LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„20 ათასამდე ბავშვს ვაფინანსებთ და ბიუჯეტმა უკვე გადააჭარბა 11 მილიონ ლარს წლის განმავლობაში” – თბილისის მერიის რა პროგრამებით შეგიძლიათ სარგებლობა 

1082
BeFunky-collage (39)

თბილისის მერია ბავშვთა მიმართულებით სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს და ჯამში, ათეულ ათასობით ბავშვის სოციალური მომსახურება ხორციელდება და რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება, – ამის შესახებ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება, სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარება, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სპორტულ, სახელოვნებო სკოლებსა და საცურაო აუზებზე სწავლების დაფინანსება – ეს იმ პროგრამების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც თბილისის მერია ბავშვთა დახმარების მიმართულებით ახორციელებს.

„უნდა დავიწყო პირველ რიგში, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით, რომელიც დავიწყეთ 2015 წლიდან. ყოველწლიურად იზრდება იმ ბავშვების რაოდენობა, რომელსაც ვაფინანსებთ.

პროგრამაში მონაწილეობს 1550 ბავშვი და წელს, ბიუჯეტი 6 მილიონ ლარამდე გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ თუ დასაწყისში იყო 250 ბავშვი, დღეს თითქმის, 12-ჯერ არის გაზრდილი ბიუჯეტი და შესაბამისად, ბავშვთა რაოდენობაც.

მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა შშმ ბავშვები.

ჩვენ გვაქვს შშმ ბავშვთა საკურორტო მომსახურების პროგრამა. თითოეულ ბავშვზე გამოყოფილია 800 ლარის ოდენობის ვაუჩერი. წელს, 2300 ბავშვზე მოხდა აღნიშნული ვაუჩერის გაცემა და შეუძლიათ, ნებისმიერ სასტუმროში, ნებისმიერ ადგილას დაისვენონ მინიმუმ 6 დღის განმავლობაში.

მინიმუმს იმიტომ ვიძახი, რომ მაქსიმუმი შეზღუდული არ არის. ასევე, არ არის შეზღუდული წევრთა რაოდენობაც. თუ სასტუმრო იძლევა იმის საშუალებას რომ ამ თანხაში დაისვენოს მთელმა ოჯახმა, არც ამის შეზღუდვას არ აწესებს თბილისის მერია”, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

როგორც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, თბილისის მერია ახორციელებს შშმ ბავშვთა ერთჯერადი დახმარების პროგრამას, რომელსაც სოციალურად დაუცველი ბავშვები და შშმ სტატუსის მქონე ბავშვები იღებენ.

„ეს არის წლიურად 800 ლარი, რომელიც ეძლევათ 400-400 ლარი – ახალ წელს და აღდგომას. ამ დახმარებას დაახლოებით, 1300-მდე ბავშვი იღებს. აგრეთვე, მერია ახორციელებს ახალდაბადებულ ბავშვებზე ერთჯერადი დახმარების გაცემას, პირველ ბავშვზე 500 ლარი, მეორე ბავშვზე ასევე, 500 ლარი, მესამეზე 1 000, მეოთხეზე 1 500 და ა.შ. ოღონდ ეს ეხება სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 150 000 ქულის ქვევით. ჩვენ სოციალურად დაუცველთა სიას ავტომატურად ვიღებთ, მომართვიანობა განცხადებით ხორციელდება, რადგან იუსტიციიდან მოწოდებული ბაზის შესაბამისად ჩანს ის, თუ მერამდენე ბავშვია“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პროგრამაა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და ამ მიმართულებით თითქმის ყოველწლიურად იზრდება რაოდენობა.

„დღეისათვის 20 ათასამდე ბავშვს ვაფინანსებთ და მათ ეძლევათ ყოველთვიური დახმარება თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის ბიუჯეტმა უკვე გადააჭარბა 11 მილიონ ლარს წლის განმავლობაში.

სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვები თბილისის მერია აფინანსებს სხვადასხვა სოციალურ წრეებზე, სპორტულ სახეობებზე როგორიცაა – საცურაო აუზები, ხელოვნების სკოლები, ასევე, სხვადასხვა წრეები, ეს იქნება ფეხბურთის, ჭიდაობის და ა.შ. წლის განმავლობაში ამ წრეებზე დაახლოებით, 10 ათას ბავშვს ვაფინანსებთ და ამ პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონ ლარზე მეტია. აქ სახეობას თითოეული ოჯახი ირჩევს, თუ ავიღებთ მაგალითად, საცურაო აუზებს, აქ არის რეგისტრირებული როგორც მერიის, ასევე კერძო საცურაო აუზები, ისინი შეთანხმებული ტარიფით ემსახურებიან წლის განმავლობაში 1 500-დან 2 000-მდე ბავშვს.

მთავარია, რომ ეს არის ვაუჩერული დაფინანსება. ამ შემთხვევაში გამოყოფილი ლიმიტი, რაც არის, ნიშნავს თვიურ სრულ დაფინანსებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ოჯახებს არ აქვს წართმეული უფლება, თუკი თანადაფინანსება უნდა, შეუძლია იგივე საცურაო აუზზე მეტი თანხა გადაიხადოს და მეტი დღეებით დაიტვირთოს“, განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“  და დასძინა, რომ თბილისის მერიისთვის “ბავშვი რჩება პრიორიტეტად და მომავალშიც ნებისმიერი სახის პროგრამა ორიენტირებული იქნება ბავშვებზე”.

 

magti 5g