2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე რეკორდულად მაღალი – მშპ-ს 9.1% დაიხარჯება – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას.
მისი თქმით, საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ბოლო წლების განმავლობაში, მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტზე მაღალი იყო.
ჯამში, 2022 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 5 მილიარდ 884 მილიონი ლარი, მათ შორის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 187 მილიონი ლარი, საიდანაც 506 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ; 300 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან; 130 მილიონი ლარია გათვალისწინებული ევროკავშირთან საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში საპილოტე რეგიონებში დაგეგმილი პროექტების დასაფინანსებლად; 240 მლნ ლარის პროექტები ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოყოფილი კრედიტების ფარგლებში; ერთ მილიარდ ლარამდე ღირებულების პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტების შემოსავლების ფარგლებში; საგზაო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია მილიარდ 853 მილიონი ლარი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე მიიმართება მილიარდ 187 მილიონი ლარი;
წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილია 415 მილიონი ლარი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 305 მილიონი ლარი; მთის კურორტების განვითარებისთვის გამოყოფილია 270 მლნ ლარი; ენერგოინფრასტრუქტურაზე, ჯამში, მიიმართება 150 მილიონი ლარი, მათ შორის, 70 მილიონი ლარი გათვალისწინებულია გაზიფიცირების სამუშაოებისათვის.