ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი უკვე ცნობილია. პროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემული ყველა პირი, ვინც თავად არ აცხადებს უარს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ამნისტია ვრცელდება მათ შორის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირებსა და ამ საქმეებზე დანაშაულის მომზადება-მცდელობაში მხილებულ პირებზე.
კანონპროექტის მიხედვით ირკვევა, რომ ამავე საქმეებზე ამნისტიის გამოცხადების გარდა, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაც იგეგმება.
“ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან ერთად, ფრაქცია “ქართული ოცნება“ პარლამენტს “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ პროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვით, ჯარიმისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელსაც სახდელის აღნიშნული სახე 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაეკისრა.
ხოლო, ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის უკვე აღსრულებულია, პირს უკან არ დაუბრუნდება.
ცნობისათვის: პროექტის მიხედვით, ამნისტია არ ეხებათ იმ პირებს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, წამების, დამამცირებელი და არაადამიანურ მოპყრობის მუხლებით.