თბილისში მეტროს ამორტიზებული მატარებლები ახლით შეიცვლება. ვაგონების განახლება შემდეგი 3 წლის განმავლობაშია დაგეგმილი.
დაგეგმილია 44 ახალი ვაგონის, 11 მატარებლის შესყიდვა, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 49,2 მილიონ ევროს შეადგენს.
„მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვის მიზნით EBRD-ის პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა სს “მეტროვაგონმაში” დაგეგმილია 44 ახალი ვაგონის (11 მატარებლის) შესყიდვა, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით, 49,2 მილიონ ევროს. მოწოდება დაგეგმილია 36 თვის განმავლობაში. პირველ წელს ვგეგმავთ 8 ვაგონის მოწოდებას”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
ამასთან, მერიის ინფორმაციითვე, EBRD-ის მხარდაჭერით დაგეგმილია არანაკლებ 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია.
მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის წინასწარი ბიუჯეტი 45 მილიონ ევროს შეადგენს. დაგეგმილია გურამიშვილის, სადგურის მოედნის, სარაჯიშვილის, მარჯანიშვილის, თავისუფლების მოედნის, 300 არაგველის, რუსთაველის, ისნის, წერეთლის და მეტრო ნაძალადევის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება ვარკეთილის მეტროსადგურს, სრულდება პროექტირების სამუშაოები.
გარდა ამისა, მერია აქტიურად მუშაობს ახმეტელისა და მარჯანიშვილის მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობაზე.