2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯი 355 მლნ-ით ლარით გაიზარდა.
ჯანდაცვის სექტორში დაფინანსება ჯამში 376 მლნ ლარით იზრდება. აქედან 355 მლნ ლარით იზრდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო 20 მლნ ლარი ემატება სოციალურ მიმართულებას, რომელიც 60 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაციის წახალისებას მოხმარდება.
“ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ წლის მეორე ნახევარში საჭირო იქნებოდა დაახლოებით 4500-მდე საწოლის მობილიზება თუმცა, ვირუსის გავრცელებას ჰქონდა უფრო ფართო მასშტაბი და საბოლოო ჯამში 9000-ს გადააჭარბა მობილიზებული საწოლების რაოდენობამ. შესაბამისად, აუცილებელი გახდა დამატებითი ხარჯების გაწერა ინფიცირებული მოსახლეობის მკურნალობისთვის. ყოველივე ამან გამოიწვია აუცილებლობა, რომ ჯანდაცვის სექტორში დამატებითი ხარჯები მიგვემართა. სწორედ ეს იყო ის მთავარი მიზანი და მიზეზი, რის გამოც საჭირო გახდა 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.