ბრიტანელმა ქალმა 105 წლის იუბილე იზეიმა და თავისი ხანგრძლივი ცხოვრების ორიგინალური საიდუმლო დაასახელა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
ქეთლინ ჰენინგსი 1919 წელს ლონდონში დაიბადა და იქ მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცხოვრობდა. ამ წლების განმავლობაში ის საკმაოდ წარმატებული ბუღალტერი იყო. ქალი იხსენებს, რომ ახალგაზრდობაში ხშირად დადიოდა ცეკვებზე და სამეფო ოპერის წარმოდგენებსაც ესწრებოდა. მოგვიანებით ის დედასთან და ძმასთან ერთად გლოსტერშირის საგრაფოში გადავიდა საცხოვრებლად.
ამჟამად ჰენინგსი მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს. დაბადების დღეც იქვე აღნიშნა და მოსალოცად მოსული მეგობრებიც მიიღო. კითხვაზე, თუ რა არის მისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო, ქალმა მოულოდნელი პასუხი გასცა. „დალიეთ Guinness და არასდროს გათხოვდეთ!“
მან განაცხადა, რომ ჯანმრთელობის საიდუმლოდ სწორედ ცნობილ ირლანდიურ ლუდს თვლის. Guinness ქეთლინმა პირველად 18 წლის ასაკში გასინჯა და მას შემდეგ რეგულარულად მიირთმევს.