LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 წლის მხატვარმა გიორგი კეკელიძის წიგნისთვის ილუსტრაციები შექმნა

175
booknews

ახლახან გამოიცა მწერალ გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი „სხვა ცის ამბავი“. ზღაპრების წიგნი, რომელიც თომასა და მისი მეგობრების განსხვავებულ თავგადასავლებს ასახავს.

წიგნთან დაკავშირებით ერთი საინტერესო დეტალი გახლავთ ის, რომ თანატოლებისთვის განკუთვნილი გამოცემის ილუსტრაციებზე პატარა მხატვარმა, 11 წლის ნიკოლოზ ლოლაძემ იმუშავა. როგორც გიორგი კეკელიძე წერს, ამ წიგნის დაწერა ნიკოლოზის ბებიამ, მაია რამიშვილმა შთააგონა: „და მთავარზე კიდევ უფრო მთავარი – რამდენიმე წლის წინ, ზუსტად ცხრა აპრილს, მაიას შვილი – ირაკლი ლოლაძე გარდაიცვალა. დღეს მე და მაია ერთად ვმუშაობთ ტელევიზიაში. ერთად ვაკეთებთ რუბრიკას და ვაკვირდები, მაიას ჩრდილი, ჩვეულებრივი ადამიანის ჩრდილზე დიდია – ეს ჩრდილი მის სხეულსაც აქვს,  მზერასაც და  სიტყვასაც. ამ ჩრდილს ირაკლი ჰქვია.  ასე, ერთი, იოლი შეხედვით არ იგრძნობა – მაია მუშაობს დაუღლელად, დიდი ცოდნით და ღიმილით. დრო რომ გავა,  თუ მოინდომე, ამ ჩრდილს მერე დაინახავ. უფრო დააკვირდები და იმასაც შეამჩნევ –  მაია კი აღარ არის, მხოლოდ ეს ჩრდილია.

სწორედ მას ეძღვნება წიგნი – მადლობა ამ დიდი გაძლებისთვის და მაგალითისთვის – ძალა მისცე სხვას, თვითონ ძალაგამქრალმა…“

11 წლის მხატვარი კი „პირველ არხთან“ საუბრისას ამბობს:

„ძალიან მიხარია, რომ წიგნი გამოვიდა, რადგან ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი წიგნში ჩემს დახატულ პერსონაჟებს. საინტერესო თავგადასავალია, რომელიც სიზმარშიც მესიზმრებოდა… წიგნში არის ოთხი გმირი, რომლებიც მიდიან მზესთან შესახვედრად. გავიგებთ, რომ თურმე ცაში ფეხითაც შეიძლება ასვლა; ასევე გავიგებთ, რატომ აღარ ანათებს ხოლმე მზე და იმასაც, რომ ყველა ოცნების ასრულება შეიძლება, როცა ბავშვებს არ შიათ… მჯერა, რომ ეს წიგნი ბავშვებისთვის საყვარელი წიგნი გახდება. დიდი მადლობა გიორგი კეკელიძეს, რომ გავხდი ამ თავგადასავლის პერსონაჟი და წიგნის ილუსტრატორი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები