საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავეს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის, რომლებმაც დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.
მოგვიანებით, გატაცებულმა არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, თუმცა ოჯახის წევრებმა გოგონა გამტაცებელთან დააბრუნეს და მასთან თანაცხოვრება აიძულეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამტაცებლის ბიძას და ბიძაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე: