LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 000 ხელმომწერი პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვს – რა წერია პეტიციაში

152
პიროტექნიკა

პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორი, რომელსაც ხელს ამ დროისთვის 15 000-ზე მეტი ადამიანი აწერს, ორგანიზაცია Animal Project-ია.

პეტიციის ავტორები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს მიმართავენ და პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვენ.

ავტორები აღნიშნავენ, რომ პიროტექნიკის გამოყენება სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რასაც მათი ცნობით, გასული წლების სტატისტიკაც ადასტურებს.

კერძოდ, მათ განცხადებით, 2023 წელს მხოლოდ იანვრის თვეში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 87 პირი დაშავდა, მათ შორის 19 არასრულწლოვანი, აგრეთვე დაფიქსირდა კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებიც:

„გარდა აღნიშნულისა, პიროტექნიკის და ერთჯერადი ასაფეთქებლების გამოყენება ზიანს აყენებს და ხშირად სიკვდილამდეც კი მიჰყავს ცხოველები და ფრინველები. საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ზიანდებიან მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც თავშესაფრის გარეშე არიან ღია ცის ქვეშ. ამ დროს, იმატებს შინაური ცხოველების დაკარგვის ფაქტებიც.

საქართველოში პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და მოხმარება ფაქტობრივად არ კონტროლდება. საგანგაშოა, რომ ქვეყანაში არც ერთი უწყება არ არის პასუხისმგებელი შემოტანილი პიროტექნიკის ხარისხზე. უხარისხო, ან დაბალი ხარისხის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების დროს მოქალაქეების მიერ არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები“, – აცხადებენ პეტიციის ავტორები.

ამასთან, როგორც პეტიციაშია ნათქვამი, ახლოვდება ახალი წლის დღესასწაული და ტრადიციულად გამოჩნდა დახლებზე არაერთი პიროტექნიკული მოწყობილობა. მიუხედავად დაპირებისა, ხელისუფლებას კვლავ არ განუხორციელებია ქმედითი ნაბიჯი პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ავტორები აღნიშნავენ, რომ 2023 წლის 28 მარტს პარლამენტში ინიციირებულ იქნა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც პიროტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფლობა და გამოყენება მკაცრი რეგულაციების ქვეშ ექცეოდა. თუმცა, მათი თქმით, პროექტი განხილული ჯერაც არ არის:

ოპოზიციონერი დეპუტატები „პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტს აინიციირებენ

„ვინაიდან, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება პიროტექნიკის მოხმარება და იმატებს შესაძლო ნეგატიური შედეგის რისკები, საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს პარლამენტისგან მოვითხოვთ:

ვთხოვთ და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ის უდიდესი ზიანი, რომელსაც ადამიანებს, ცხოველებსა და გარემოს აყენებს პიროტექნიკის უკონტროლო გამოყენება და უმოკლეს ვადებში დაიწყოს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/305/10) კანონპროექტების განხილვა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც გარდაუვალია საახალწლო პერიოდში“. – აცხადებენ პეტიციის ავტორები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g