მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს, რომელიც 15 წლის მოზარდის ცემაშია ბრალდებული, სასამართლომ, პირობითი სასჯელის სახით, 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა მიიღო.
„რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხატია ვიბლიანს შეეზღუდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება და დაეკისრა სავალდებულო კურსის გავლა ქცევის კორექციის მიმართულებით პრობაციის ეროვნულ ბიუროში.
როგორც მოსამართლემ განმარტა, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა საქმეში არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები, მათ შორის, ბრალდებულის სინანული, დანაშაულის აღიარება და მისი არასრულწლოვანი შვილი.
შეგახსენებთ, პროკურატურამ ხატია ვიბლიანს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წარუდგინა.
გამოძიების ცნობით, 2025 წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ხატია ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მასზე ფიზიკური ძალადობა მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა.
