LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„14 წლის ვერ იქნება 17-ჯერ საქართველოს ჩემპიონი“ – როგორ ეხმაურებიან პატარა აზერბაიჯანელი მოჭიდავის ამბავს სოცქსელში

137

ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პიარმენეჯერი მაცაცო კევლიშვილი „პალიტრა ტივის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება. სიუჟეტი ეძღვნება პატარა აზერბაიჯანელ ბიჭს, რომელიც, როგორც ჟურნალისტი ჰყვება, 17-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობაში, მის ოჯახს კი ისე უჭირს, რომ ბიჭუნა ვაგზალზე ლიმონს ყიდის, რომ ვარჯიშის საშუალება ჰქონდეს და მშობლებსაც დაეხმაროს.

სიუჟეტმა სოცქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ბევრი გამოთქვამს ბიჭის დახმარების სურვილს.

ამ თემას გამოეხმაურა ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პიარმენეჯერი, მაცაცო კევლიშვილი, რომელმაც ეს სიუჟეტი გააზიარა და იმ უზუსტობაზე მიანიშნა, რომელიც, მისი მოსაზრებით, ჟურნალისტს გაეპარა.

„ჩემო მეგობრებო, მახარებს, ამდენი გულშემატკივარი რომ აღმოაჩნდა ჭიდაობას და ასე განიცადეთ ამ მაგარი ბიჭის სავარაუდო ემიგრაცია სხვა ქვეყანაში.

აქვე გამაოგნებელია აღშფოთება: სხვა სფეროს წარმომადგენლებს არ უჭირთ? ნიჭიერი მომღერალი, მსახიობი არაა მშიერი? რატომ არ შეიძლება, მიზნის მისაღწევად იშრომო ისე, როგორც შეიძლება და შეგიძლია? ადამიანი რომ ბრძოლისუნარიანია, ამაში რა არის ცუდი?

ჟურნალისტის შეცდომაზე ყურადღების გამახვილება საჭირო არაა. ის ალბათ თქვენსავით შეწუხდა, როგორ ვასამარებთ ნიჭიერებას და გაეპარა, რომ 14 წლის ვერ იქნება 17-ჯერ საქართველოს ჩემპიონი. ყველას შეგვშლია.

რადგან ჭიდაობას ასწავლიან უფასოდ, ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ბავშვი მიჰყავთ მშობლებს ჭიდაობის შესასწავლად და მერე ძალიან მაგარი, კარგი ბიჭი ხდება საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიადის ჩემპიონი!

როდესაც ოლიმპიადის დასრულებისთანავე გავიწყდებათ სპორტის წარმომადგენლები და ლაშა ტალახაძეს სახეზე ვერ ცნობთ გამოკითხულთა უმეტესობა, მხოლოდ სახელმწიფოს დანაშაული არ იქნება, თუ იმ ქვეყანაში წავლენ ცნობილი სახეები, სადაც დააფასებენ თუ ემოციურად არა, ფინანსურად მაინც.

ლაშაც, ლადოც, გენოც, ზვიადიც, ლიპოც, ჭრიკიც და აიდენიც!

არ გინდათ ახლა ეს აბობოქრება! არ მჯერა მე ამ აბობოქრების!

ჰო, თუ უნდა განმსაჯოთ, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პიარი ვარ და არა მოქმედი“. – აღნიშნავს მაცაცო საკუთარ სტატუსში.

mazda magti 5g