა ჩვენები წლის დასკვნით მატჩში 25 ნოემბერს, “მიხეილ მესხზე” აშშ-ს დაუხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები