საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1%-ით (ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.3%), ზეთი და ცხიმი (2.8%), რძე, ყველი და კვერცხი (2.0%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1%), პური და პურპროდუქტები (0.2%). ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.5%);
- ჯანმრთელობის დაცვა – ჯგუფში ფასები მომატებულია 1.1%-ით (ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (1.5%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (1.4%);
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – ჯგუფში ფასები გაიზარდა 1%-ით;
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ჯგუფში ფასები შემცირდა 2.6%-ით.