მეგობრული მოსამსახურე რობოტის იდეა, რომელიც საშინაო რუტინული საქმეების შესრულებას შეძლებდა, რამდენიმე ათწლეულია არსებობს, თუმცა ეს კონცეფცია ხელოვნური ინტელექტის განვითარების შედეგად ხორცს ახლა ისხამს და მიმდინარე წელს პირველი მრავალფუნქციური საყოფაცხოვრებო რობოტების საცხოვრებელ გარემოში დანერგვა დაიწყება.
„სილიკონ ველიში“ ისინი ინტენსიურად იწვრთნებიან ისეთი ამოცანების შესასრულებლად, როგორიცაა სარეცხის დაკეცვა, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩალაგება, ყველა ნივთის მისთვის განკუთვნილ ადგილას დაბრუნება და სხვა.

შინამოსამსახურე რობოტები ჰუმანოიდი ან ნაწილობრივ ჰუმანოდი (ფეხების გარეშე) რობოტები არიან. ამ დროისთვის თითოეული მათგანი უკვე საკმაოდ მოქნილი, მგრძნობიარე და მანევრულია, რათა შეასრულოს არაერთი მნიშვნელოვანი, თუმცა დამღლელი საყოფაცხოვრებო საქმე.

მაგალითად, სტარტაპის „Tangible AI“ მიერ შექნილ რობოტს Eggie შეუძლია ქურთუკის საკიდზე ჩამოკიდება, საწოლის თეთრეულის მოხსნა და სამზარეულოს ზედაპირზე დაღვრილი სითხის მოწმენდა. აღნიშნულ მოქმედებებს ის ჯერ ძალიან ნელა ასრულებს, ბორბლებზე გადაადგილებით და წყვეტილი მოძრაობით.
ნელა, მაგრამ რბილი „ფეხსაცმლის“ წყალობით უფრო ეფექტურად გადაადგილდება კომპანიის „1X“ მიერ შექმნილი რობოტი NEO, რომელიც მტვერსასრუტით წმენდს და აწესრიგებს სივრცეს, რწყავს მცენარეებს, მოაქვს სასმელი, ალაგებს ჭურჭელს, თუმცა ამ პროცესში გარკვეულ დახმარებას საჭიროებს კარადების სახელურებზე ხელის მოჭერის სირთულის გამო.
ამ დროისთვის Eggie და NEO ადამიანების მიერ რეალურ დროში იმართებიან. მიუხედავად ამისა, Tangible AI-ის დამფუძნებელი ბიპაშა სენი ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი თქმით, „დღეს ადამიანებს ორი ძირითადი მისწრაფება აქვთ – ავტომობილი და სახლი. მომავალში კი სამი ექნებათ: ავტომობილი, სახლი და რობოტი“.
როგორც ირკვევა, შინამოსამსახურე რობოტები ძვირი სიამოვნება იქნება. მაგალითად, NEO-ს შემქმნელები მის გაყიდვას 20 000 აშშ დოლარად ან გაქირავებას თვეში 500 დოლარად აპირებენ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია, სან-ფრანცისკოში კომპანიის „Weave Robotics“ მიერ სამრეცხაოებში უკვე დანერგილი შვიდი სტაციონარული რობოტი, რომლებსაც ამ დროისთვის მხოლოდ სარეცხის დაკეცვა შეუძლიათ. მართალია, Isaac-ი, მაგალითად, მაისურის დაკეცვას, დაახლოებით, 90 წამს ანდომებს, თუმცა მისი შემქმნელის თქმით, სიჩქარე მუდმივად იზრდება.
„Weave Robotics“-ი მიმდინარე წელს Isaac-ის ზოგადი დანიშნულების ვერსიის გამოშვებას გეგმავს სახლებისთვის, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად ფართო იქნება მისი ავტონომიური ფუნქციები.

რობოტიკის საერთაშორისო ფედერაციის შეფასებით, შესაძლოა, 20 წელი დასჭირდეს იმას, რომ საყოფაცხოვრებო რობოტები რეალურად სასარგებლონი და ფართოდ მიღებულნი გახდნენ, თუმცა ამ ტექნოლოგიის ავანგარდში მყოფი ინჟინრები დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი ქმნიან მომავალს, რომლის ხილვაც, საბოლოოდ, ყველას მოუნდება საკუთარ სახლში. ამ დოისთვის ჯერჯერობით ცხადი მხოლოდ ის არის, რომ ჰუმანოდი რობოტების განვითარებაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა უზარმაზარია და მიუხედავად იმისა, რომ „სილიკონ ველი“ ერთ-ერთ მთავარ ეპიცენტრად რჩება, ის ჩინელი მეტოქეების მხრიდან სულ უფრო ძლიერ კონკურენციას აწყდება – ჰუმანოიდი რობოტების ინდუსტრია ჩინეთში წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება.
