საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მოცვის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც, 2020-2024 წლების კონკურენტული გარემო შეფასდა. მონიტორინგის დაწყების საფუძველს ადგილობრივი ფერმერების მომართვა წარმოადგენდა.
განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ:
- 2020-2024 წლებში (2024 წლის 10 თვე) ქვეყნიდან ექსპორტირებული მოცვის როგორც რაოდენობრივი, ასევე ღირებულებითი მაჩვენებელი მზარდია. 2024 წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 660%-ით მეტი მოცვი (4969 ტონა), ვიდრე 2020 წელს (654 ტონა). ღირებულებით ნაწილში კი ზრდამ შეადგინა 595% – 2020 წელს ექსპორტირებულია 11.4 მლნ ლარის მოცვი, ხოლო 2024 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 78 მლნ ლარს გადააჭარბა. ამასთან, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ყოველ მომდევნო წელს.
- 2020-2022 წლებში შესაბამისი ბაზრის ექსპორტის დონე დაბალკონცენტრირებულია, ხოლო 2023-2024 წლებში ინდექსი მხოლოდ მცირედით აღემატება დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაქსიმალურ ზღვარს. აღნიშნული მიუთითებს, რომ ბაზრის ექსპორტის დონე არ არის კონცენტრირებული კომპანიების მცირე რაოდენობის დონეზე, რაც დადებით ფაქტორს წარმოადგენს ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების კუთხით;
- ბაზრის ექსპორტის დონეზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა მზარდია. 2024 წლის მდგომარეობით ექსპორტს 51 კომპანია ახორციელებდა. პრაქტიკულად, ყოველწლიურად, ცვალებადია ბაზარზე მოქმედი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური აგენტი, ასევე, ცვალებადია ბაზარზე მოქმედი 5 ყველაზე მსხვილი ეკონომიკურის აგენტის შემადგენლობაც, 2020-2024 წლის პერიოდში 5 მსხვილი კომპანიის წილი 54%-63%-ის არეალში იყო წარმოდგენილი;
- ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის დადასტურებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით;
- მოცვის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში ხორციელდება. 2024 წელს აღნიშნული ქვეყნის წილი 86%-ის ფარგლებშია, თუმცა, ბოლო წლებში ამ მიმართულებით შესამჩნევია დადებითი ტენდენცია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების თვალსაზრისით – მზარდია ევროპაში ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შეფასების საფუძველზე, მოცვის შესაბამისი ბაზრის ექსპორტის დონეზე არ გამოიკვეთა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები. შესაბამისად, არ არსებობს განგრძობითი დაკვირვების წარმოების მიზნით მონიტორინგის გაგრძელების საფუძველი. კერძოდ, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსისა და მისი ცვლილების, მსხვილი კომპანიების წილობრივი გადანაწილებისა და ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით მონიტორინგის პროცესში გამოკვლეული სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სააგენტო 2020-2024 წლებში (ოქტომბრის ჩათვლით), შესაბამის ბაზარზე კონკურენტულ გარემოს დადებითად აფასებს.