საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წელს მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 4.2%-ით მეტი) 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 26.4%-ით მეტი).
ნებართვების 73.7% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.7% ქ. თბილისზე, 8.9% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4% – ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.7% – იმერეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
2023 წელს ექსპლუატაციაში მიიღეს 3 293 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 23.7%-ით მეტი) 3 182 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 19.9%-ით მეტი).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 33.1% თბილისზე, 13.1% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12% – კახეთის რეგიონზე და 8.5% – იმერეთის რეგიონზე.