LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20%–იანი ფასდაკლება ჯარიმებზე და ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ვიდეოჯარიმებს ვეღარ “ჩამოიწერთ”

108

ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება.

კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

 

 

ინიციატივის პირველი ნაწილი დადებითად ფასდება

საკანონმდებლო პაკეტის ეს ნაწილი ვიდეოჯარიმების გადახდის წახალისებასთან დაკავშირებით, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ შეაფასა.

მისი თქმით, ეს ცალსახად დადებითი ინიციატივაა.

„ყველაფერი რჩება ისევ ისე, როგორც იყო, უბრალოდ არსებულს ემატება ათ დღიანი საშეღავათო პერიოდი. მოქალაქეს ისევ უტოვებენ უფლებას, რომ ჯარიმა გაასაჩივროს მეთორმეტე ოთახში, სასამართლოში და ა.შ.

მე თვითონ, ხანდახან „შემომერღვევა“ ხოლმე წესები. თუ ვგრძნობ რომ ნამდვილად დავარღვიე აღარ ვუცდი სანამ მომიტანენ და ჩამაბარებენ ჯარიმას. ასე, რომ თუ ვიცი რომ

20%-იანი ფასდაკლება მაქვს, აუცილებლად უფრო მალე გადავიხდი. ეს დამატებითი

წახალისებაა, იმისთვის რომ ვიდეოჯარიმები საურავებამდე და დავამდე არ მივიდეს. ასეთი გამოცდილება ბევრ ქვეყანაშია“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ “ფორტუნასთან”.

„ფორტუნა“ დაახლოებით, 20 მძღოლს ესაუბრა.

მათი ის ნაწილი, რომელიც ჯარიმებს იხდის, ინიციატივას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ 10 დღის ვადაში უფრო მობილიზებულები იქნებიან და ნაკლების გადახდა მათთვის წახალისებაა.

„ძალიან კარგი ინიციატივაა, როგორც იქნა რაღაც ჩვენს სასარგებლოდ კეთდება. მე სულ ერთი ვიდეო ჯარიმა მაქვს და მუდმივად ვცდილობ არ დავარღვიო, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდება, აუცილებლად ვეცდები მალე და ნაკლები გადავიხადო“, – განაცხადა ჩვენთან ერთ-ერთმა მძღოლმა.

ხოლო ისინი, ვინც ჯარიმებს ქვითრის ჩაბარებამდე არ იხდიან, ამბობენ, რომ მხოლოდ ეს ინიციატივა არაფერს შეცვლის, რადგან ისინი ჯარიმების ჩამოწერას განაგრძობენ.

„ვინც ჯარიმას არ იხდის, არც ამ „წახალისების“ შემთხვევაში გადაიხდის, რადგან იციან რომ არ იძებნებიან და ქვითარი ვერ ჩაბარდებათ, ვინც იხდის მათთვის შეღავათია, ნაკლებს გადაიხდიან, მაგრამ რამდენად მომგებიანია ეს ბიუჯეტისთვის? ამაში ეჭვი მეპარება“, – ამის შესახებ ფორტუნასთან BMW Club Georgia–ს დამფუძნებელმა გიგი ტუღუშმა.

თუმცა….

 

მძღოლები ვიდეოჯარიმებს ვეღარ ჩამოწერენ?

კანონმორჩილი მოქალაქეების წახალისების გარდა, ცვლილებები მათაც შეეხებათ, ვინც ვიდეო ჯარიმებს თავს ე.წ. „ჩამოწერის“ მეშვეობით იცილებს. რადგან, პროექტი ითვალისწინებს ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალ წესს.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, სამართალდამრღვევს აღარ რჩება შესაძლებლობა, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას.

კერძოდ, 6 თვიდან 1 წლამდე იზრდება ჯარიმის აღსრულების ვადა. ფოსტა, ორჯერ ჩაბარების ნაცვლად, ვალდებულია, საჯარიმო ქვითარი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს. თუ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ფოსტა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას ვერ უზრუნველყოფს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ჯარიმას თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ იგი ჩაბარებულად ჩაითვლება. აღსანიშნავია, აღნიშნული სისტემა გავრცელდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოწერილ ჯარიმებზე საგზაო მოძრაობის სფეროში.

შალვა ოგბაიძის განცხადებით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხდება კანონპროექტის ამ ნაწილის განხორციელება.

შსს–ც ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

„თუ პირი ფიზიკურად აქ არ არის და დროებითაა ჩამოსული, ან არ იძებნება, რა მეთოდია ამ ცვლილების აღსრულებისთვის ბუნდოვანია. ამაზე შეფასებას მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებ, რაც დეტალებს დავაზუსტებ“, – აღნიშნა მან „ფორტუნასთან“.

 

კანონპროექტის მიზანი

ამ მიდგომით გაიზარდება ბიუჯეტში დროულად გადახდილი ჯარიმების ოდენობა და დაიზოგება სახელმწიფო რესურსები – ასეთია შსს–ს განმარტება კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ფორტუნამ“ აზრი ეკონომისტებსაც ჰკითხა. რამდენად იმოქმედებს ინიციატივა და იქნება თუ არა ექსპერტების აზრით ეს კანონპროექტი ეფექტიანი?

ექსპერტის მათე გალდავას აზრით, ეს ძალიან სამართლიანი კანონპროექტია, რომელიც სავარაუდოდ, კარგად ამოქმედდება.

„ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ბიუჯეტში ფულის უფრო სწრაფად შედინებას. ბუნებრივია, ეს ერთგვარი სტიმულიცაა დაჯარიმებული ადამიანებისთვის. მოქმედ კანონზე უკეთესია ეს ინიციატივა. ამასთან ყველა მოქალაქეს თანაბარუფლებიან პირობებში აყენებს. თუ ვინმეს აქვს შესაძლებლობა რომ ჯარიმა თავიდან აიცილოს, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ჯარიმას. ის უნდა იყოს დაწესებული ან არ უნდა იყოს. ასე რომ ინიციატივის ეს ნაწილიც მისასალმებელია. სანამ საშუალება იქნება, რომ ვინმემ ჯარიმა არ გადაიხადოს, არავინ გადაიხდის, რადგან გადასაყრელი ფული არავის აქვს“, – აღნიშნა მათე გალდავამ.

***

პროექტის თანახმად, ვიდეო/ფოტო ჯარიმები აღარ დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ლიზინგით გამცემ კომპანიებს; გამარტივდება რეგისტრაციის წესები და მომსახურება ავტოსალიზინგო სფეროში ოპერირებადი ბიზნეს-სექტორისთვის.

ასევე, დაწესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული თრობის პირობებში მოპედის მართვისათვის.

როგორც შსს-ში „ფორტუნას“ განუცხადეს, საკანონმდებლო ცვლილება მთავრობამ უკვე მოიწონა. უახლოეს მომავალში მას პარლამენტში განიხილავენ.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები