LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება

13
vaxtang-kakhidze-art-fm

გადაცემის ლაივი LIVE

23 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ბატონი ვახტანგ კახიძე სტუმრობდა, რომელმაც 17 აგვისტოს Black Sea Arena-ზე დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

– ბატონო ვახტანგ, როგორ გაჩნდა Black Sea Arena-ზე კონცერტის გამართვის იდეა?

– ინტერესი პროგრამის მიმართ, რომელსაც კონცერტზე წარმოვადგენ გასულ წელს გაჩნდა, როცა შეკვეთილს ელტონ ჯონის კონცერტის წყალობით ვესტუმრე და სწორედ მაშინ მივიღე შეთავაზება. სიმართლე ვთქვა, პირველად ვიყავი  Black Sea Arena-ზე, სიამოვნებით დავათვალიერე დარბაზი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრწყინვალე საკონცერტო არენაზე არაჩვეულებრივი ჯგუფი მუშაობს. მართალია, ძალიან გვინდოდა კონცერტის შარშან გამართვა, მაგრამ მაინც გადადება გადავწყვიტეთ, რადგან მზად არ ვიყავით სივრცის სრულფასოვნად ასათვისებლად. რა თქმა უნდა, გრანდიოზული შოუს მოწყობას არ ვგეგმავ, თუმცა, გარკვეული ვიზუალური ფონი ჩემს მუსიკასაც სჭირდება, რასაც სერიოზული მომზადება სჭირდება. ამასთანავე, წელს იუბილეს ავღნიშნავ და კონცერტიც სწორედ ამ თარიღს მოვარგე.

– როგორ ემზადებით საღამოსთვის?

– ტატო ხარჩილავასთან ინტენსიური თანამშრომლობით უამრავი საინტერესო დეტალი მოვიფიქრეთ. მაგალითად, ყოველი სიმღერა თავისი ინსტალაციით გაფორმდება და რადგან 30-ზე მეტ კომპოზიცია შესრულდება, სამუშაოც ძალიან ბევრი გვაქვს. სიმრთლე ვთქვა, ცოტას ვღელავ, რადგან უზარმაზარი პუბლიკის წინაშე მომიწევს წარსდგომა. რა თქმა უნდა, დაკვრა ან დირიჟორობა არასდროს მაშინებს, მაგრამ სიმღერა უფრო სამოყვარულო სფეროა ჩემთვის, ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვემზადები საღამოსთვის.

– ვინ მიიღებს მონაწილეობას კონცერტში?

– მასშტაბური წარმოდგენა ორ ნაწილად გავყავი. პირველ განყოფილებაში ჯანსუღ კახიძის სიმღერები გაჟღერდება, მეორეში კი, ჩემს მუსიკას შევასრულებ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი კომპოზიციების ჩათვლით. წლების მანძილზე მართლაც მოცულობითი მასალა დაგროვდა, ამიტომ ძალიან გამიჭირდა გადარჩევა და შესაფერისი პროგრამის შედგენა, თუმცა რადგან საღამო Black Sea Arena-ზე ეწყობა, ლირიულ მუსიკას ისევ ენერგიული, რიტმული კომპოზიციები ვამჯობინე და საზაფხულო განწყობის შექმნა გადავწყვიტე. კონცერტს მე გავუძღვები და მელომანებს ცნობილი სიმღერების უცნობ ისტორიებს მოუვუთხრობ, რაც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება მათთვის. პირველ განყოფილებაში პარტნიორობას ანსამბლი „რუსთავი“ გამიწევს, მეორეში კი, უნიჭიერესი ახალგაზრდები, რომელთაც ძალიან წარმატებული ინდივიდუალური კარიერა აქვთ, თუმცა რამდენიმე წლის წინ მაინც შევძელით გაერთიანება და ერთგვარი სექსტეტის შექმნა, ასე რომ, კონცერტში ჩემთან ერთად ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხიც მიიღებენ მონაწილეობას.

– ცნობილი სიმღერა „ანო და ვანო“ ყოველთვის განსხვავებული ინტერპრეტაციით სრულდება. საინტერესოა, ამჯერად რა ვერსიით შესთავაზებთ მელომანებს?

– სიმღერა ახალი და სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით შესრულდება. რამდენიმე წლის წინ საკუთარ კომპოზიციებთან ერთად მამას ძველი სიმღერებიც თავიდან ჩავწერე, სიმფონიურ ორკესტრს მოვარგე და საიუბილეო საღამოსთვის მოვამზადე, თუმცა კონცერტი ვერ შედგა, ამიტომ პროგრამას, რომელმაც კიდევ რამდენიმე სიმღერა, მათ შორის, „მეფე და ჩიტი“, „მამულო“ და „ანო და ვანო“ გააერთიანა სწორედ Black Sea Arena-ზე წარმოვადგენ.

– საინტერესოა როგორ დაიწერა „ანო და ვანო“?

– ბავშვების ბანკის შექმნის მართლაც ფანტასტიკური იდეა, რომელშიც მხოლოდ ბავშვები იმუშავებდნენ 1992 წელს გაჩნდა. გარდა ამისა, იგეგმებოდა ჟურნალის გამოცემა და სპეციალური ჰიმნის შექმნა, რომლის დაწერა სხვა კომპოზიტორებთან ერთად მეც შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივიღე შეთავაზება, თუმცა ერთკვირიანი ვადა ვითხოვე, რადგან პირველად ვმუშაობდი დაკვეთით და წარმოდგენა არ მქონდა, რა გამოვიდოდა.  საბედნიეროდ, პირველივე მცდელობამ გაამართლა, ტექსტი მამამ დაწერა, მე კი, ერთსტროფიან ლექსს მუსიკა მოვარგე, მისამღერი დავუმატე და ძალიან გამიხარდა, როცა ჩემი ნამუშევარი პუბლიკამაც მოიწონა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები